ახალი კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსი ევროპაში ბევრად ადრე ცხოვრობდა
ახლახან მეცნიერებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში განამარხებული ჰომო საპიენსის ნაშთები აღმოაჩინეს, რაც ამტკიცებს, რომ ადამიანები ევროპაში იმაზე ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
როგორც ცნობილია, თანამედროვე ადამიანები ევროპაში დაახლოებით 45 000 წლის წინ მიგრირდნენ და ნეანდერტალელები ჩაანაცვლეს. თუმცა ზუსტად როდის მოვიდნენ ისინი და რა როლი ითამაშეს ნეანდერტალელების გაქრობაში, ნამარხების სიმცირის გამო, საკამათო საკითხს წარმოადგენს.
ბულგარეთში მდებარე ბაჩო-კიროს მღვიმე თავისი უძველესი არტეფაქტებით საკმაოდ მდიდარია, 1970-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნიმუშები სამწუხაროდ შემდეგში დაიკარგა, თუმცა 2015 წელს მკვლევართა გუნდი მღვიმეში ჩვენი წინაპრების ცხოვრების უკეთ შესასწავლად დაბრუნდა.
ორი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-სა და Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა, ჰომო საპიენსის არსებობის უძველეს ნიშნებს აღწერს. პირველი კვლევა ადამიანის ნარჩენებსა და არტეფაქტებს აანალიზებს, მათ შორის ცხოველის ძვლებს, კბილებსა და ადამიანის ძვლებს, რომელთა დნმ ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ჰომო საპიენსს ეკუთვნოდა.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანი ევრაზიაში 45 000 წელზე ადრე მოვიდა. ამ დროის განმავლობაში, დიდი ალბათობით, ადრეული ადამიანები ნეანდერტალელებს შეერივნენ, ხოლო მათ სრულ ჩანაცვლებამდე მათზე გარკვეული გავლენა იქონიეს და მათი ქცევები შეცვალეს.
"ბაჩო-კიროს მღვიმე ევროპაში ზედა პალეოლითის უძველესი ნიმუშია. იგი ხელსაწყოების დამზადების ახალ ტექნიკასა და ახალი ტიპის ქცევას წარმოგვიდგენს, მათ შორის პირადი ორნამენტების შექმნას, რომელიც როგორც ჩვენ ვიცით ნეანდერტალელების მახასიათებელია", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ცენკა ცანოვამ. "ზედა პალეოლითს პირველად სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ვხვდებით, შემდეგ კი ის ნელ-ნელა ვრცელდება და გვხვდება ბულგარეთში, მონღოლეთში და ევრაზიის სხვა რეგიონებშიც, სადაც ჰომო საპიენსმა ნეანდერტალელები თანდათანობით ჩაანაცვლა"
ავტორების თქმით, საკვლევ ტერიტორიებზე მუშაობების გაგრძელება თანამედროვე ადამიანის ადაპტაციის ქრონოლოგიის დასადგენად კრიტიკული მნიშვნელობისაა.
კომენტარები