მეცნიერები დიდი ხანია, რაც ბუნებრივი ხრტილის ხელოვნური ჩამნაცვლებლის შექმნას ცდილობენ. ახლა კი, არის შანსი, რომ მათ ეს შეძლეს. მკვლევართა გუნდის თქმით, მათ ისეთი ნივთიერება შექმნეს, რომელიც ჩვენს სხეულში არსებული ხრტილის მსგავსია და დაზიანებების შემთხვევაში იგი ბუნებრივის ჩანაცვლებას შეძლებს.

ხელოვნური ხრტილი ათასობით ადამიანს დაეხმარება, რომლებსაც ასაკის მატებისა ან ტრავმის გამო ბუნებრივის ჩანაცვლება სჭირდება. ამჟამად არსებული ჩამნაცვლებლები მხოლოდ რამდენიმე ათწლეული ძლებს, შემდეგ კი მათი გამოცვლაა საჭირო.

"ჩვენ პირველად ისტორიაში ისეთი ჰიდროგელი შევქმენით, რომელსაც ხრტილის თვისებები აქვს", — განაცხადა ქიმიკოსმა ბენ ვილიმ.

როგორც სხვა ჰიდროგელების შემთხვევაში, ამ ახალ ნივთიერებაშიც მთავარ შემადგენელ ნაწილს წყლის შთანთქმელი პოლიმერები წარმოადგენენ: ერთ-ერთი პოლიმერი სპაგეტის მსგავსია, რომელიც გადახლართულია ნაკლებად მოქნილ, კალათის მსგავს პოლიმერთან. ხოლო მესამე პოლიმერი, რომელიც ცელულოზასგანაა შექმნილი, მათ ერთად ყოფნას უზრუნველყოფს.

როდესაც ნივთიერება იწელება, სწორედ მესამე პოლიმერის წყალობით არ ზიანდება. ხოლო როდესაც ის იკუმშება, პირველი და მეორე პოლიმერები ერთმანეთს განიზიდავენ და წყალს ებმიან, შესაბამისად, თავდაპირველი ფორმის აღდგენა შესაძლებელი ხდება.

ახალმა ჰიდროგელმა შემოწმებები წარმატებით გაიარა. ერთ-ერთ ტესტში, სადაც ჰიდროგელი ბუნებრივს შეადრეს, აღმოჩნდა, რომ იგი ისეთივე გამძლეა, როგორც ბუნებრივი და იმ ხელოვნურ ხრტილზე მტკიცე, რომელსაც ამჟამად ოპერაციების დროს იყენებენ.

თუმცა, მკვლევართა თქმით, ახალი ხელოვნური ხრტილის ადამიანებში გამოყენების უფლება დაახლოებით სამ წელიწადში ექნებათ. ჯერჯერობით ჰიდროგელმა მხოლოდ ტოქსიკურობის ტესტი გაიარა. შემდეგი ნაბიჯი მისი ცხვრებში გადანერგვაა — თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ადამიანებზე მისი გამოცდა.

კვლევა 26 ივნისს ჟურნალ Advanced Functional Materials-ში გამოქვეყნდა.