NASA-მ მთვარის მისიის მოდულის ასაგებად სამი კომპანია დაიქირავა
NASA-მ სამომავლო მთვარის მისიის ხომალდის ასაგებად სამი კერძო კომპანია შეარჩია — Blue Origin, SpaceX და Dynetics.
დამშვები მოდული ასტრონავტებს მთვარის ორბიტიდან მთვარის ზედაპირზე მიიყვანს. ამისთვის NASA-მ კომპანიებისთვის თანხები გამოყო: Blue Origin-ს 579, SpaceX-ს 135, Dynetics-ს კი 253 მილიონი დოლარი ერგო.
კომპანიები მომდევნო ათი თვის განმავლობაში NASA-ს საკუთარ იდეებს წარუდგენენ.
"ეს ის სამი კომპანიაა, რომელთა იმედიც გვაქვს და გვჯერა, რომ მთვარემდე მიგვიყვანენ", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.
ახლა კი სამი კომპანია ერთმანეთს კონკურენციას უწევს — თითოეულმა მათგანმა მოდულის აგების განსხვავებული ვარიანტები შეიმუშავა.
Blue Origin სამსაფეხურიან გეგმას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, დაშვებისას გამოყენებულ ძრავებს დედამიწაზე დაბრუნების დროს წონის შესამცირებლად მთვარეზევე დატოვებს.
SpaceX-ს ხომალდ Starship-ის გამოყენა სურს, კომპანიის განცხადებით, მისი გამოყენება მარსის მისიისთვისაც შეიძლება. Dynetics კი ინოვაციურ მოდულს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ რაკეტასთან იქნება თავსებადი.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აპოლოს მისიის შემდეგ ასტრონავტები მთვარეზე დადგამენ ფეხს. მიმდინარე არტემისის პროგრამის მიზანს 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაშვება წარმოადგენს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ცნობილი კომპანია Boeing კონკურსში არ მონაწილეობს. ამის შესახებ NASA-ს განცხადება არ გაუკეთებია. დეკემბერში კომპანიის ხომალდ Starliner-ს, რომელსაც სააგენტოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა წაეყვანა, სატესტო ფრენების გაუქმება მოუწია.
კომენტარები