კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
ფოტო: japannakama
იაპონიაში ჩატარებული 28-წლიანი კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს თავიანთი სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება საოცარი სიზუსტით შეუძლიათ. ნაშრომის მიხედვით, ისინი, ვინც ვარაუდობდნენ, რომ დიდხანს იცოცხლებდნენ, მართლაც დიდ ასაკში გარდაიცვალნენ.
ამის მიუხედავად, კვლევაში ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა — ბევრს ეგონა, რომ იმაზე ხანმოკლე სიცოცხლე ექნებოდა, ვიდრე რეალურად ჰქონდა.
ცუკუბას უნივერსიტეტის სოციოლოგ შოჰეი ოკამოტოს ხელმძღვანელობით, მკვლევართა გუნდმა იაპონიაში 60 წელს გადაცილებული ადამიანების მონაცემები გააანალიზა. 1996 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში 2447 მონაწილეს ჰკითხეს, რამდენ წლამდე ეგონათ, რომ იცოცხლებდნენ. 2000-ზე მეტი რესპონდენტის პასუხი 63-იდან 120 წლამდე ასაკობრივ დიაპაზონს მოიცავდა. მომდევნო 28 წლის განმავლობაში მათგან 1514 გარდაიცვალა. ოფიციალურ ჩანაწერებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ადამიანთა პროგნოზები და მათი სიცოცხლის რეალური ხანგრძლივობა ერთმანეთს შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეთა 59-მა პროცენტმა, რომელთა მონაცემების გადამოწმებაც მოხერხდა, ნავარაუდევზე გაცილებით მეტხანს იცოცხლა. პროგნოზსა და რეალობას შორის კავშირი მაშინაც შენარჩუნდა, როცა სპეციალისტებმა ასაკი, სქესი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოზიტიური აზროვნება სიცოცხლეს ახანგრძლივებს? მკვლევრების თქმით — არა. სავარაუდოდ, ადამიანები, ქვეცნობიერად თუ შეგნებულად, საკუთარ ჯანმრთელობას, გენეტიკასა და ცხოვრების წესს კარგად იცნობენ, რაც მათ მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზის გაკეთებაში ეხმარება. მაგალითად, პიროვნება, რომელიც თავს ჯანმრთელად გრძნობს, ფიქრობს, რომ დიდხანს იცოცხლებს და რეალურადაც ასე ხდება.
მაინც რატომ პროგნოზირებდნენ მონაწილეები, რომ მათი ცხოვრება რეალურთან შედარებით უფრო ხანმოკლე იქნებოდა? ბევრმა სავარაუდო მაქსიმალურ ასაკად 80 წელი დაასახელა, ეს კი 1996 წლის მონაცემებით იაპონიაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელთან ახლოს იყო. როგორც ჩანს, რესპონდენტები საყოველთაოდ ცნობილ, საშუალო სტატისტიკას დაეყრდნენ.
მათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გაუთვალისწინებიათ: 70 წლამდე მიღწეულ ადამიანს უკვე გადალახული აქვს ადრეულ ასაკში სიკვდილის გამომწვევი ის რისკები, რომლებსაც სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებისას ითვალისწინებენ (დაბადების მომენტიდან). შესაბამისად, 70 წლის ასაკში ადამიანის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე მისი დაბადებისას გაკეთებული პროგნოზი მიუთითებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვები აქვს (მონაწილეებს ეს კითხვა მხოლოდ ერთხელ, 1996 წელს, დაუსვეს), ის აჩვენებს, რომ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად რაციონალურად შეფასება შეუძლიათ.
კვლევა სამეცნიერო პლატფორმა medRxiv-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები