რომელ წიგნებს კითხულობდნენ მკითხველები იზოლაციაში? — ნახეთ საბას ხუთეული
პანდემიის შედეგების შეჯამება, მართალია, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია — მან საზოგადოებაში სოლიდარობის განცდა განსაკუთრებით გააძლიერა. ამ პერიოდში სხვადასხვა კომპანიების, მცირე სტარტაპებისა თუ ცალკეული ადამიანების ინიციატივებმა არაერთხელ დაგვარწმუნა ერთიანობის მნიშვნელობაში. მათ შორის გამორჩეული კი ელექტრონული წიგნების სახლის, საბას კამპანია იყო, რომლის შესახებ მისი დაწყებისთანავე მოგიყევით, თუმცა მათ, ვისაც გამორჩა, ვეტყვით, რომ 16 მარტიდან საბამ მომხმარებლებისთვის 6 000-ზე მეტი წიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა.
თავდაპირველად კამპანია ერთი თვით დააანონსეს, თუმცა საგამომცემლო სფეროს ხელშეწყობის მიზნითა და მკითხველთა თხოვნით ის პროგრამა #თიბისიშენთვის ფარგლებში კიდევ უფრო დიდხანს იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. შედეგად კი უამრავ მკითხველს იზოლაციაში ერთგვარი ელექტრონული ბიბლიოთეკა ჰქონდა და ამ საკმაოდ სტრესული პერიოდის შემსუბუქება კითხვით შეეძლო.
კამპანია უკვე დასრულდა და მკითხველების რჩეული წიგნებიც გამოვლენილია. ამ სტატიაში მოგიყვებით სწორედ იმ ხუთ წიგნზე, რომელიც საბას კამპანიის ფარგლებში ყველაზე ხშირად წაიკითხეს.
მზე მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) — თემურ ბაბლუანი
ამ სიაში თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურის ყანის დანახვა, ალბათ, არავის გაუკვირდება. ცნობილი ქართველი რეჟისორის სათავგადასავლო რომანმა აღიარება გამოცემიდან ძალიან მალე მოიპოვა და დღემდე არ ტოვებს ბესტსელერთა რიგებს. მისი გამორჩეულობა, მკითხველების გარდა, ლიტერატურულ წრეებსაც არ გამორჩენია და წიგნი 2019 წლის პრემია საბაზე წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად აღიარეს.
მისი განსაკუთრებულობა, ალბათ, იმ დინამიურ ხასიათსა და სიუჟეტშიც ჩანს, რომელიც მკითხველს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და მთავარი გმირის ხიფათიანი ცხოვრების თანამგზავრად ხდის. თუმცა, შინაარსზე, სჯობს, ბევრი არ გესაუბროთ.
თემურ ბაბლუანისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ადამიანები პანდემიის პერიოდში მის წიგნს ხშირად კითხულობდნენ. "ძალიან სასიამოვნოა და თუ კიდევ უფრო ჩავუფიქრდებით და იმას ვიფიქრებთ, რომ ამ დაძაბულობაში ვიღაცას რაღაცით გამოადექი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია", — ამბობს ის On.ge-სთან საუბრისას. თემურ ბაბლუანი აღნიშნავს, რომ საბა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ "მკითხველები ახლოს მოვიდნენ მწერალთან".
როგორც მწერალი გვიყვება, ამ პერიოდში ფოლკნერი კიდევ ერთხელ გადაიკითხა და მკითხველებსაც სწორედ მის წიგნებს ურჩევს. "ძალიან მიყვარს ხმაური და მძვინვარება, ასევე, რემარკის სამი მეგობარი ჩემი საყვარელი წიგნია", — ამბობს ავტორი.
