"მუსიკასავით ჩაესმის მოსკოვს" — რას გულისხმობს უკრაინიდან ელჩის კონსულტაციისთვის გამოძახება
საქართველომ უკრაინას სააკაშვილის თანამდებობის გამო უკმაყოფილების ნიშანი გაუგზავნა და უცნობია, როგორ გაგრძელდება საუკუნოვანი პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობა. ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებისთვის ჩამოვა. შემდეგ კი, სავარაუდოდ, მთავრობისგან მიღებული ახალი ინსტრუქციით დაუბრუნდება ელჩის საქმიანობას კიევში.
8 მაისს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მიუხედავად "თანამდებობის დონის დაწევისა" [ვიცე-პრემიერობის შეთავაზებიდან ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეობამდე], ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეს მაინც გამოიძახებენ. მან თქვა, რომ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა და იქვე, კონსულტაციების შინაარსიც განმარტა.
- ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო ნაბიჯად, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტა ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაარ განიხილება;
- მისივე თქმით, მთავრობა ელჩთან ერთად განსაზღვრავს მომდევნო მოქმედებებს, რათა ამან ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებისა და ელჩის გამოძახების მიუხედავად, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მოგონილი თანამდებობა მისცეს.
"პირველ რიგში, მინდა, რადას დეპუტატებს მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, მოგონილი თანამდებობაა, ასე ვიტყოდი, ესეც გარკვეულ სკეპციზს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში", — განაცხადა კალაძემ.
ამასთან, უკრაინული მხარის პასუხია, რომ სხვა სახელმწიფო მათ ვერ მიუთითებს, თუ სად შეიძლება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ თქვა ისიც, რომ შეეცდებიან საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობები შეინარჩუნონ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი უკრაინის მიმართ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.
სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომად აფასებს:
"ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარედ დავნიშნე".
საქართველოს დიპლომატიური უწყების დღევანდელი განაცხადის მიუხედავად, უცნობია, როგორ შეხედავენ ამას პარტნიორი ორგანიზაციები და ვინ ისარგებლებს ამით? რა უფრო მნიშვნელოვანია მმართველი ძალისთვის, შიდაპარტიული ინტერესები, თუ საგარეო პოლიტიკა?
"ვიწროპარტიული საკითხების ჩაკვეხება"
ანალიტიკოსების აზრით, ელჩის გამოძახება საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებების ლოგიკური გაგრძელება იყო, თუმცა დასავლეთში პოზიციების გასამყარებლად, საჭიროა, მალე აღმოიფხვრას ეს "გაუგებრობა".
ფონდ ღია საზოგადოება — საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, On.ge-სთან განმარტავს, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეგიონალური სვლა იქნება საჭირო და თუკი ქვეყნები დაქუცმაცდებიან, ეს ჩრდილოელი მეზობლისთვის უფრო ხელსაყრელია.
"არ მგონია ამას [ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევას] ევროკავშირის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვეს. სტრატეგიულ პარტნიორობას არ შეიძლება ასე მარტივად დაესვას კითხვის ნიშანი. იმ თვალსაზრისით, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია, რეგიონალური სვლა გვქონდეს, საჭიროა, რაც შეიძლება მალე დალაგდეს ეს გაუგებრობა.
მხოლოდ საქართველო კიარა, ან მხოლოდ უკრაინა ან მოლდოვა, არამედ, ერთიანი პოზიციით უნდა წარვსდგეთ ევროინტეგრაციის პროცესში. უნდა ვეცადოთ ბევრი მოკავშირე გვყავდეს. რაც უფრო დაძაბულობა იქნება ჩვენსა და მოკავშირეს შორის, მოსკოვისთვის მეტად გასახარია", — ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ On.ge-ს უთხრა, რომ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დასავლეთისთვის სასიამოვნო არ არის, რაც "მუსიკასავით ჩაესმის მოსკოვს". ისიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებით რეგიონალურად მოიაზრებოდეს და არა, როგორც ცალკეული ქვეყანა.
