რამდენად ახლოს ვართ COVID-19-ის განკურნებასთან — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტების ძიება უწყვეტი პროცესია. ეფექტიანი საშუალებების კვლევაში მეცნიერებს გარკვეული მიღწევები უკვე აქვთ. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ, თუ რა გზა განვლეს მეცნიერებმა და მოცემულ მომენტში რა ეტაპზე არიან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რა სამუშაო შესრულდა სამკურნალო საშუალებების მოსაძიებლად?
ამჟამად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 150-ზე მეტი მედიკამენტი კვლევის ფაზაშია. მათი უმრავლესობა ფარმაკოლოგიურ ბაზარზე უკვე არსებული პრეპარატია.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტებისთვის "სოლიდარობის" კვლევა წამოიწყო;
- დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი კვლევა მიმდინარეობს, რომელშიც 11 ათასი პაციენტი იღებს მონაწილეობას. მეცნიერთათვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი დექსამეტაზონია. მან მძიმე პაციენტებში მნიშვნელოვანი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა;
- მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კვლევითი ცენტრი ვირუსგადატანილი დონორების სისხლის პლაზმას იკვლევს. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ტრანსფუზია (ანუ "სისხლის გადასხმა") კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია.
რა ტიპის მედიკამენტები შეიძლება იყოს ეფექტიანი?
მოცემულ ეტაპზე კვლევა 3 ფართო მიდგომით მიმდინარეობს:
- ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმში უშუალოდ ვირუსს ებრძვიან;
- იმუნური სისტემის დამაშოშმინებელი მედიკამენტები — პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოდ მძიმდება, როცა იმუნური სისტემა ვირუსულ გამღიზიანებელზე განსაკუთრებული აგრესიულობით რეაგირებს. ეს თავის მხრივ საკუთრივ ორგანიზმს აზიანებს;
- ვირუსგადატანილი ადამიანების სისხლისგან მიღებული ან ლაბორატორიულ პირობებში დამზადებული ანტისხეულები, რომლებიც ვირუსს თავს ესხმიან.
რომელია ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი?
პასუხი დექსამეტაზონია, რადგან ის სიცოცხლის გადამრჩენი პირველი პრეპარატი აღმოჩნდა. ამ მიგნებას ბოლო პერიოდის სამეცნიერო გარღვევად მიიჩნევენ. პირველადი მონაცემებით ნათელი გახდა, რომ ეს იაფი სტეროიდული საშუალება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ ყოველ მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფ ყოველ მეხუთე პაციენტში სიკვდილიანობის რისკს საგრძნობლად ამცირებს.
მედიკამენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე დამთრგუნველ ეფექტს ახდენს. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ორგანიზმი მის განსადევნად ანთებით რეაქციას მიმართავს. თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ იმუნური სისტემა ამ ბრძოლაში ზედმეტად აგრესიული ხდება. სწორედ ასეთი იმუნური პასუხი აღმოჩნდება ხოლმე ფატალური. დექსამეტაზონი ამ გადაჭარბებულ რეაქციას ამსუბუქებს.
ანტივირუსულ პრეპარატ რემდესივირზე ჩატარებული კლინიკური კვლევებიც იმედისმომცემად გამოიყურება. აშშ-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ათასი პაციენტი მონაწილეობდა, ნათელი გახადა, რომ ეს მედიკამენტი დაავადების მიმდინარეობას საშუალოდ 15 დღიდან 11-მდე ამცირებდა. რემდესივირი "სოლიდარობის" კვლევაში ჩართული 4 პრეპარატიდან ერთ-ერთია და მას ფარმაკოლოგიური კომპანია Gilead აწარმოებს, რომელიც, თავის მხრივ, კლინიკური კვლევებშიც თავადვეა აქტიურად ჩართული. თუმცა, ამ მიგნების მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად იცავს მედიკამენტი პაციენტებს სიკვდილისგან.
არსებობს სამეცნიერო ვარაუდი, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ანტივირუსული მედიკამენტია ეფექტიანი, ხოლო მოგვიანებით — იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ რემდესივირის შემდგომი 3 თვის მარაგი სრულად შეიძინა და მთელი მსოფლიო COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის გარეშე დატოვა. ტრამპის ადმინისტრაციამ 500 ათასი დოზა წინასწარ იყიდა. ეს კომპანიის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის წარმოების 90%-ს შეადგენს. Gilead მედიკამენტის გაურკვეველი რაოდენობით ასევე სამხრეთ კორეას დაეხმარა.
რამდენად ეფექტიანია აივ-მედიკამენტები კორონავირუსის სამკურნალოდ?
