ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა მხოლოდ რეგულარ ფრენებს აუქმებს, თუმცა ჩარტერული რეისები კვლავ შენარჩუნდება. როგორც მინისტრი ამბობს, ჩარტერული რეისები უფრო მეტი მიმართულებით შესრულდება.

"საუბარია რეგულარული ფრენების გადადებაზე, რაც ნიშნავს, რომ მასობრივი ფრენაა, რაც აქამდე იყო და სახელმწიფოს დიდად ამის კონტროლის ბერკეტი აღარ გააჩნია. ჩარტერული ფრენები მაინც საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას და ჩვენ შეგვიძლია, მიმართულებებიდან და მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, იქნება ეს კარანტინი თუ ტესტირება თუ სხვა ღონისძიებები", — განაცხადა თურნავამ.

25 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა და მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათი თქმით, უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ საქართველოს მიმართულებით.

გარდა ამისა, სააგენტო აცხადებს, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების რამდენიმე მიმართულებით. მათი თქმით, აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

ამასთან, Euronews წყაროზე დაყრდნობით იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელსაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს უხსნის. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის დებატები სიასთან დაკავშირებით 25 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა და განხილვას ხვალ, 26 ივნისს გააგრძელებენ.