ისრაელში ნაპოვნი უძველესი გრავიურები უცნობ კულტურაზე გვაწვდიან ცნობებს
ჩრდილოეთ ისრაელში არქეოლოგებმა 4 ათასი წლის სამ სამარხ მონუმენტზე, იმავე დოლმენზე გრავიურები აღმოაჩინეს. ქვებზე შესრულებული ამ ნამუშევრების — ცხოველების, გეომეტრიული ფორმებისა და, შესაძლოა, ადამიანის სახის გამოსახულებების ანალიზი ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი.
ქვის დასათარიღებლად მკვლევრებმა ისრაელში, იორდანიასა და სირიაში ასობით დოლმენი გათხარეს. დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ამ რეგიონში არსებული დოლმენები იმით გამოირჩევა, რომ ისინი მორთულნი არ არიან ხოლმე. ეს სტრუქტურები შეუსწავლელი კულტურის გამოსახულებაა, რომელიც რეგიონში დაახლოებით 4 ათასი წლის წინ დომინირებდა.
"ჩვენ ამ რეგიონში მცხოვრები იმ ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ეს ნაგებობები დაგვიტოვა, თითქმის არაფერი არ ვიცით. ეს გრავიურები კი პირველად გვაძლევს საშუალებას, რომ ამ დოლმენების უკან მდგარი კულტურა შევისწავლოთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ური ბერგერმა.
ერთ-ერთ მონუმენტზე შვიდი რქოსანი ცხოველის ფიგურაა გამოსახული. სავარაუდოდ, ეს ნიმუში ანტილოპებს, მთის თხებსა და ძროხებს აღწერს. დოლმენის სხვა კედელზე კი მართკუთხედებში მოქცეული ჯვრის ფორმებია ამოტვიფრული. ასევე აღსანიშნავია, რომ არქეოლოგებმა გათხრების დროს პატარა ბრინჯაოს დანაც იპოვეს და, შესაძლოა, ეს ნამუშევრები სწორედ მისი გამოყენებითაა შესრულებული.
კიდევ ერთი დოლმენი კი ისეა ამოკვეთილი, რომ ადამიანის სახეს წააგავს. ავტორების თქმით, ხაზების ორი მოკლე წყვილი თვალებს, გრძელი ხაზი კი პირს ასახავს, თუმცა ეს სხვა უამრავ ახსნას შორის ერთ-ერთია.
მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, რომ დოლმენები მომთაბარეების მიერ შექმნილ დაუმუშავებელ მონუმენტებს წარმოადგენდა. თუმცა დოლმენების სტრუქტურისა და ქვების სიმძიმის გათვალისწინებით დაასკვნეს, რომ მათი შექმნა მინიმუმ 100 ადამიანის კოორდინირებულ ჩართულობას საჭიროებდა.
"საინტერესოა, რაზე ფიქრობდნენ? რა რელიგია ჰქონდათ? ეს აღმოჩენა მათი კულტურული ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას გვაძლევს", — ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები