COVID-19-ის სამი ვაქცინა ტესტირების საბოლოო ფაზაზე გადავიდა
ზაფხულის განმავლობაში აშშ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების კვლევის მესამე ფაზას დააფინანსებს. დაფინანსება ვაქცინის შემქმნელ სამ კანდიდანტს ერგო, აქედან თითოეული მათგანი საკუთარ ვაქცინას დაახლოებით 30 ათას მონაწილეზე გამოცდის. მონაწილეების ნახევარი ვაქცინას მიიღებს, ნახევარი კი პლაცებოს.
Moderna-ს ვაქცინა გამოცდის მესამე ფაზას ივლისში დაიწყებს, მოგვიანებით კი იმავე პროცესს გაივლიან AstraZeneca და Johnson & Johnson. როგორც წესი, მესამე ფაზამდე მისაღწევად წლებია საჭირო, თუმცა კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.
"კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ოპტიმიზმი არსებობს. თუმცა ჩვენ მთლიანად კლინიკური ცდების შედეგებზე ვართ ფოკუსირებულნი", — განაცხადა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინის მკვლევარმა, ჯონ მასკოლამ.
ვაქცინის ან მედიკამენტის საბოლოო დამტკიცებამდე კლინიკური კვლევის რამდენიმე ფაზაა გასავლელი. ფაზა 0 იკვლევს, თუ როგორ ამუშავებს ადამიანის ორგანიზმი მედიკამენტს. პირველი ფაზა საშიში გვერდითი მოვლენებისა და სხვა უსაფრთხოების ნორმების იდენტიფიცირებას ახდენს. მეორე ფაზა კი ადგენს, შეუძლია თუ არა მედიკამენტს ან ვაქცინას საკუთარი დანიშნულების შესრულება.
რაც შეეხება მესამე ფაზას, იგი ვაქცინის ან მედიკამენტის ფართო მასშტაბით ტესტირებასა და მათ პლაცებოსთან შედარებას გულისხმობს. ძალიან ბევრი მედიკამენტი ან ვაქცინა ამ საბოლოო ფაზამდე ვერც კი აღწევს. ის ფაქტი, რომ COVID-19-ის რამდენიმე პოტენციურმა ვაქცინამ ამ ეტაპამდე მოაღწია, ნამდვილად იმედის მომცემია.
"იმისთვის, რომ შედეგები მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ, ჩვენ ქვეყნის რესურსების მაქსიმალურად გამოყენება დაგვჭირდება", — განაცხადა ფრედ ჰაჩინსონის სახელობის კიბოს კვლევითი ცენტრის ვაქცინის სპეციალისტმა, ლარი კორმა.
კომენტარები