COVID-19 მაღალმთიან რეგიონებში უფრო მსუბუქად შეიძლება მიმდინარეობდეს — კვლევა
SARS-CoV-2 ვირუსს, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, საინტერესო მოქმედების მექანიზმი აქვს. სხეულში შეჭრისას ის უჯრედის კონკრეტულ ცილას, ACE2-ს ამოიცნობს, რომელიც, ძირითადად, ფილტვებში, გულში და არტერიებში მდებარეობს.
ფილტვებში ამ ცილას ვაზოდეპრესორის ფუნქცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის სისხლის წნევის დადაბლებაში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ACE2-ს ჰომოლოგი ჰყავს, სახელად ACE1, რომელიც ბოროტი ტყუპივით საპირისპიროს აკეთებს, ანუ სისხლის წნევას ზრდის. ეს ორი ცილა ფილტვებში სისხლის მიმოცვლის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ერთად ჟანგბად-სენსიტიურ რენინ-ანგიოტენსინ სისტემას, RAS-ს ქმნიან.
სხეულში SARS-Cov-2-ის ინფექცია უფრო მწვავე მაშინაა, როცა ACE2 მეტად ექსპრესიული, ანუ უფრო აქტიურია. თუ რატომ ხდება ეს ასე და რა ფიზიოლოგიური მექანიზმი მოქმედებს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მჭიდრო დადებითი კორელაცია შესამჩნევია.
ჟანგბადის ნაკლებობა მაღალმთიან რეგიონებში (4,500 მეტრის სიმაღლეზე) RAS სისტემაზე აისახება. ACE1-ის ატიურობა ჭარბობს, ხოლო ACE2-ის მოქმედება შემცირებულია. რადგან SARS-Cov-2-ის ინფექციის სიმწვავე ACE2-ის მაღალ ექსპრესიულობასთანაა დაკავშირებული, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, ACE2-ის დაბალი ექსპრესიულობის გამო, ახალი კორონავირუსისადმი ერთგვარი დამცავი მექანიზმი აქვთ გამომუშავებული.
ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონებში ულტრაიისფერი გამოსხივებაც მეტია. ეს უკანასკნელი კი ახალი კორონავირუსის სუსტი წერტილია. მეცნიერების თქმით, ულტრაიისფერი გამოსხივება ერთგვარი ბუნებრივი სანიტარული საშუალებაა, რომელიც ვირუსის პოტენტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
"ჩვენ ვასკვნით, რომ SARS-CoV-2-ის ვირულენტობა მაღალ სიმაღლეებზე მცხოვრები ადამიანების ფიზიოლოგიური აკლიმატიზაციის და გარემო პირობების გამო, მნიშვნელოვნად მცირდება", — ნათქვამია კვლევაში.
მეცნიერებმა მონაცემები ტიბეტის, ბოლივიის და ეკვადორის მაღალმთიანი რეგიონებიდან შეაგროვეს, სადაც, ინფიცირების შემთხვევები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ძალიან დაბალია და დაავადებულ ადამიანებშიც ინფექცია ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს.
კომენტარები