NASA-სა და SpaceX-ის ისტორიული პილოტირებული ფრენა 27 მაისს განხორციელდება
NASA-ს ასტრონავტები დოგ ჰარლი და ბობ ბენკენი ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში ჩაფრინდნენ, რათა ისტორიული მისიისთვის მოემზადონ.
წყვილის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებას კომერციული კომპანიის, SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა და კაფსულა უზრუნველჰყოფს. 2011 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-ს ასტრონავტები სადგურამდე ამერიკის მიწიდან გაფრინდებიან.
ჰარლი და ბენკენი ფლორიდაში სააგენტოს შტაბ-ბინიდან ჩაფრინდნენ, სადაც ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.
NASA-ს და SpaceX-ის გუნდები კი გადაამოწმებენ მზადაა თუ არა ყველაფერი სამომავლო ფრენისთვის. ასევე ჩატარდება რაკეტის ძრავების ტეტსირება. რაც შეეხება ასტრონავტებს, ისინი კოსტიუმებს მოირგებენ და კაფსულაშიც კი მოთავსდებიან, რათა საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა უკეთ გაითავისონ.
"Crew Dragon შესანიშნავია, იგი კოსმოსური შატლისგან საკმაოდ განსხვავდება, იგი ბევრად პატარაა — კაფსულაა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სულ მალე ხომალდში ვისხდებით და სადგურისკენ გავემართებით", — განაცხადა დოგ ჰარლიმ.
NASA-ს კომერციულმა პროგრამამ, რომელიც 2010 წელს დაიწყო, ტრანსპორტის შექმნისთვის ორი კომპანია, SpaceX და Boeing შეარჩია. შეთანხმების თანახმად, კომპანიებს საკუთარ ხომალდებში ადგილების გაყიდვა სხვა კოსმოსური სააგენტოებისთვის, კომპანიებისთვისა და უშუალოდ პიროვნებისთვისაც შეუძლიათ.
"ჩვენ ამერიკელ ასტრონავტებს ამერიკული რაკეტით ამერიკის მიწიდან ვუშვებთ. ამჯერად ამას განსხვავებულად ვაკეთებთ, ჩვენ კომერციულ ინდუსტრიასთან ვთანამშრომლობთ", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.
გაშვება მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, თუმცა გაუთვალისწინებელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, შესაძლოა, გადაიდოს.
ამჟამად, Crew Dragon-ს მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა შეუძლია, ISS-მდე. თუმცა, მიზანი უფრო შორი მანძლების დაფარვაა. აპრილში NASA-მ სამი გუნდი დაიქირავა, რომლებსაც მთვარეზე ადამიანების დაშვებისთვის იდეების შემუშავება ევალება.
კომენტარები