COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიერ ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავების უნარი პირველად დადასტურდა ისეთი ტესტირებით, რომელმაც კვლევში ჩაურთველი მეცნიერებისგან რეცენზირების პროცესი გაიარა.

Moderna-ს ვაქცინას ტესტირების პირველ ფაზაში გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, თუმცა არცერთი მათგანი ყოფილა მძიმე. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მრავლად დარჩენილი კითხვებისთვის პასუხების საპოვნელად კი გაცილებით ფართომასშტაბიანი ცდები ჩატარდება, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგები მაქსიმალურად პოზიტიურია.

პანდემიის გამომწვევი დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინის შესამუშავებლად დღეისთვის მსოფლიოს გარშემო ასზე მეტი გუნდი მუშაობს. ბევრი უკვე კლინიკური გამოცდების ფაზაზეცაა გადასული. თუმცა ბოლო პერიოდში ზოგიერთი მათგანი ნაჩქარევად აქვეყნებს დადებით შედეგებს, რომლებსაც არც რეცენზირება გაუვლიათ და არც დეტალიზაციით გამოირჩევიან. ეს კი ვაქცინის რეალური ეფექტიანობის შეფასებას ერთობ ართულებს. ისეთი შემთხვევებიცაა, როცა საიმედო შედეგები ცხოველებზე ჩატარებული ტესტირებებითაა მიღებული, რაც კარგი დასაწყისი კია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებზე გამოცდის შემთხვევაში აუცილებლად იდენტურ შედეგებს მივიღებთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჟურნალში, New England Journal of Medicine გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. მასში აღწერილია ვაქცინის ტესტირება, რომელიც 18-დან 55 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ზრდასრულებს ჩაუტარდათ. თითოეულ მათგანს ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა, mRNA-1273, 28 დღის განმავლობაში ორჯერ გაუკეთეს. მონაწილეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, რომელთაგან პირველის წევრებს 25μg დოზა მიაღებინეს, მეორის წევრებს 100μg, ხოლო მესამისას 250μg.

შედეგად, ყველა მონაწილეს გამოუმუშავდა SARS CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ხოლო მათი სისხლის შრატში ისეთი გამანეიტრალებელი მოქმედებები აღინიშნა, რომელიც ვირუსს უჯრედში შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეორე ვაქცინაციისას სისხლში გამანეიტრალებელი ანტისხეულების მოქმედებამ ახალი ინფექციებისგან დაცვის იმაზე ძლიერი უნარი გამოავლინა, ვიდრე ავადმყოფობით ინფიცირების საშუალო შანსია.

ვაქცინის გვერდითი მოვლენების რიცხვშია "გათანგვა, შეციება, თავის ტკივილი, მიალგია (ტკივილი კუნთებში) და ტკვილი ინექციის არეში", თუმცა არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა გრძელვადიანი. დოზის გაზრდის პარალელურად გაძლიერდა გვერდითი მოვლენებიც, მაგრამ მასთან ერთად — ანტისხეულების ეფექტიანობაც. ამგვარად, ვაქცინაციისას საუკეთესო დოზირების შერჩევისას პლიუსები მინუსებს უნდა შეეწონოს.

კვლევის მთავარი ავტორის, დოქტორ ლიზა ჯექსონის თქმით, "როგორც ჩანს, ორი დოზის მიღებაა საჭირო, რაც ისეთი ვაქცინის შემთხვევაში, რომელიც მოსახლეობაში აქამდე არარსებული ვირუსის საწინააღმდეგოდაა შექმნილი, მოსალოდნელი იყო. პირველი დოზით იმუნურ სისტემას ვამზადებთ, ორგანიზმში მეორე დოზის შეყვანის შემდეგ კი ის მეტად ენერგიულად შეუტევს ვირუსს".

დღეისთვის სამი ყველაზე დიდი პასუხგაუცემელი კითხვაა, ინფექციისგან რა სიძლიერის დაცვას უზრუნველყოფენ ეს ანტისხეულები; იგივე შედეგები ასაკოვან მოსახლეობაშიც თუ გამოვლინდება; და რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის მოქმედება. ამ კითხვებზე პასუხების საპოვნელად 27 ივლისიდან 30 ათასი ადამიანი გაივლის ვაქცინაციის პროცესს. მათგან ნახევარს პლაცებოს მისცემენ. უჩვეულო ისაა, რომ ტესტირების ეს მესამე ფაზა დაემთხვევა უკვე დაწყებულ მეორე ფაზას, რომელშიც 300 ადამიანი მონაწილეობს — მათ შორის რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებიც, რომლებსაც განსაკუთერებული ყურადღებით შეისწავლიან.