მან ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ძველ ნაწერებს მიუბრუნდა. "ახლა დრო მაქვს და რაღაცებს ვასწორებ, თუმცა გამოვაქვეყნებ თუ არა, ზუსტად არ ვიცი", — გვეუბნება ის. ასე რომ, შესაძლოა, მზე მთვარე და პურის ყანის ავტორისგან სამომავლოდაც ველოდოთ ახალ ნაწარმოებს.
ყვავილები ელჯერნონისთვის — დენიელ კიზი
ამ შიგნის გამორჩეულობა, წეძილება, სშორედ იმის დასახურებაა, რომ ტექსტი ისეა დაშერილი, როგორც მისი პერსომაჟი გადმოსცენს, ზუსტად, ისე, როგორც აძლა თქვემ კითძულობთ. ვაღიარებ, ამ წინადადების დასაწერად დიდი დრო დავხარჯე, სამასგვერდიანი წიგნის თარგმნას და მისი უნიკალურობის, პერსონაჟის უზარმაზარი ტრანსფორმაციის ქართულ ენაზე გადმოტანას კი, ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ძალისხმევა დასჭირდებოდა.
წიგნის ყვავილები ელჯერნონისთვის თარგმნის პროცესსა და მის გამორჩეულობაზე მთარგმნელი თინათინ ხომერიკი გვესაუბრა. "წიგნმა წაკითხვისთანავე დამიჭირა, რადგან ხელოვნურად დამახინჯებული ენა მთავარი გმირის განვითარებას და რაობას ძალიან კარგად ასახავს. როცა თარგმნა დავიწყე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი — ფოლკნერის ხმაური და მძვინვარება გამახსენდა, სადაც გვხვდება ასეთი დაშლილი ენა, რომლითაც პერსონაჟის სამყაროში უნდა შეაღწიო", — ამბობს თინათინი.
მთავარი გამოწვევა მისთვის ტექსტის არასტანდარტული ფორმა და მისი ქართულად გადმოტანა აღმოჩნდა, თუმცა, როგორც მთარგმნელი ამბობს, წიგნის შინაარსმა და ენამ ძალიან გაიტაცა და ეს საქმეც თავსატეხს დაემსგავსა, პროცესი კი ძალიან საინტერესო და ჩამთრევი გახდა. "ეს იყო პირველი მხატვრული, სქელტანიანი გამოცემა, რომელიც დამოუკიდებლად ვთარგმნე. ძალიან სასიხარულოა, როცა მკითხველებს მოსწონთ, მეუბნებიან, რომ მათი საყვარელი წიგნია და მიხარია, რომ ამაში ჩემი მცირე წვლილიცაა. წიგნის ასეთი პოპულარობა კი ნამდვილად სიურპრიზი იყო და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა", — გვითხრა თინათინმა.
თინათინ ხომერიკი ამბობს, რომ ბოლო დროს წაკითხული წიგნების შინაარსი ახლანდელ მდგომარეობას, პანდემიას, ძალიან დაემთხვა. "დამთხვევები წიგნებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის მნიშნველოვანია. ახლახან წავიკითხე სომერსეტ მოემის ჭრელი საბურველი. წიგნში მოქმედება ჰონგ-კონგში, გავრცელებული ეპიდემიის ფონზე ვითარდება, სადაც მთავარი პერსონაჟი გამოცდილებას იღებს და ამ გამოცდილების გავლით სხვა ადამიანი ხდება", — გვიყვება თინათინი. გარდა ამისა, ახლახან წაკითხული ქართულენოვანი წიგნებიდან ის მკითხველებს ოთარ ჭილაძის აველუმს ურჩევს და ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი რომანია ჩვენი უახლესი ისტორიის გააზრებისთვის. ასევე, რეკომენდაციას უწევს დავით წერედიანის პუბლიცისტურ ნაშრომს თემა და ვარიაციები.
