კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 6 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან მეოთხედი ამერიკელია. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი 538 ათასს გადააჭარბა. ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანა პანდემიასთან კვლავ აქტიურ ბრძოლაშია ჩართული.

"ჩემი აზრით, ამ ექვს თვეში ვირუსი უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ მიღებული ღონისძიებები. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პანდემია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცეოდა", — აღნიშნა სტივენ მორსმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა.

აშშ-ში COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნელი ნაბიჯები და სახელმწიფო სტრუქტურების არასრული რეაგირება მორსის და მისი კოლეგა ექსპერტების გაკვირვების მიზეზი გახლდათ. იმავე აზრზეა ამეშ ადალია, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერიც. მორსი და ადალია ცდილობენ, შემდგომი 6 თვის პროგნოზი გააკეთონ. ორივე მათგანი იმედოვნებს, რომ აშშ და მსოფლიო დეკემბრის ბოლოსთვის ბევრად უკეთ გაუმკლავდება პანდემიის გამოწვევებს.

ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება

"რაიმეს პროგნოზირების დიდი ხალისი არ მაქვს, რადგანაც არ წარმომედგინა, რომ 6 თვის თავზე ჩვენი საპასუხო ღონისძიებები ასეთი არაორგანიზებული იქნებოდა", — აღნიშნავს მორსი, თუმცა იქვე ოპტიმისტურად ამატებს: "ვიმედოვნებ, რომ 2020 წლის 30 დეკემბრისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება".

ადალიას პროგნოზიც მსგავსია. "ჩვენ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ რაღაც წარმოდგენა გვექნება", — ამბობს მეცნიერი

ამჟამად, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს მეცნიერები კლინიკური კვლევის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 ვაქცინით ადამიანების აცრას დაიწყებენ. მოცემულ მომენტში ვაქცინის შესაქმნელად გაჩაღებულ რბოლას სათავეში 16 კანდიდატი უდგას, რომელთაც ტესტირების ფარგლებში ადამიანების იმუნიზაცია უკვე დაწყებული აქვთ.

ერთ-ერთი იმედისმომცემი კანდიდატი ბიო-ტექ კომპანია Moderna გახლავთ. იგი პირველი კომპანია იყო, რომლემაც იმედისმომცემი შედეგები გამოაქვეყნა. 16 მარტს მათ კვლევაში ადამიანების ჩართვა დაიწყეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ივლისის ბოლოს კვლევის მონაწილეთა რაოდენობა 30 ათასამდე გაიზრდება.

აშშ-ს მთავრობას იმედი აქვს, რომ 2021 წლის იანვრისთვის მარაგში ასობით მილიონი ეფექტიანი ვაქცინა ექნება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს ვაქცინების ისტორიაში რეკორდულად სწრაფი შედეგი იქნება.

23 ივნისს კონგრესის წინაშე ექიმი ენტონი ფაუჩი წარსდგა. მან განაცხადა, რომ ნავარაუდები დროისთვის ვაქცინის შექმნას იგი "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს.

თუმცა, ადალია აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ვაქცინის პირველი დოზები მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისა თუ სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და არა აშშ-ის სრული მოსახლეობისათვის.

ფოტო: Reuters

სახლის პირობებში ტესტირება შესაძლებელი გახდება

მორსი და ადალია იმედოვნებენ, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნებს წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ტესტირების მრავალფეროვანი საშუალებები ექნებათ.

"ჩვენი სადიაგნოსტიკო მოცულობა ჯერ კიდევ არასრულია. იმედი მაქვს, რომ ეს შემდეგ ექვს თვეში გამოსწორდება და ჩვენ საშუალება გვექნება, ვირუსის გავრცელების რეალური სურათი დავინახოთ. ეს შესაძლებლობა ხელიდან ამ დრომდე გვისხლტება", — აღნიშნა მორსმა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი, ოფიციალურ ციფრებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ფართომასშტაბიანი ტესტირება მეცნიერებს სრული ზიანის ადეკვატურად შეფასების საშუალებას მისცემს.

ადალიას აზრით, ადამიანებს საშუალება ექნებათ, კორონავირუსზე ტესტირება სახლის პირობებში ჩაიტარონ.