"მასაც სწორედ ეს უნდა, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის სიტუაცია დაიძაბოს და არ განიხილებოდეს [საქართველო-უკრაინის] ტანდემი იგივე ნატოსთან, ევროკავშირთან მიმართებით. ბუნებრივია, ასეთი სცენარის განვითარება ხელს არ უწყობს არც უკრაინის, არც საქართველოს ინტერესს. ჩვენ გვჭირდება მოდელი, სადაც რეგიონალურად მოვიაზრებით, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან მიმართებით. მაგალითად, ასე არიან ბალტიისპირეთის, ვიშეგრადის სახელმწიფოები. რომ გადავხედოთ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოვებას, იყო შემთხვევები, როცა ინდივიდუალურადაც იღებდნენ წევრებს, ხანდახან ჯგუფურად. ვინაიდან ზუსტი რეცეპტი არ გვაქვს, ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ მზად", — ამბობს ის.
კორნელი კაკაჩია აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფასი და წონა დიდია ევროპული უსაფრთხოებისთვის, რაც ვიწროპარტიულმა ინტერესებმა არ უნდა შეიწიროს:
"მესმის, რომ რეგულაციები და კანონებია, მაგრამ დიდი გეოპოლიტიკის მოთამაშე ხომ ვართ ჩვენ და აი, აქ რამდენად ღირს, ვიწროპარტიული საკითხების ჩაკვეხება, როცა ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი, არ ვიცი, დასაფიქრებელია".
პოლიტოლოგი იხსენებს, რომ აქამდე, უშუალოდ უკრაინას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან არასდროს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რადგან "სააკაშვილის აჩრდილი მუდამ იქ ტრიალებდა".
"სააკაშვილი ოპოზიციაში თუ იყო, ურთიერთობა ოდნავ უმჯობესდებოდა... ერთადერთი, საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებით აჯერებდნენ მოსაზრებებს", — ამბობს კაკაჩია.
რატომ უღირს ქართულ ოცნებას პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვა? — ამას პოლიტოლოგი "იდენტობის დაზიანებით" ხსნის. მისი შეფასებით, ქართულ ოცნებას სააკაშვილის გააქტიურება აღიზიანებს და ეშინია, ამ ფაქტმა ნაციონალური მოძრაობის მომხრეები "არ შეაფრთხიანოს", ამით კი ხელისუფლება არ დაკარგოს:
"საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან გაუჭირდა ქართულ ოცნებას. შეიძლება სააკაშვილი ისეთი პოპულარული არაა, მაგრამ წინა არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატის მიუღებლობა იმდენად დიდი იყო, რომ არა მეორე ტური, რაც სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, კაციშვილმა არ იცის, ვინ გაიმარჯვებდა".
როგორი იყო პოლიტიკური ოპოზიციის რეაქცია
ნაციონალური მოძრაობა თავიანთი ლიდერის მიერ უცხო ქვეყანაში დაკავებულ თანამდებობას ქვეყნისა და პარტიის გაძლიერების შესაძლებლობად ხედავს. ნიკა მელიამ 8 მაისს ამ ფაქტს ვრცელი ბრიფინგი მიუძღვნა და თქვა, რომ ეს, ისევე, როგორც უკრაინას, საქართველოსაც გამარჯვებას მოუტანს:
"დადგა გამარჯვების დრო უკრაინაში, დადგა გამარჯვების დრო საქართველოში, დადგა დრო, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბორბალი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უკუღმა ტრიალებს, წაღმა დავატრიალოთ".
ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, უმჯობესი იყო, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის დანიშვნაზე არანაირი რეაგირება არ მოეხდინა:
"ელჩის გამოწვევა კლასიკური მაგალითია ქართული ოცნების უპრინციპო და ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის. საბოლოო ჯამში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, რომ არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე არ მოეხდინათ და არცერთი წამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინათ სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან.
ეს მუქარები, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გადახედვა და რაღაც პრობლემების შექმნა მომავალში და ამიტომ იწვევენ ახლა ელჩს, ჩვენი ეროვნული ინტერესებს საწინააღმდეგოა", — განაცხადა კაპანაძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.
ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის არაერთი მუხლით გაასამართლეს, თუმცა ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი უცხო ქვეყნიდან ექსტრადირება. ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ გასამართლებული პირის დანიშვნა მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
ამავე თემაზე:
- სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა შეარყევს ნდობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის — თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს
- პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია — გახარია
- კობახიძე: სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში საფრთხეებს უკავშირდება, არ გვინდა, მეგობარი ქვეყანა მათ წინაშე დადგეს
კომენტარები