მოწყობილობა, რომელიც ენის შეხებით სასურველი საკვების გემოს იმიტაციას ახდენს
ყველას კარგად გვესმის, რომ გაჯეტების გალოკვა არცერთ შემთხვევაში არაა რეკომენდებული. თუმცა იაპონიის მეიძის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ შექმნილი მოწყობილობა ეკრანზე ნაჩვენები საკვების გემოს გამეორებას ზუსტად ენის მიდებით ახდენს.
მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ენის გარკვეული მონაკვეთები შესაბამისი რეცეპტორებით სხვადასხვა გემოს აღიქვამდნენ. ახლა კი ვიცით, რომ ყველა გემოს აღქმის რეცეპტორი მთელ ენაზე თანაბრადაა გადანაწილებული, რაც საკვებით მაქსიმალური სიამოვნების განცდის საშუალებას გვაძლევს. იმის გაგება თუ როგორ მუშაობს ენის რეცეპტორები გადამწყვეტ როლს თამაშობს ახალი მოწყობილობის პროტოტიპის შექმნაში, რომელსაც მისი ავტორი, ჰომეი მიაშიტა, ნორიმაკის უწოდებს.
რეალურად, ადამიანის თვალი მარტივად ტყუვდება გამოსახულებით, რომელიც ტექნიკურად არ არსებობს. ეკრანზე სინამდვილეში ჩვენ მიკროსკოპულ პიქსელებს ვხედავთ, რომლებიც წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის კომბინაციით ერთიანდებიან და საჭირო გამოსახულებას გვაძლევენ. მიაშიტა მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომით ენის მოტყუება და ამით გემოს იმიტირებაც შესაძლებელია. ზუსტად ამიტომ Norimaki Synthesizer-ს სხვანაირად გემოს დისპლეისაც უწოდებენ.
აქამდე არსებული ყველა გემოს იმიტატორი ერთი კონკრეტული გემოს ან არომატის გაძლიერებას ახერხებდა. ნორიმაკის პროტოტიპი კი უფრო აგრესიულ მიდგომას იყენებს და ხუთი სხვადასხვა გელის საშუალებით თითქმის ყველა გემოს იმიტაციას ახდენს.
აგარისგან დამზადებულ გელში ტკბილი გემოსთვის გლიცინი, მჟავე გემოსთვის ლიმონმჟავა, მარილიანი გემოსთვის ნატრიუმის ქლორიდი, ხოლო მჟავე გემოსთვის მაგნიუმის ქლორიდი გამოიყენება. როცა მოწყობილობას ენას მიადებთ, საჭირო გემოს მისაღებად ეკრანის RGB პიქსელების მსგავსად იწყება ამ გელების სხვადასხვა ინტენსივობით გამოყოფა. პროტოტიპის გამოყენებამდე საჭიროა მისი ფოლგაში გახვევა, რათა ნორიმაკის ადამიანის ხელში დაჭერითა და ენაზე მიდებით გამარტივდეს ელექტროფორეზი.
ელექტროფორეზი — პროცესი, რომელიც მოწყობილობის ენაზე მიდებისას ელექტროენერგიის გამოყენებით გელის მოლეკულებს საჭირო თანმიმდევრობას ახარისხებს. შემდეგ ეტაპზე ხდება აგარისგან დამზადებული ზოგიერთი გელის სახეობის ენიდან მოშორება, რაც გემოსა და არომატის გარკვეული პროფილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ამჟამად მოწყობილობა საკმაოდ დიდი და მოუხერხებელია, თუმცა მისი ზომის შემცირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლოა მომავალში ადამიანებმა საყვარელი შოკოლადის ან სხვა ტკბილეულის გემოს შეგრძნება ისე შეძლონ, რომ სანაცვლოდ არცერთი დამატებითი კალორია არ მიიღონ.
კომენტარები