კორონავირუსის გამოცანა — რატომ ვრცელდება ის მსგავს ქვეყნებში სხვადასხვაგვარად
კორონავირუსმა ირანში იმდენი ადამიანი იმსხვერპლა, რომ ქვეყანაში მასობრივი დაკრძალვები დაიწყო. საინტერესოა, რომ მეზობელ ერაყში, კორონავირუსმა 100-ზე ნაკლები ადამიანი იმსხვერპლა. დომინიკელთა რესპუბლიკაში COVID-19-ის 7 600 დადასტურებული შემთხვევაა, მეზობელ ჰაიტიში კი მხოლოდ 85.
კორონავირუსი მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეხო, თუმცა დაავადება სხვადასხვაგვარად ვრცელდება. მაგალითისთვის, ბუნებრივია, რომ დიდ ქალაქებს, როგორიცაა პარიზი ან ლონდონი, პანდემია მწვავედ შეეხო, თუმცა აზიურ მეგაპოლისებში, ნიუ-დელიში და ბანგკოგში ვირუსს ნაკლებად დამანგრეველი ეფექტები ჰქონდა.
მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ცდილობენ გაიგონ, რატომ ვრცელდება ვირუსი "მსგავს" გარემოში სხვადასხვანაირად. ამ მომენტისთვის ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არაა და მეცნიერები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებამდე მიდიან.
ვირუსის გავრცელებაზე მრავალ ფაქტორს აქვს გავლენა. მაგალითად, ქვეყანაში დემოგრაფიულ განაწილებას, გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს (რომლებიც გარკვეულ ჯგუფებს ვირუსისადმი მოწყვლადს ხდიან) და გენეტიკასაც კი.
ბევრი ქვეყნა, რომელიც ტროპიკულ, ცხელ ზონაში იმყოფოება, კორონავირუსს თითქოს უფრო მარტივად უმკლავდება.
ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელებაზე მოქმედ ოთხ მთავარ ფაქტორს გამოყოფენ: დემოგრაფია, კულტურა, გარემო და მთავრობის მიღებული პრევენციული ზომების სისწრაფე.
დემოგრაფიის გავლენა ვირუსის გავრცელებაზე
ყველა ზემოხსენებული ფაქტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვირუსის გავრცელების სრულ სურათს ვერ იძლევა. მაგალითისთვის, თუ იტალიის მაგალითზე ვივარაუდებთ, რომ კორონავირუსი ყველზე დამანგრეველი "დაბერებული ერებისთვისაა" (ანუ ისეთი დემოგრაფიული განაწილების მქონე ერებისთვის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხუცებულია), მაშინ პანდემია ყველაზე ცუდად იაპონიაზე უნდა ასახულიყო.
როგორც წესი, ქვეყნები რომლის მოსახლეობაც უფრო მეტად ახალგაზრდაა, დაავადებას უკეთ უმკლავდება, სინგაპური და საუდის არაბეთი ამის კარგი მაგალითებია. თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები: მაგალითად, ეკვადორის გუაიას რეგიონში კორონავირუსმა 7 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა 60 წელს გადაცილებული ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია.
მეორე ფაქტორი, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეიძლება ხელს მნიშვნელოვნად უწყობდეს, ქვეყანაში გავრცელებული კულტურული ნორმებია.
კულტურული დისტანცირება
ტაილანდში და ინდოეთში, სადაც მისალმებისას და ურთიერთობისას ფიზიკური შეხება იშვიათია, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია. ბევრ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მოხუცებულთა სახლები გავრცელებული არაა იმიტომ, რომ ოჯახის ხანდაზმული წევრების სახლის პირობებში მოვლა სოციალური ნორმაა, COVID-19-ის აფეთქება ქვეყნის მოხუცებულ მოსახლეობაში ნაკლებადაა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის იტალიაში ასე მწვავედ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოხუცებულთა თავშესაფრები და სახლებია, სადაც მოხუცებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.
აქაც არსებობს გამონაკლისები: ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი ერაყში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით მისალმება, ისევე როგორც მასობრივი სოციალური აქტივობები ხშირია, მიუხედავად ამისა, კორონავირუსის მიმდინარეობა ამ ქვეყნებში ბევრად მსუბუქია.
ტემპერატურის გავლენა ვირუსზე
ვირუსის გავრცელების გეოგრაფიულ არეალებზე დაკვირვებით ბევრმა ივარაუდა, რომ მაღალი ტემპერატურა კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. ჩადი და აფრიკის ბევრი სხვა ქვეყანა თითქოს ამ ჰიპოთეზას ამართლებს.
თუმცა, როგორც ჩანს ვირუსის გავრცელების შეფერხების მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე მიწერა, უპასუხისმგებლოა. იმიტომ, რომ კორონავირუსის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი შედეგები ბრაზილიის ამაზონიის რეგიონმა იწვნია.
მეცნირები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა ვირუსის გავრცელებაზე მნიშვნელოვნად არ აისახება და COVID-19-ის გავრცელების სიხშირეზე დიდად არ მოქმედებს. მკვლევრების ვარაუდით, ახალი კორონავირუსი მაღალი ტემპერატურის სასარგებლო ეფექტებს აქარწყლებს.
