ხეების აქტიურმა დარგვამ, შესაძლოა, "სარგებელზე მეტი ზიანი მოიტანოს" — კვლევა
ჩვენთვის ცნობილია, რომ ფართომასშტაბიანი ხეების რგვა გარემოსთვის სასარგებლოა, თუმცა ორი ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ეს ასე სულაც არ იყოს და პირიქით, ამას ზიანიც კი მოჰქონდეს.
ერთი კვლევის მიხედვით, ხეების დარგვაში ჩადებულმა ინვესტიციებმა, შესაძლოა, ბიომრავალფეროვნება შეამციროს და, ამასთან, არც ნახშირორჟანგის დონეზე მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა. ხოლო მეორე კვლევის თანახმად, ახალი ტყეების მიერ შთანთქმული ნახშირბადი, შესაძლოა, იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე ვარაუდობდნენ. არსებითად, ორივე კვლევის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ხეების დარგვა კლიმატის ცვლილების საპასუხოდ საკმარისი არ არის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხეების დარგვა პოპულარული გახდა. აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, ხეებს ნახშირბადის შთანთქვის უდიდესი პოტენციალი აქვთ. სწორედ ამიტომ ქვეყნებმა სხვადასხვა კამპანიის წარმოება დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ხეებს აქტიურად რგავდნენ.
პირველი კვლევის ავტორებმა კერძო მიწათმფლობელებისთვის გადაცემული ფინანსური დახმარებები შეისწავლეს, რომლებიც მათ ხეების დარგვისთვის მიიღეს. ხეების რაოდენობის ზრდაში ეს დახმარებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კვლევა ჩილეს მაგალითს იკვლევდა, სადაც სუბსიდირებული ხეების რგვა 1974 წლიდან 2012 წლამდე მიმდინარეობდა. როგორც წესი, ეს არსებულ ხეებს არ უნდა შეხებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ზოგიერთმა მიწათმფლობელმა ადგილობრივი ტყეები მისთვის მომგებიანი პლანტაციებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ადგილობრივი ტყეების რაოდენობა, რომლებიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და ნახშირბადის დიდი ოდენობის შთანთქვაც შეუძლია, ბევრად შემცირდა. ხოლო სუბსიდირებულმა მოდელმა ბიომრავალფეროვნების შექმნასა და ნახშირბადის შთანთქვაში მარცხი განიცადა.
მეორე კვლევის ფარგლებში იმის შესწავლა დაიწყეს, თუ რამდენად ბევრი ნახშირბადის შთანთქმას მოახერხებდნენ ახალი ტყეები. ამ რაოდენობას მკვლევრები ხშირად სპეციალური წინასწარგანსაზღვრული და უნივერსალური გამოთვლების წყალობით იღებენ, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ ნახშირბადის შთანთქმის წილი ადგილობრივ პირობებზეა დამოკიდებული.
მკვლევრება გატყიანებული ტერიტორიებიდან ნიადაგის 11 ათასი ნიმუში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ნიადაგში, რომელიც ნახშირბადით ღარიბია, ახალი ხეების დამატება ორგანული ნახშირბადის კონცენტრაციას ზრდიდა. თუმცა სადაც ნიადაგი ნახშირბადით უკვე მდიდარი იყო, ახალი ხეები ამ კონცენტრაციას ამცირებდა.
"ჩვენ იმედი გვაქვს, ხალხი მიხვდება, რომ გატყიანება მხოლოდ ერთი ტიპის ქმედება არ არის, იგი ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს და მას ყველა კლიმატთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება არ შეუძლია", — განაცხადა კვლევის ავტორმა ანპინ ჩენმა.
კომენტარები