ბედუინი — ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი)
ბედუინი სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც თავდაპირველად ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com ქვეყნდებოდა ნეფერტარის ფსევდონიმის ქვეშ, წიგნად კი 2018 წელს გამოიცა. როგორც ავტორი, ნინო ჭიპაშვილი ამბობს, წერის შთაგონება მას შემდეგ მიიღო, რაც შემთხვევით საჰარის უდაბნოში ღამით მარტო დარჩა, როცა ტურისტულ ჯგუფს ჩამორჩა. ნინო გვიყვება, რომ ღამის გათენება ზეთისხილის ხის ქვეშ, "ეგვიპტურ წკვარამში" მოუწია და სწორედ მაშინ იგრძნო რას ნიშნავდა ნამდვილი შიში.
ბედუინის სიუჟეტი გამოგონილია, თუმცა პერსონაჟების ნაწილი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული. ხოლო ისეთი პასაჟები, როგორიცაა უდაბნოში წყლის მოპოვება, თუ ღამით ვარსკვლავების დახმარებით გზის გაკვლევა, ფიზიკის, ბიოლოგიის, ასტრონომიის თუ სხვა მეცნიერულ წესებს ეყრდნობა. "ამ წიგნით მინდოდა, ახალგაზრდა თაობისთვის მეჩვენებინა, რომ ცოდნა ის ძალაა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოს და გზა გაპოვნინოს", — ამბობს ნინო.
მწერალი გვიყვება, რომ წიგნში უცხო ამბავია მოთხრობილი და შესაძლოა სწორედ ამიტომ აიტაცა მკითხველმა ასე. "ესაა ქართველი პერსონაჟის ისტორია სხვაგან, ექსტრემალურ პირობებში. ეს ბუნების პირისპირ შერჩენილი ადამიანის ამბავია და ალბათ ამან მიიზიდა მკითხველი",— აღნიშნავს ნინო.
მისთვის ძალიან სასიხარულოა წიგნის ამ ხუთეულში მოხვედრა. "როცა ადამიანები ასეთ რთულ პირობებში ირჩევენ შენს წიგნს, კითხულობენ, მოსწონთ და უზიარებენ სხვას, ძალიან სასიხარულო და საპატიოა. მადლობელი ვარ მკითხველის, რადგან ჩემი წიგნი აღმოჩნდა ისეთ ავტორებს შორის, როგორიცაა საბას ლაურეატი თემურ ბაბლუანი და შილერის მემორიალური პრემიის მფლობელი ნინო ხარატიშვილი. ეს ძალიან საპატიოა ჩემთვის", — ამბობს ის.
როგორც აღმოჩნდა, ავტორი აქტიურად იყენებს საბას ელექტრონული წიგნების პლატფორმას და ამბობს, რომ მისი მეშვეობით წიგნი მკითხველისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისა და ემიგრანტებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ის მკითხველებს ქართულ ლიტერატურას — გელა გელაშვილის ავტობიოგრაფიული მოთხრობების კრებულს რელიეფურ გლობუსთა თავისებურებანი, თამაზ ნატროშვილის მაშრიყით მაღრიბამდე, აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან და ლუკა ბაქანიძის მესამე ნაპირს ურჩევს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას გვიმხელს, რომ ორ ნაწარმოებზე მუშაობს, რაც დიდ დროს მოითხოვს. "ყოველთვის მინდა, ჩემმა ნაწერმა მკითხველს ემოციასთან ერთად ცოდნა დაუტოვოს, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი იყოს მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული", — გვეუბნება "ნეფერტარი". ეს ფსევდონიმი მას urakparaki.com-დან შემორჩა და წიგნის მსგავსად, ისიც აღმოსავლეთს უკავშირდება. ნინო გვიყვება, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ყველგან ამ დედოფლის სახელი ხვდებოდა, უცნობმა ბედუინმა ქალმა მას მიამსგავსა კიდეც, ლიტერატურულ პორტალზე დარეგისტრირებისას კი ეს სახელი ავტომატურად დაწერა და მას შემდეგ აღარც შეუცვლია.