შესაძლოა, რომ მაღალი ტემპერატურა ვირუსის გავრცელების ბიოლოგიურ ასპექტების ნაცვლად, დადებითად ქვეყნის კულტურაზე მოქმედებს.
ცნობილია, რომ ვირუსი დახურულ სივრცეებში უფრო მარტივად ვრცელდება. ცხელ ქვეყნებში იმის გამო, რომ ადამიანები გარეთ მეტ დროს ატარებენ, ინფექციის რისკი ურო დაბალი. თუმცა, ამ დროისთვის ესეც მხოლოდ ვარაუდია.
პრევენციული ზომების გავლენა ვირუსზე
ბევრი ქვეყნის მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში სხვა ეპიდემიებიდან მიღებული გამოცდილება დაეხმარა. მაგალითად, აფრიკაში, სადაც ებოლას, შიდსის და რეზისტენული ტუბერკულოზის ძალიან მწვავე ეპიდემიები გავრცელებული იყო, ბევრი ქვეყანა კორონავირუსისთვის მეტად მომზადებული აღმოჩნდა.
სენეგალმა და რუანდამ საზღვრები მალევე ჩაკეტეს და ორივეგან კომენდატის საათები გამოცხადდა. ჯანდაცვის სამინისტროებმა კი კლასტერების ძიება მალევე დაიწყეს.
სიერა-ლეონეში, სადაც 2014 წლის ებოლას ეპიდემიამ 4 000 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადების "ტრეკინგის" ეფექტიანი სისტემა, რომელიც რაიმე ინფექციური დაავადების გავრცელებას და ინფიცირებულ ადამიანებს ოპერატიულად ამჟღავნებს, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. რამაც საკმაოდ ღარიბ ქვეყანას ბევრ მდიდარე ქვეყანასთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭა.
ახლო აღმოსავლეთში ქვეყნები, სადაც მასობრივი თავშეყრის ადგილები, მეჩეთები, ეკლესიები და მსგავსი დაწესებულებები მალევე დაიხურა, პანდემიას უკეთ უმკლავდებიან. ერთ-ერთი გამონაკლისი ირანი იყო, სადაც ყველაზე დიდი რელიგიური დაწესებულებები 18 მარტამდე ღია იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ირანში დაავადებების მასშტაბურ გავრცელებას, ხელი სწორედ ამან შეუწყო.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრევენციული ზომები, როგორიცაა დაავადების "ტრეკინგი", შერჩევითი და სრული იზოლაცია, კომენდანტის საათი და ა.შ, ვირუსის გავრცელებას და სიკვდილიანობას ზოგადად მნიშვნელოვნად ამცირებს, გამონაკლისებიც არსებობს.
კამბოჯაში და ლაოსში საკმაოდ მსუბუქი პრევენციული ზომები მიიღეს. მიუხედავად ამისა, ბოლო სამი კვირაა იქ კორონავირუსის არცერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ლიბანში, სადაც ქრისტიანი და მუსულმანი მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც ირანში და მეზობელ ქვეყნებში არსებული წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, უკან უმეტესად ჯანმრთელი დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ვირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოედო და სიკვდილიანობაც ძალიან მაღალია.
გამართლება დიდ როლს თამაშობს
ვირუსის გავრცელებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. კონკრეტულად რა გარემოებები უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას ყველაზე მეტად, ამ დროისთვის უცნობია და, სავარაუდოდ, რაღაც პერიოდი ეს საკითხი სპეკულაციის საგნად დარჩება.
ერთი ფაქტორი, რომელიც არ გვიხსენებია უბრალო "გამართლებაა". ზოგ ქვეყნას და რეგიონს, შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა. მაგალითისთვის, Diamond Princess-ის საკრუიზო გემზე ერთმა ინფიცირებულმა ვირუსი 634 ადამიანს გადასდო.
სამხრეთ კორეაში, 61 წლის ინფიცირებულმა ქალმა, რომელიც ეკლესიაში წავიდა, ასობით ადამიანი დააინფიცირა, რომლებმაც თავის მხრივ დაავადება დამატებით ათასობით კორეელს გადასდეს.
იმის გამო, რომ ინფიცირებული ადამიანები ხშირად სიმპტომებს არ ავლენენ, დაავადების გავრცელება სპონტანურია. შესაძლოა, სადღაც უსიმპტომო ინფიცირებულმა გადაწყვიტა, რომ იმ დღეს ეკლესიაში არ წავიდოდა, ამის გამო კი სავარაუდოდ უამრავი ადამიანი გადარჩა.
ამ მომენტისთვის სამეცნიერო ჟურნალებში კორონავირუსის გავრცელებაზე უამრავი სტატია ქვეყნდება და ასობით კვლევა მიმდინარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მონაცემთა დეტალური ანალიზით, დროთა განმავლობაში ახალ დაავადებაზე და მასთან ბრძოლის ოპტიმალურ მეთოდებზე უფრო მეტი გვეცოდინება.
კომენტარები