ეს ტექნოლოგია ჯერ არც კი არსებობს, მაგრამ მისი შედეგები შეიძლება იმდენად დამანგრეველი იყოს, რომ დარგის მეცნიერები მის აკრძალვას ახლავე მოითხოვენ — სანამ ძალიან გვიან არ არის.

საუბარია "სარკისებურ სიცოცხლეზე" — სინთეზურ ორგანიზმებზე, რომლებიც ბიოლოგიას თავდაყირა აყენებენ.

"სარკისებური სიცოცხლის შექმნა ძალიან სახიფათოა. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა ამის გაკეთება ვერავინ შეძლოს. ახლა საკითხი შემდეგია: ვიმოქმედებთ თუ არა მანამ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია", — წერს ჯონ გლასი, სინთეზური ბიოლოგი, რომელმაც წვლილი შეიტანა სინთეზური გენომის მქონე პირველი ცოცხალი უჯრედის შექმნაში.

სარკისებური სიცოცხლის ფორმები შეიცავს დნმ-ის სტრუქტურებს, რომლებიც ყველა ცნობილი ორგანიზმის სარკისებური ანარეკლია. დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეში დნმ-ის ორმაგი სპირალი მარჯვენა ხელის მიმართულებით არის დახვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძაფები — შაქარ-ფოსფატის ძაფი — მარჯვნივ იხვევა. საპირისპირო შემთხვევა გვაქვს ცილებში, რომლებიც უჯრედების სამშენებლო მასალაა — ისინი მარცხენა ხელის მიმართულებით არის "დახვეული".

ეს ეგრეთ წოდებული ჰომოქირალობა ყველა ცნობილი სიცოცხლის ფორმისთვის ჭეშმარიტია. ჩნდება შეკითხვა, რა ხდება, როდესაც ადამიანები ქმნიან სინთეზურ ორგანიზმს, სადაც დნმ მარცხნივ იხრება, ხოლო ცილები მარჯვნივ?

საქმე იმაშია, რომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუმცა ბევრ ბიოლოგს უარესის ეშინია. დეკემბერში, დარგის წამყვანმა ფიგურებმა, მათ შორის ნობელის პრემიის ორმა ლაურეატმა, გამოაქვეყნა მასშტაბური ტექნიკური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სარკისებური სიცოცხლის შედეგები "შეიძლება გლობალურად კატასტროფული იყოს", შესაძლოა, ყველა ცოცხალი არსების განადგურებაც კი, თუ ახალი ორგანიზმები არსებული სიცოცხლისთვის, მაგალითად, ჩვენთვის, პათოგენური აღმოჩნდება.

მიმდინარე წლის ივნისში, 150-ზე მეტმა მეცნიერმა შეშფოთება გამოთქვა პარიზის პასტერის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე. მათ ხსენებული ტექნოლოგიის მუშაობასთან დაკავშირებით რისკებზე ისაუბრეს.

"ეს ისეთი რამ არის, რისიც ძალიან მეშინია და მე მარტო არ ვარ", — აღნიშნა გლასმა. მან დაამატა, რომ ალფრედ პ. სლოუნის ფონდი, გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, მხარს არ დაუჭერს სარკისებური ორგანიზმების შექმნის მცდელობებს.

მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ ტექნოლოგიას სულ მცირე ერთი, შესაძლოა, სამი ათწლეული მაინც დასჭირდება. მეორე მხრივ, საფრთხეებს არც ეს გამორიცხავს.

"როგორც კი სარკისებური უჯრედის შექმნა შესაძლებელი გახდება, შედარებით ადვილი იქნება სარკისებური ბაქტერიების მრავალი სხვა სახეობის — სარკისებური სიცოცხლის უმარტივესი ფორმის — შექმნა. ამით პანდორას ყუთი გაიხსნება და რისკებიც შეუქცევადი შეიძლება გახდეს", — ამბობ გლასი.

გლასის თქმით, ჩვენი იმუნური სისტემა ძალიან სუსტ ანტისხეულების პასუხს გამოიმუშავებს სარკისებრი მოლეკულების მიმართ, თუ საერთოდ გამოიმუშავებს. ერთი იმუნოდეფიციტის არსებობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი ბაქტერიული ინფექციებისგან; სარკისებრი ბაქტერიული ინფექცია შეიძლება ერთდროულად მრავალი იმუნური დეფიციტის ქონას ჰგავდეს.

გარდა ამისა, მსგავსი ბაქტერიების გავრცელება შეიძლება იმაზე უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე ჩვეულებრივი ბაქტერიების.

"დაბინძურებული ტერიტორიები შეიძლება შეუქცევადად დაუსახლებელი გახდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ სამყაროს. შესაძლოა, უამრავი ადამიანი, ცხოველი და მცენარე განადგურდეს, ზოგი კი გადაშენების პირას აღმოჩნდეს", — თქვა გლასმა.

თუ ეს ასე საშიშია, მაშინ საერთოდ რატომ უნდა ვფიქრობდეთ სინთეტიკური სიცოცხლის შექმნაზე? საქმე იმაშია, რომ მედიცინაში ამ ტექნოლოგიის პოტენციალი თითქმის შეესაბამება მის განადგურების პოტენციალს. სარკისებრი ცილების ახალი ფორმები შეიძლება გამოვიყენოთ უფრო ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც ორგანიზმში უფრო დიდხანს გაძლებს. ამრიგად, გლასის თქმით, ამ სფეროში ბალანსია საჭირო.

"ამას დასჭირდება მეტი სიზუსტე იმის შესახებ, თუ რა კვლევის გაგრძელება შეიძლება და რა უნდა შეჩერდეს. საბედნიეროდ, ჩვენ ეს საფრთხეები გაცილებით ადრე გავაცნობიერეთ, სანამ პანდორას ყუთს გავხსნიდით", — აღნიშნა გლასმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.