პანდემია აივ-ინფექციის მედიკამენტების მარაგს საფრთხეს უქმნის — WHO
უახლოეს მომავალში მსოფლიოს ქვეყნების მესამედი, შესაძლოა, შიდსის სამკურნალო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გარეშე დარჩეს. ამის მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა. მათ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 24 ქვეყანა მედიკამენტების მარაგების კრიტიკულად შემცირების რისკის წინაშე დგას.
WHO-ს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ეს საგანგაშო საკითხია. აღნიშნული სიტყვებით მან შიდსის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
WHO-ს განცხადებით, აშშ-ს მასშტაბით აივ-დადებითი 8,3 მილიონი ადამიანი ანტივირუსულ მედიკამენტზეა დამოკიდებული. ეს მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა მხოლოდ მესამედია.
აღნიშნულ გამოკითხვაში მედიკამენტების დეფიციტის მქონე ქვეყნები არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ მოცემულ მომენტში აივ-ინფექციით გამოწვეული შიდსის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. მის წინააღმდეგ ანტირეტროვირუსული პრეპარატები გამოიყენება, რომელთაც აივ-დადებით ადამიანებში ვირუსის დონის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლიათ. ამჟამად, მსოფლიოში ამ ვირუსით 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მიმდინარე COVID-19-ის პანდემია ანტირეტროვირუსული მედიკამენტების დროულ ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამის მიზეზი საჰაერო და სახმელეთო მოძრაობის შეზღუდვები და პირველადი ჯანდაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემცირება გახლავთ.
WHO-ს მიერ გამოცემულ წესდებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ აივ-თერაპია სასიცოცხლო სამედიცინო სერვისს წარმოადგენს და შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს მასზე პანდემიის პირობებში უწყვეტად უნდა ჰქონდეთ წვდომა.
კომენტარები