მერვე სიცოცხლე (ბრილკას) — ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე უკვე შეაფასეს როგორც "მასშტაბური ისტორიული რომანი", "საგა დიდი ოჯახის შესახებ", მან 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო _ ბერტოლდ ბრეხტის პრემიაც მიიღო. წიგნზე, რომელშიც ერთი ოჯახის ისტორიის ფონზე გასული საუკუნის ევროპის ისტორიაც ოსტატურადაა მოთხრობილი, ავტორი თავად გვესაუბრა.
როგორც ნინო ხარატიშვილი გვიყვება, წერის პროცესი ძალიან გრძელი, ინტენსიური იყო და 4 წელი გაგრძელდა. როგორც ამბობს, თვითონაც არ ეგონა, თუ ამხელა მოცულობის გამოვიდოდა და არ ჰქონდა ასეთ მასშტაბზე გათვლა. "მეგონა ორი ათწლეულით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ შემდეგ კვლევის და გამოძიების პროცესმა ისე ჩამითრია, ვერ გავჩერდი, მომიწია დროში მოგზაურობა. პირველი ორი წელი ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ასევე სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, თეატრში ვიყავი. ბოლო 2 წელი კი სხვა არაფერი მიკეთებია, ვმოგზაურობდი, ვწერდი, ვიკვლევდი და სხვადასხვა, წიგნისთვის მნიშვნელოვან ადგილს ვნახულობდი," — ამბობს ნინო.
ავტორი ამბობს, რომ წიგნის შესახებ სხვადასხვა ასაკის, სქესის, ბიოგრაფიის, ეროვნების მკითხველებისგან სხვადასხვა შეფასებები, აქცენტები მოდის. "ყველა რაღაც თავისთვის მნიშვნელოვანს ეძებს წიგნში და საინტერესო თემებზე აკეთებს ფოკუსირებას, თუმცა ვფიქრობ ოჯახი, როგორც ზოგადი თემა, ძალიან ბევრ მკითხველს აერთიანებს", — აღნიშინავს მწერალი და უხარია, რომ ამ პერიოდში ქართველი მკითხველი მის წიგნს ხშირად კითხულობდა: "არ ვიცი რაოდენ ეხმარებათ სტრესის დაძლევაში, მაგრამ ხშირად მესმის, რომ რეალობას წყვეტს და წიგნში ამოგზაურებს. რა თქმა უნდა, კარანტინი თავისი ბევრი პრობლემის და გამოწვევის მიუხედავად, დროის ფუფუნებას აჩენს და ამ დროს სქელტანიანი წიგნები, ალბათ, უფრო პოპულარული ხდება," — ამბობს ის.
მწერალი ამ ეტაპზე ოლგა ტოკარჩუკის Flight-ს კითხულობს და რეკომენდაციასაც უწევს. აღნიშნავს, რომ ეს წიგნი მოგზაურობაზეა, ამ სიტყვის ბევრი გაგებით და ამ სრულიად ჩაკეტილ რეალობაში კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს მოგზაურობის და მოძრაობაში ყოფნის მნიშვნელობაზე.
ნინო ახალ რომანზეც მუშაობს. სურს, წელს დაასრულოს, თუმცა ამბობს, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, რთულია თქვას, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება.
სიყვარულის ორმოცი წესი — ელიფ შაფაქი
სიყვარულის ორმოცი წესი თურქი მწერალი ქალის ელიფ შაფაქის ინგლისურენოვანი წიგნია, რომელიც ეხება "სიყვარულს, სულიერებას და აღწერს, რას ნიშნავს, მიჰყვე გულის კარნახს".
მთარგმნელი ია ქვაჩახია On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს წიგნი საინტერესოა მათთვის, ვისაც აღმოსავლური კულტურა უყვარს. "აღმოსავლური თემატიკა და არქაული ლექსიკა ქართულ ენას ძალიან უხდება, ამიტომ კარგად მოერგო ის ჩვენს ლექსიკას. ეს გამორჩეული წიგნია იმით, რომ სავსეა სულიერებით, თუმცა შორსაა ფანატიზმისგან. ფანატიზმი მიუღებელია მთავარი გმირისა და სხვა პერსონაჟებისთვის, ისევე, როგორც ავტორისთვის", — ამბობს ია. მისი თქმით, თარგმნის პროცესი რთული იყო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც და გაუმართლა, რომ ასეთი წიგნის თარგმნის საშუალება მიეცა.
"სიყვარულის ორმოცი წესი საქართველოში გამოცემისთანავე პოპულარული გახდა და ხშირად ხვდებოდა რეიტინგულ წიგნებს შორის, თუმცა იმის გაგება, რომ ასეთ მძიმე დროს კითხულობენ ადამიანები, რა თქმა უნდა სასიამოვნოა. წიგნი თვითონაა შვებისმომგვრელი და ალბათ, ამიტომაც მიეტანა მკითხველი", — აღნიშნავს მთარგმნელი.
ია ქვაჩახიას ელიფ შაფაქის ოთხი წიგნი აქვს თარგმნილი. ის ამბობს, რომ ყველა წიგნი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. "ეს ავტორის დაუშრეტელ ფანტაზიაზე მეტყველებს. ის ძალიან ძლიერი ქალია და როგორც მწერალი მუდმივად იზრდება. მისი ბოლო წიგნი 10 წუთი და 38 წამი ამ უცნაურ სამყაროში ძალიან ემოციურია და ნომინირებული იყო კიდეც ბუკერის პრემიაზე. შაფაქი ხშირად თურქეთზე წერს, ეხება ქსენოფობიის საკითხებს, ფემინიზმს და ყველა სხვა იმ თემას, რაც თურქეთსა და თუნდაც ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია", — გვიყვება ია.
ის საყვარელი წიგნების ხუთეულზეც გვესაუბრა და მკითხველებს რეზო ჭეიშვილის წიგნი მუსიკა ქარში ურჩია. მისი თქმით, ეს ქართული ლიტერატურის მარგალიტია. გარდა ამისა, რეკომენდაციას უწევს კაზუო იშიგუროს წიგნს როცა ობლები ვიყავით, ჯორჯ ორუელის ბირმულ დღეებს, ყურბან საიდის ქალიშვილი ოქროს რქიდან და ტანი ძაკის ჩრდილის ქებას. ამჟამად კი კითხულობს ამელი ნოტომის წიგნს არც ევა არც ადამი.
კამპანიის შესახებ
კამპანიის მიზნებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საბას დირექტორი ირინა ჯავახაძე გვესაუბრა:
ირინა ჯავახაძის თქმით, აქციის მიზანი და საბას, ისევე როგორც გამომცემლობების ამოცანა მიმდინარე მოვლენების ფონზე მკითხველების წახალისება, მოტივაცია და სასიამოვნო განწყობის შექმნა იყო. "ვფიქრობ, ეს შევძელით. უამრავი მადლობის წერილი, ზარი და შეტყობინება მივიღეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდით ამხელა დაინტერესებას, რაც ძალიან გვახარებს", — აღნიშნავს ის.
ირინა ამბობს, რომ პანდემიის დროს ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს უფრო მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდათ. მისი თქმით, ამ რთულ და დაძაბულ ყოფაში, ყველას ესაჭიროება სასიამოვნო ამბებზე გადართვა და თავის შექცევა. "იმისათვის რომ სიცოცხლისუნარიანები დავრჩეთ, სწორედ წიგნი და ლიტერატურული მოგზაურობა გვეხმარება ასეთი პრობლემების გადალახვაში". გამოვლენილ ხუთეულზე საუბრისას კი ამბობს, რომ გამოარჩევდა თემურ ბაბლუანის სადებიუტო რომანს, "რომელიც სიყვარულისა და სიკეთის დიდი თავგადასავალია".