აივ-მედიკამენტების, ლოპინავირისა და რიტონავირის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ მათი ეფექტიანობის შესახებ არსებული მტკიცებულება მწირი აღმოჩნდა. პრეპარატებმა ლაბორატორიულ პირობებში რაღაც ეფექტიანობა კი აჩვენეს, მაგრამ ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური კვლევებმა მეცნიერებს იმედები გაუცრუა. ამ კომბინაციამ COVID-19-ის დროს ვერც ვირუსის დონე და ვერც სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა და მას არც გამოჯანმრთელების მაჩვენებლებზე ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვლევა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებზე ჩატარდა (მათი მეოთხედი გარდაიცვალა). შესაძლოა, რომ მათთვის აღნიშნული ექსპერიმენტული მკურნალობა უკვე დაგვიანებულიც იყო.
შეუძლიათ თუ არა მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს კორონავირუსის შეჩერება?
ქლოროქინსა და მის მონათესავე ჰიდროქსიქლოროქინის, შესაძლოა, ანტივირუსული და იმუნიტეტის დამამშვიდებელი ეფექტები ჰქონდეს. სწორედ ამ უკანასკნელის გამო იყენებენ ჰიდროქსიქლოროქინს რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ — მას იმუნური სისტემის პასუხზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
აღნიშნული მედიკამენტები საჯარო განხილვის მიზეზი დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ გახდა. თუმცა, მათი ეფექტიანობის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებები საკმაოდ მცირეა. ადრეულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა კორონავირუსის წინააღმდეგ დამთრგუნველი ეფექტი აჩვენა, თუმცა, მისმა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებამ მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.
ოქსფორდის უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული ჰიდროქსიქლოქინის კვლევაში. მათი დასკვნებით, მედიკამენტი COVID-19-ის წინააღმდეგ არაეფექტიანი აღმოჩნდა. ამის გამო უნივერსიტეტმა კვლევა შეწყვიტა.
მედიკამენტის კვლევა შეწყვიტა ასევე WHO-მაც. ამის მიზეზი ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული კვლევა იყო, რომელიც მიუთითებდა, რომ პრეპარატი კარდიოლოგიურ პრობლემებს იწვევდა და სიკვდილიანობას ზრდიდა. მოგვიანებით, უშუალოდ ეს სამეცნიერო სტატია აღმოჩნდა დისკრედიტირებული. კვლევები ამ მიმართულებით კიდევ გრძელდება.
რამდენად ეფექტიანია ვირუსგადატანილი ადამიანების სისხლის გადასხმა?
ადამიანებმა, რომელთაც დაავადება უკვე მოიხადეს, სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღენიშნებათ. შესაბამისად, არსებობს სამეცნიერო მოლოდინი, რომ ამგვარი სისხლის პლაზმის გადასხმის შემდეგ, ორგანიზმში მოხვედრილი ანტისხეულები ვირუსს შეეწინააღმდეგებიან. აშშ-ში 500 პაციენტზე მსგავსი თერაპია უკვე გამოსცადეს, იმავე მიდგომას უკვე სხვა ქვეყნებიც ცდიან.
რა დროა დარჩენილი, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა გვექნება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. ჯერ-ჯერობით ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანში გვექნება ზუსტი და ეფექტიანი მკურნალობის სქემა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებს, ვაქცინებთან შედარებით, სამკურნალო მედიკამენტების შესახებ ახალი ინფორმაცია უფრო მალე ექნებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ ფარმაკოლოგიურ ბაზარზე უკვე არსებულ მედიკამენტებს იყენებენ, რომელთა გვერდითი ეფექტების შესახებ კარგადაა ცნობილი. ვაქცინების შემთხვევაში კი ყველაფერი ნულიდან იწყება. ზოგიერთი სრულიად ახალი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული მედიკამენტი ჯერ კიდევ ლაბორატორიული კვლევის ფაზაშია. მათი პაციენტებზე გამოყენება ჯერ კიდევ ადრეა.
რატომ გვჭირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა?
რა თქმა უნდა, ყველაზე ცხადი მიზეზი სიცოცხლეების გადარჩენაა. შესაბამისი თერაპიის პირობებში, კორონავირუსი ადვილად სამკურნალო დაავადებად გადაიქცევა. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი დროულად დაიწყონ და თავიდან აირიდონ მძიმე გართულებები. ეფექტიანი სამკურნალო სქემის არსებობა ასევე საშუალებას მისცემს მთავრობებს, რომ საკარანტინო რეჟიმები უფრო მარტივად მოხსნან.
კომენტარები