კენიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტურკანის ტბის სანაპიროსთან აღმოჩენილი 1.4 მილიონი წლის წინანდელი განამარხებული ნაფეხურები ადამიანის გადაშენებული მონათესავე სახეობის შესახებ წარმოდგენას რადიკალურად ცვლის. მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის მიერ შესწავლილი კვალი მეცნიერებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ადრეული ჰომინინების გადაადგილებისა და სოციალური ინტერაქციის აქამდე უცნობი დეტალები შეისწავლონ.

სპეციალისტების დასკვნით, ნაფეხურები Paranthropus boisei-ს სახეობის რვა წარმომადგენელს ეკუთვნის, რომლებიც ტერიტორიაზე ერთად გადაადგილდებოდნენ. მკვლევრები ასეთ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს "ნამარხ ქცევას" უწოდებენ, რადგან ესაა კონკრეტული ინდივიდების ცხოვრების "განამარხებული" მომენტები, რომლებიც მათი ჩვევების შესახებ ინფორმაციას ინახავს.

უახლესი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ჰომინინების ტერფის ანატომია და მოძრაობის სპეციფიკა შეისწავლეს. ყველაზე დიდი მოულოდნელობა მათი ზომა აღმოჩნდა. მონაცემები მიუთითებს, რომ ამ ჯგუფის წევრთა სხეულის პროპორციები თანამედროვე ადამიანისას ძალიან ჰგავდა: სიმაღლე 1.8 მეტრს აღწევდა, ხოლო მასა დაახლოებით 75 კილოგრამს შეადგენდა.

ათწლეულების განმავლობაში Paranthropus boisei-ს შესახებ არსებული ცოდნა ძირითადად თავის ქალის, ყბებისა და კბილების ნამარხებს ეფუძნებოდა (ჩონჩხის სხვა ნაწილები ნაკლებადაა შემორჩენილი). ახალი აღმოჩენა ადრეულ ვარაუდებს აქარწყლებს იმის შესახებ, რომ ამ სახეობის ჰომინინები ზომით ბევრად ჩამორჩებოდა Homo erectus-ს, რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა.

გარდა ანატომიური მონაცემებისა, ეს კვალი ამ ადრეული ჰომინინების სოციალურ ქცევაზეც მიუთითებს. რვავე ინდივიდი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამრი იყო. ისინი მდედრებისა და ბავშვების გარეშე ერთად გადაადგილდებოდნენ. მეცნიერთა თქმით, Paranthropus boisei-ს წარმომადგენლებს საკმაოდ რთული სოციალური ქცევა ახასიათებდათ — ვარაუდობენ, რომ მამრები პოტენციურად სახიფათო გარემოში სიფრთხილის მიზნით ერთმანეთთან "თანამშრომლობდნენ" და კონკურენციას დროებით ივიწყებდნენ.

აღნიშნული ნაკვალევი ტურკანის ტბის მიმდებარედ ნაპოვნი ნაფეხურების მხოლოდ ნაწილია. სხვადასხვა ლოკაციაზე მსგავსი ნიმუშების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია ჰომინინებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაბიტატი იყო. მდიდარი რესურსების გამო იქ ისინი 100 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ.

ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ახალი ანალიტიკური მეთოდებისა და კარგად შემონახული ნაფეხურების კომბინაციით შესაძლებელი ხდება ისეთი დეტალების იდენტიფიცირება, რომლებსაც მხოლოდ ფიზიკური ნამარხები ვერ გამოავლენს. ტურკანის ტბის რეგიონში კვლევები კვლავ გაგრძელდება და ადამიანის ევოლუციის შესწავლის პროცესში კენიის ტერიტორიის მნიშვნელობას ცხადყოფს.

აღნიშნული კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.