ირინა გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ჯგუფი საბკულტურა შექმნეს. "ეს არის სივრცე მკითხველებისთვის, სადაც შეუძლიათ მიიღონ და გასცენ ლიტერატურული რეკომენდაციები. უსმინონ საყვარელ მწერლებს, ლიტერატორებს, გამომცემლებს. ჯგუფი საკმაოდ აქტიურია. საბა აგრძელებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ფორმატის აქტივობების შეთავაზებას. ასევე, მალე მათ შევთავაზებთ ახალ აქციას", — ამბობს ირინა.
ასე რომ, სამომავლოდ როგორც მწერლებისგან, ისე საბასგან ლიტერატურულ თავგადასავლებს უნდა ველოდოთ.
-
გადახედვალევან ლორთქიფანიძე: ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ, რადგან საქმე გვაქვს შეურაცხადი ხალხის მიერ მართულ ავტორიტარიზმთან ლევან ლორთქიფანიძე: ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ, რადგან საქმე გვაქვს შეურაცხადი ხალხის მიერ მართულ ავტორიტარიზმთან
-
გადახედვაCPJ მზია ამაღლობელის საქმეზე: მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო? CPJ მზია ამაღლობელის საქმეზე: მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო?
-
გადახედვამოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმში გაიმართება მოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმში გაიმართება
-
გადახედვასაქართველოში უკვე შეგიძლიათ, პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინით უფასოდ აიცრათ საქართველოში უკვე შეგიძლიათ, პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინით უფასოდ აიცრათ
-
გადახედვარუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ 5000 ლარით დაჯარიმდებიან რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ 5000 ლარით დაჯარიმდებიან
-
გადახედვანიკოლოზ გამყრელიძე: პოლიტიკური კრიზისი უკვე გადადის ეკონომიკურ კრიზისში ნიკოლოზ გამყრელიძე: პოლიტიკური კრიზისი უკვე გადადის ეკონომიკურ კრიზისში
-
გადახედვამეცნიერება Apple TV-ის Severance-ის მიღმა — ორი ცნობიერება ერთ ტვინში მეცნიერება Apple TV-ის Severance-ის მიღმა — ორი ცნობიერება ერთ ტვინში
-
გადახედვაბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო ბათუმის აქციების მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
-
გადახედვაარჩილ გუჩმანიძე: ვთხოვ ყველა ბსუ-ელს, აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! არჩილ გუჩმანიძე: ვთხოვ ყველა ბსუ-ელს, აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ!
-
გადახედვაკობახიძე ენმ-ს გამოძიებაზე: ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ გამოვიყენებთ ზომებს კობახიძე ენმ-ს გამოძიებაზე: ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ გამოვიყენებთ ზომებს
-
გადახედვამიხეილ სააკაშვილი: მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა მიხეილ სააკაშვილი: მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა
-
გადახედვაკონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებს კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა ირაკლი კობახიძე: ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა
-
გადახედვა17 იანვარს ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი გამართა — რა გავიგეთ 17 იანვარს ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი გამართა — რა გავიგეთ
-
გადახედვათემურ ჭყონია: შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ თემურ ჭყონია: შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ
-
გადახედვავნებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება კრიტიკულ აზროვნებას? — კვლევა ვნებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება კრიტიკულ აზროვნებას? — კვლევა
-
გადახედვამელია იოსელიანზე: ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა მელია იოსელიანზე: ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა
-
გადახედვაTI: დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია TI: დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია
-
გადახედვამედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურასთან გადაინაცვლეს მედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურასთან გადაინაცვლეს
-
გადახედვალევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე არ ივლის ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე არ ივლის
-
გადახედვაკალაძე: ტრამპს შევხვდებით მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება კალაძე: ტრამპს შევხვდებით მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება
კომენტარები