აშშ-ში ორ ჩინელ ჰაკერს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვისთვის ბრალი წაუყენეს
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ორ ჩინელ ჰაკერს ბრალს კომერციული საიდუმლოს და სხვა ღირებული ინფორმაციის, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის მკურნალობასთან და ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევების მიტაცებაში სდებს. პროკურორების თქმით, კიბერშეტევები ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს დაკვეთით ხორციელდებოდა, თუმცა ზოგი მათგანი პირადი ინტერესის გამო სრულდებოდა. ამჟამად ჰაკერებს გამოძიების ფედერალური ბიურო ეძებს.
ლი სიაოიუიმ (ასევე ცნობილი, როგორც "Oro01xy") და დონგ ჯიაჟიმ, ბრალდების თანახმად, აქტიური საქმიანობა 2009 წლიდან დაიწყეს. იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჰაკერების აქტივობა პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ჰენფორდის კომპლექსის ოფისის კომპიუტერებზე დაფიქსირდა, სადაც ექსპლუატაციიდან მოხსნილი ბირთვული საწარმო ობიექტების ინფორმაცია ინახებოდა.
გარდა ამისა, ჰაკერებს ბრალად ედებათ პროგრამული უზრუნველყოფის, თავდაცვის, თამაშებისა და ბიოტექნოლოგიური კომპანიების სისტემებში შეღწევა და დაცული ინტელექტუალური საკუთრების მითვისების მცდელობა. ამასთან, მინიმუმ ერთ შემთხვევაში ბოროტმოქმედები კომპანიისგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ და სანაცვლოდ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის ინტერნეტში გასაჯაროებითაც კი დაემუქრნენ.
ბრალდების ტექსტში მოყვანილია 25 კომპანიის ჩვენებები აშშ-იდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ კორეიდან. ჰაკერების საქმიანობა ძირითადად 2015-2019 წლებს უკავშირდება.
გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჰაკერებმა "შეისწავლეს უსაფრთხოების ხარვეზები" ისეთ კომპანიებში, რომლებიც COVID-19-ის მკურნალობის მეთოდებზე, ვაქცინაზე და ტესტებზე მუშაობენ. გამოძიების ფედერალური ბიურო ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა ჩინეთის სახელისუფლებო ჰაკერების მცდელობაზე "მიაგნონ და მოიპარონ COVID-19-თან დაკავშირებული კვლევები". შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში კიბერუსაფრთხოების ბრიტანელმა ექსპერტებმა მსგავსი ტიპის მონაცემების მოპარვის მცდელობაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულეს.
ბრალდების ტექსტში აღნიშნულია, რომ ჩინელი ჰაკერები იპარავდნენ ინფორმაციას, რომელიც ჩინეთის მთავრობისთვის "ცალსახად საინტერესო" იყო — იგულისხმება ინფორმაცია თანამგზავრული და საკომუნიკაციო სამხედრო პროგრამების შესახებ. ბრალდებისვე თანახმად, ჩინეთის მთავრობას ჰაკერებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია დისიდენტების, მათ შორის ჰონგ-კონგის საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორის, ტიანანმენის მოდეანზე მყოფი ერთ-ერთი დემონსტრანტის და სიანის ქრისტიანული ეკლესიის პასტორის შესახებ.
ჰაკერული შეტევების შესახებ კანონის დარღვევის, ჯაშუშობისა და პირადი მონაცემების ქურდობის ბრალდებით ჰაკერებს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები