გაიცანით მიმების AI გენერატორი — ის ადამიანის ბუნებაზე ბევრს გვეუბნება
ინტერნეტი ცოდნის და უსასრულო ინფორმაციის საგანძურია, რომლის გამოყენებაც განათლებისთვის, კარგი ჩვევების შეძენისა და ცოდნის შექმნისთვის შეიძლება. თუმცა, როგორც ბევრ სხვა რამეს ცხოვრებაში, უამრავი ადამიანი ინტერნეტსაც კომედიისთვის და გართობისთვის იყენებს.
მიმების ფენომენმა ინტერნეტი სამუდამოდ შეცვალა. ერთ-ერთი რამ, რასაც ადამიანები სოციალურ ქსელში ეძებენ, ემოციური კავშირის დამყარებაა. ყველა ძირითადად ისეთ ინფორმაციას ვნახულობთ, რომლებიც ჩვენთვის რელევანტურია ან ჩვენში რაღაც ემოციურ პასუხს აღძრავს.
ზოგი მიმი, რომელიც პოპულარული გახდა, ემოციების გადმოცემას იდეალურად მაშინაც კი ახერხებს, როცა ის აბსურდულია. მიმის ფორმატში არის რაღაც, რაც ადამიანებს გულგრილს არ ტოვებს.
ამასთანავე, ბევრი მიმი აქტუალურ საკითხებს ძალიან კომპაქტური ფორმატით, ძალიან აკურატულად ეხმაურება. ბოლო დრო მიმების ოქროს ხანაა, შესაბამისად, პროგრამისტებმა დრო იხელთეს და მიმებს ხელოვნური ინტელექტის ბოტს აკეთებინებენ.
საიტი სახელად This Meme Does Not Exist მარტივი ხელსაწყოა, რომლის მეშვეობითაც ირჩევთ პოპულარული მიმის ფოტოს და ხელოვნური ინტელექტი მას წარწერას უკეთებს. საიტის ბიბლიოთეკაში 48 ყველაზე პოპულარული მიმის ფორმატი და 960 000 პოტენციური წარწერაა.
მანქანური დასწავლის მეშვეობით საიტი რელევანტური მიმების გაკეთებას ცდილობს, რომელსაც რაღაც "აზრი" ექნება. ალგორითმი, რომელიც This Meme Does Not Exist-ს საფუძვლად უდევს, თავის დროზე სტენფორდის უნივერსტეტში შეიმუშავეს და მასზე სამეცნიერო პუბლიკაციაც კი დაიწერა.
აღსანიშნავია, რომ AI-ს ზოგი მიმი მთლად აზრიანი ვერ გამოდის და ხშირად აბსურდულია, რაც მე თუ მკითხავთ უკეთესიც კია. აი, მაგალითად:
ბევრი მიმის გურმანისთვის, სავარაუდოდ, ეს ფოტოები მოძველებულია. მიმ კულტურის ტრადიციაა, რომ მიმის თარგები, რომლებზეც ტექსტია განთავსებული, ხშირად იცვლება, რაც მიმ კულტურას საკმაოდ ინოვაციურს ხდის.
ამის მიუხედავად, სნობიზმი გვერდით რომ გადავდოთ, A-ს შექმნილი მიმები ადამიანების ბუნებაზე უცნაურად ბევრს ამბობს: იმისთვის, რომ რაიმემ ჩვენში ემოციური პასუხი აღძრას ან რაიმე ასოციაცია გაგვიჩნდეს, სულაც არაა საჭირო, რომ სტიმული "აზრიანი" იყოს. მთავარია, რომ მას ბუნდოვნად ჰქონდეს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ჩვენ გამოცდილებებს უკავშირდება.
ადამიანები ემოციას ისეთ რაღაცებს უკავშირებენ, რაც კონტექსტის გარეშე ნეიტრალურია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ფერებია. მაგალითისთვის, ზოგი მიიჩნევს, რომ ყვითელი ფერი "მხიარულია" ან ლურჯი ფერი "მშვიდია" და ასე შემდეგ. მსგავსი მაგალითები უამრავია.
ისევ Toy Story-ს მიმს, რომ მივუბრუნდეთ. ის ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება:
"და მან თქვა, მე თმების თვე მაქვს!"
სემანტიკურად ეს წინადადება უაზროა, თუმცა ცალკეული სიტყვები და ის ფაქტი, რომ წინადადება სინტაქსურად გამართულია ავტომატურად გარკვეულ ასოციაციას აჩენს.
თანამედროვე მიმ კულტურის ერთ-ერთი "მიზანი" (მიზანი ცუდი ტერმინია, რადგან არ მგონია მიმ კულტურას რაიმე მიზანი ჰქონდეს) ისეთი მიმების შექმნაა, რომლებიც ემოციურ პასუხს ყველაზე მინიმალური ძალისხმევით აღძრავენ. შესაბამისად არაა აუცილებელი წინადადებას ან ფოტოს რამე აზრი ჰქონდეს მანამ, სანამ მისი რომელიმე კომპონენტი რაღაც ასოციაციას იწვევს.
AI მიმების გენერატორის მსგავსი პროექტი ინტერნეტში უამრავი არსებობს. მაგალითად, InspiroBot, რომელიც "შთამაგონებელ ციტატებს" ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ქმნის და ფოტოებს უმაგრებს. აი რამდენიმე მაგალითი:
სურათზე ვკითხულობთ, "ძალა რიტუალური მსხვერპლშეწირვის ჩამნაცვლებელი არ არის?"
ან ეს ძალიან "ღრმა" ციტატა:
"ნაყინის გარეშე თავგადასავალი არ იქნება". თქვენ არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმაოდ რელევანტური და თან ჭეშმარიტია.
დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის დახვეწასთან ერთად კომპიუტერები ხელოვნებაში და "შემოქმედებითობაში" ადამიანებს დაეწევიან. ნელ-ნელა იშლება ზღვარი ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის შექმნილ მასალას შორის და მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
ნუთუ ისეთ მომავალს ვიხილავთ, სადაც მიმებითაც ხელოვნური ინტელექტი მოგვამარაგებს?
კომენტარები