როგორ გადაინაცვლა საკლასო ოთახებმა სახლებში — სკოლა ჰელიოსის გამოცდილება
ბოლო პერიოდში დამდგარმა არაორდინალურმა რეალობამ გავლენა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია. პანდემიის სიძნელეები განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებმა განიცადეს — მათ შეცვლილ რეალობასთან სწრაფი ადაპტაცია, სრულიად ციფრულ სივრცეში გადანაცვლება მოუწიათ. საინტერესოა, როგორ წარიმართა სკოლების გაციფრულების პროცესი და როგორია რამდენიმეთვიანი დისტანციური სწავლების შედეგი ახლა, როცა სასწავლო წელი უკვე მიიწურა. ამ საკითხებზე კერძო სკოლა ჰელიოსის მენეჯერი, ნიკო ვეშაპიძე გვესაუბრა.
სკოლა ჰელიოსი 2016 წელს დაარსდა და ორასამდე მოსწავლეს აერთიანებს. აქ თითოეულ კლასში 15-მდე ახალგაზრდა ერთიანდება. "გვსურდა, ისეთი კონცეფციის სკოლა შეგვექმნა, სადაც კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა იქნებოდა და სადაც ოჯახურ, თბილ ატმოსფეროს ჩამოვაყალიბებდით", — ამბობს ნიკო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მატერიალური ბაზა საშუალებას აძლევს მათ, უფრო დიდ მასშტაბებს გასწვდნენ და მეტი მოსწავლე მიიღონ, ისინი დღემდე არ უხვევენ საწყისი კონცეფციიდან — ჰყავდეთ მინიმალური რაოდენობის მოსწავლე და იზრუნონ მათ ინდივიდუალურ განვითარებაზე.
სკოლა უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. აქ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამ პროცესში მათ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებიც დიდ დახმარებას უწევთ, რომელიც დაარსების დღიდანვე აქტიური იყო და მხოლოდ ახლა, პანდემიის გამო, დროებით შეჩერდა. სკოლაში მათემატიკასაც გაძლიერებულად ასწავლიან.
პანდემიამ ჰელიოსი, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ნიკო გვიყვება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია სკოლას არ გაუჭირდა. ჰელიოსში ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში დაარსებიდანვე აქტიურად გამოიყენებოდა და ამან როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს სახლიდან სწავლის პროცესი გაუმარტივა.
ერთ-ერთი ბარიერი, რაც ამ პერიოდში სკოლას შეექმნა, მასწავლებელთა დატრენინგების პროცესი იყო. მათ სკოლაში შეხვედრების გამართვა არ შეეძლოთ, ამიტომ ონლაინ სივრცეში უნდა შეესწავლათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი. თუმცა, როგორც ნიკო გვიყვება, გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელთა უმეტესობა პანდემიამდეც აქტიურად იყენებდა ციფრულ არხებს სწავლებისას, მათ ეს პროცესი გაუმარტივდათ.
დაბრკოლებას ისიც წარმოადგენდა, თუ როგორ გადაეტანათ მთლიანი სასწავლო მასალა ონლაინ სივრცეში ისე, რომ სწავლების ხარისხი შენარჩუნებულიყო. "საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმ ციფრული არხების შერჩევაზე, რომელიც პროცესის სრულყოფილად წარმართვაში დაგვეხმარებოდა და რომლის ათვისებაც მოსწავლეებსა და მშობლებს არ გაუჭირდებოდათ", — აღნიშნავს ნიკო.
ამგვარად, მათ ბოლო დროს ყველაზე აქტუალური, თანაც შედარებით მარტივი პროგრამა Zoom შეარჩიეს. მასთან ერთად კომბინაციაში კი ჰელიოსში 4 წლის განმავლობაში დანერგილი Edupage-ის პლატფორმა გამოიყენეს. ამ ელექტრონულ სისტემაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, მიიღონ და გააგზავნონ დავალება, ჩაერთონ მასწავლებლებთან ერთად ონლაინ შეხვედრებსა და კონფერენციებში. ესაა სისტემა, რომელშიც მთელი სკოლა ვირტუალურადაა გადატანილი.
"ამ ორი პროგრამის შერწყმით ჩვენ შევძელით, მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება გაგვემარტივებინა. დავალებებს მოსწავლეები Edupage-ის სისტემაში ამზადებდნენ, აქვე სწორდებოდა ის ავტომატურ რეჟიმში, რის ხარჯზე დროც დაიზოგა", — ამბობს ნიკო.
ის აღნიშნავს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მთლიანი სასწავლო პროგრამა წარმატებით დაძლიეს, რაც შეეხება მაღალ კლასებს, მათ საკონტროლო გამოკითხვები ჩაუტარდათ, რამაც აჩვენა, რომ ონლაინ სწავლების პირობებში სწავლის ხარისხი არ გაუარესებულა.
დისტანციურმა სწავლებამ ჰელიოსს კარგი გამოცდილება დაუგროვა. სამომავლოდ, როცა ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ისინი აპირებენ, ელექტრონული სისტემები ნაწილობრივ შეინარჩუნონ და მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით პერიოდულად გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, ხელი შეუწყონ, რომ სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.
ნიკო აღნიშნავს, რომ მშობლები ამ პროცესის მთავარი შემფასებლები აღმოჩნდნენ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს სწავლის ხარისხს. მათგან მიღებული უკუკავშირი და კმაყოფილება კი იმაზე მიუთითებს, რომ დისტანციური სწავლება წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელება მისი დიდი სურვილია. ჰელიოსში იმედს იტოვებენ, რომ სექტემბრიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან და სწავლა ჩვეულ რეჟიმში, დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდება.
კომენტარები