"სახლის პირობებში სწრაფი ტესტირება ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა არ ვიცი, როდის გვექნება ამის შესაძლებლობა", — შენიშნავს მორსი, რომელიც ამ საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს.

ჩვენს არსენალში სხვა სამკურნალო საშუალებებიც აღმოჩნდება

ამ ეტაპზე კორონავირუსისა და მისი სიმპტომების სამკურნალო მძლავრი, ეფექტიანი საშუალება არ გვაქვს. ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი ანტივირუსული რემდესივირია. კლინიკური კვლევებით ჩანს, რომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა გამოჯანმრთელების პროცესს ასწრაფებს.

კლინიკურმა კვლევებმა დექსამეტანოზნის ეფექტიანობაც გამოკვეთა. ეს უკანასკნელი აპრობირებული, გამოცდილი და იაფი სტეროიდული მედიკამენტია. როგორც ირკვევა, იგი COVID-19-ის მძიმე ფორმების მიმდინარეობისას სიკვდილიანობას საგრძნობლად ამცირებს.

ადალია ფიქრობს, რომ დეკემბრისთვის ამ მედიკამენტებს მკურნალობის სქემაში სულ უფრო მეტი ექიმი დაამკვიდრებს. ეს გაამარტივებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გაურკვევლობას, რაც საბოლოოდ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.

ეს ვირუსით სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამ ეტაპზე ჩვენ, პანდემიის პირველ დღეებთან შედარებით, კორონავირუსთან ბრძოლის უფრო მეტი საშუალება გვაქვს

ამეშ ადალია, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერი

კარანტინი წარსულს ჩაბარდება

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, აშშ-ს ბევრ შტატში გახსნილი ბარები კვლავ დაიკეტა, ხოლო სრული გახსნის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მორისისა და ადალიას აზრით, მასიური ცხოვრების საკარანტინო რეჟიმი უკვე წარსულში დარჩა.

კარანტინის გამოცხადების სურვილი არც მოსახლეობას და არც პოლიტიკურ მმართველებს აღარ აქვთ

სტივენ მორსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი

ადალია პროგნოზირებს, რომ შტატები ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად უფრო კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართავენ.

"მარტსა და აპრილში გამოცხადებული სრული კარანტინი იმის შედეგი გახლდათ, რომ ჩვენ ინფიცირების შესახებ სრული წარმოდგენა არ გაგვაჩნდა და შტატის გუბერნატორები აღნიშნულ პროცესთან გასამკლავებლად სხვა გზას ვერ ხედავდნენ. ამჟამად ჩვენ ვიცით, თუ კონკრეტულად რა ქმედებებს უკავშირდება ვირუსის გავრცელება, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩაკეტვის პროცესს უფრო ტაქტიკურად, ქირურგიული სიზუსტით მივუდგეთ", — აღნიშნავს ადალია.

კორონავირუსის გამოწვევები 2021 წელსაც შენარჩუნდება

ფოტო: Fabio Di Pierto / EFE

პანდემიის გაგრძელების პარალელურად, მოსახლეობის მიერ ინფიცირების რისკებთან გამკლავება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მიიჩნევს მორსი.

"ვირუსი რასაც უნდა აკეთებდეს, მე მაინტერესებს, შემდეგი 6 თვის განმავლობაში მის მიმართ რაიმე ინტერესის შენარჩუნებას თუ მოვახერხებთ. ამჟამად გამოყენებული საპროფილაქტიკო ღონისძიებების (სოციალური დისტანცირება, პირბადეები, ხელების ჰიგიენა) შენარჩუნება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, დროთა განმავლობაში ჩვენ წინდაუხედავები ვხდებით", — შენიშნავს მორსი.

ადალიას აზრით, შემდგომი წლის გამოწვევა, ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, მოსახლეობის სრულფასოვანი იმუნიზაციაა.

"თუ 2021 წლისთვის ვაქცინა გვექნება, მისი წარმოება და მოსახლების უმრავლესობის აცრა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება", — აღნიშნავს ადალია და მიანიშნებს, რომ ანტივაქსერული მოძრაობა უკვე აქედანვე აქტიურად არის ჩართული იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებაში.

ადალიას მოსაზრებას ამყარებს მაისში გამოქვეყნებული გამოკითხვაც, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის ვაქცინით აცრის წინააღმდეგი ყოველი მეხუთე ამერიკელია.