კორონავირუსი არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ თირკმლებს, ღვიძლს, ტვინს, ნერვულ სისტემას, კანს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აზიანებს. ამის შესახებ ექიმებმა გასულ პარასკევს, ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნებულ აკადემიურ სტატიაში ისაუბრეს.

კვლევის ავტორები კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები არიან. ნიუ-იორკში მდებარე ეს ჰოსპიტალი გაზაფხულზე პანდემიასთან აქტიურ ბრძოლაში იყო ჩაბმული. შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა საკუთარ კლინიკურ გამოცდილებას მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული კლინიკური შემთხვევებიც დაუმატა.

ამ შემაჯამებელ ნაშრომში ნათლად ჩანს, რომ კორონავირუსი ორგანიზმის ყველა მთავარ სისტემას უტევს და იგი იზოლირებულად არ მოქმედებს. მის პირდაპირ სამიზნეში შინაგანი ორგანოები აღმოჩნდებიან, იგია პასუხისმგებელი სისხლის კოლტების ჩამოყალიბებასა და თრომბო-ემბოლურ გართულებებზე. კორონავირუსის გავლენით ირღვევა გულის ჯანსაღი რითმი და თირკმლის ნორმალური ფუნქცია. მისი გავლენით კანზე ნახეთქები და ეროზიები ყალიბდება. კლასიკური რესპირატორული სიმპტომების (ხველა და სხეულის მომატებული ტემპერატურა) გარდა, თავის ტკივილის, თავბრუხვევის, კუნთოვანი ტკივილის მიღმაც კორონავირუსი იმალება.

"ექიმები COVID-19-ს, როგორც მულტისისტემურ დაავადებას, ისე უნდა მიუდგნენ", — აცხადებს ექიმი ააკრიტი გუფთა. იგი აღნიშნული აკადემიური ნაშრომის ერთ-ერთი ავტორია.

ვირუსის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ასეთი ზიანის მიზეზი, შესაძლოა, მის უჯრედულ რეცეპტორ ACE2-თან მსგავსებაში იმალებოდეს. ACE2 უჯრედის გარსში მოთავსებული ერთგვარი მოლეკულური ჭიშკარია. სისხლძარღვების, თირკმლების, სანაღვლე გზების, პანკრეასის, კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი ტრაქტის ამომფენი უჯრედები სწორედ ACE2 რეცეპტორებით არის დაფარულნი. კორონავირუსი აღნიშნულ რეცეპტორებს ადვილად ეჭიდება, რის შემდგომაც უჯრედში აღწევს. ვირუსის მოქმედების ეს მექანიზმი მკვლევართა ჯგუფმა საკუთარ ნაშრომში დეტალურად მიმოიხილა.

ამ მიგნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მულტიორგანული უკმარისობის მიზეზი, გარკვეულწილად, ვირუსის მიერ ქსოვილების პირდაპირი დაზიანება უნდა იყოს

ნაწყვეტი სტატიიდან

კორონავირუსული ინფექცია იმუნურ პასუხს იწვევს. ამის შედეგია ორგანიზმში ანთებითი ცილების, ციტოკინების წარმოება. ამ უკანასკნელს უჯრედებისა და ორგანოების დაზიანების უნარი შესწევს, რასაც "ციტოკინურ შტორმსაც" უწოდებენ.

"ეს ვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძნელია, უკან არ დაიხიო და არ გაოცდე, თუ რა მრავალფეროვანი სახით შეუძლია მას ორგანიზმზე ზემოქმედება", — შენიშნავს ექიმი მაშეშ მეჰავანი, აღნიშნულ კვლევაზე მომუშავე კარდიოლოგი.

როგორც ნაშრომიდან ირკვევა, სისხლის კოლტების ჩამოყალიბებაში ერთდროულად რამდენიმე მექანიზმია ჩართული: სისხლძაღვთა ამომფენი უჯრედების პირდაპირი ვირუსული დაზიანება და უშუალოდ სისხლის შედედების მექანიზმის დარღვევა. პნევმონიით გამოწვეული ჟანგბადის დეფიციტი სისხლს შედედებისკენ უბიძგებს, ვკითხულობთ კვლევაში. ამგვარად ჩამოყალიბებული თრომბები ინსულტს, გულის შეტევას, თირკმლის უკმარისობას, ფილტვებისა და ქვედა კიდურების ემბოლიებს იწვევენ.

კორონავირუსის მიერ პანკრეასის დაზიანების გამწვავება დიაბეტსაც შეუძლია. სწორედ ამიტომაც, დიაბეტიანი პაციენტები დაავადების მწვავე მიმდინარეობის მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან.

როგორც ირკვევა, ვირუსს ასევე შეუძლია ტვინის პირდაპირი დაზიანება, თუმცა, ზოგიერთი ნევროლოგიური ეფექტის მიზეზი მკურნალობის კურსიც გახლავთ.

"COVID-190-ის მძიმე მიმდინარეობის დროს პაციენტები შეიძლება 2-3 კვირის მანძილზე დაინტუბირებულნი იყვნენ. მათი მეოთხედი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე 30 დღეზე მეტხანს ყოვნდება. ამ გახანგრძლივებული ინტუბაციის შესანარჩუნებლად, პაციენტებს შესაბამისი სედაცია სჭირდებათ. 'რეანიმაციული დელირიუმი' ექიმებისთვის პანდემიის გამოჩენამდეც კარგად ცნობილი მდგომარეობა გახლდათ. შესაძლოა, პაციენტთა ჰალუცინაციების მიზეზი არა უშუალოდ ვირუსული დაზიანება, არამედ გახანგრძლივებული სედაცია იყოს", — აღნიშნა ააკრიტი გუფთამ.

ვირუსი ასევე უტევს უშუალოდ იმუნურ სისტემას და ორგანიზმის მიერ მასთან საბრძოლველად წარმოებულ T-უჯრედებს აზიანებს.

COVID-19-ით დაავადებული პაციენტების 67-90%-ს ლაბორატორიულ ანალიზებში დაზიანებული უჯრედული იმუნიტეტის ნიშანი, ლიმფოპენია აღენიშნება

ნაწყვეტი სტატიიდან

მკვლევართა განცხადებით, ექიმებს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებთან უწევთ ყოველდღიური ბრძოლა, როცა ისინი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები, შესაძლოა, დაავადების ხანგრძლივ მიმდინარეობაზე მიუთითებდეს, მაგრამ იგი სიკვდილიანობის რისკს არ ზრდის. რაც შეეხება კანის დაზიანებებს, როგორც ირკვევა, ეს ჩივილები მალევე დამოუკიდებლად ქრება.