NASA უცხოპლანეტური ტექნოლოგიური ცივილიზაციების ძებნის პროექტს აფინანსებს
ჰარვარდის ასტრონომთა გუნდი სხვა ინსტიტუტების მეცნიერებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ისინი უცხოპლანეტური ცივილიზაციების ტექნოლოგიური ნაკვალევის ძებნას შეუდგებიან.
ეს ამბავი აღნიშვნის ღირსი იმის გამოცაა, რომ ეს ინიციატივა 30 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ტიპის პროექტი გახდა, რომელიც NASA-მ დააფინანსა.
"ჩვენ ტექნოლოგიების მიერ დატოვებულ ნაკვალევს ვეძებთ, იქნება ეს ატმოსფეროს ინდუსტრიული დაბინძურება, ქალაქების განათება, მზის პანელები, მეგასტრუქტურები თუ თანამგზავრთა გუნდები", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების ხელმძღვანელმა ავი ლოებმა.
ლოების გუნდის წევრების თქმით, ბოლო წლებში უამრავი ეგზოპლანეტის აღმოჩენას მსგავსი კვლევების გამოღვიძების დიდი პოტენციალი აქვს.
"უცხოპლანეტური ცივილიზაციების ძებნის დროს მთავარ პრობლემას ყოველთვის წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ არ ვიცოდით, საიდან შეიძლებოდა დაგვეწყო პროცესი. მაგრამ ახლა ეს ვიცით და ამასთან ათასობით ეგზოპლანეტის შესახებ მოგვეპოვება ინფორმაცია, რაც აუცილებლად დაგვეხმარება", — განაცხადა როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ფრანკმა.
კვლევის ფარგლებში ისინი არამიწიერი მზის პანელებისა და დამაბინძურებლების ძებნას დაიწყებენ. გუნდის მიხედვით, ეს ორი ფაქტორი დედამიწის გარეთ ტექნოლოგიური აქტივობის აღმოჩენის შესაძლო ინდიკატორია.
"დედამიწასთან ყველაზე ახლოს არსებული ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის სისტემაში საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა, პროქსიმა b მდებარეობს. ბრუნვის დროს პლანეტა ვარსკვლავს მხოლოდ ერთი მხარით უყურებს, შესაბამისად, მის ერთ ნაწილზე მუდმივად დღე, მეორეზე კი მუდმივად ღამეა. თუკი ცივილიზაციას ერთი მხარის განათება ან გათბობა სურს, მათ პლანეტის განათებულ მხარეს მზის პანელები უნდა გამოიყენონ და ენერგია ბნელ მხარეს მიაწოდონ", — განმარტავს ლოები.
სპეციფიკური ტალღის სიგრძეებზე დაკვირვებით ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ამ ჰიპოთეტური მზის პანელების მიერ არეკლილ სინათლეს შეამჩნევენ. პლანეტის ატმოსფეროს დაბინძურებაც ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ გონიერი ცივილიზაციის არსებობის განმსაზღვრელად.
"ფუნდამეტური კითხვა, რომელსაც გვინდა, რომ პასუხი გავცეთ, შემდეგია: მარტო ვართ?", — აცხადებს ლოები.
კომენტარები