რამდენიმე დღის წინ თბილისში ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისი, სქროლი გამოჩნდა, რომელიც ამ სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, Bird-ის პარტნიორია. Bird 2017 წელს დაარსდა და ახლა ის 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

დღეს სქროლის სკუტერი პირადადაც გამოვცადე, თუმცა სანამ უშუალოდ ამაზე მოგიყვებით, აგიხსნით, რა არის სქროლი და როგორ მუშაობს ის. ჩვენ დეტალების დასაზუსტებლად სქროლის ბიზნეს განვითარების დირექტორს, დანიელ დოინიცინსაც ვესაუბრეთ.

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

რა არის, როგორ მუშაობს

სკუტერების გამოსაყენებლად პირველ რიგში აპლიკაცია Bird უნდა დააყენოთ, რომელსაც Play Store-ზე და App Store-ზე იპოვით (სტატიის ბოლოში პრომო კოდსაც იხილავთ, რომელიც უფასო მგზავრობის საშუალებას მოგცემთ).

მარტივად რომ ვთქვათ, სქროლი სკუტერების გაზიარების სერვისი და ალტერნატიული, მწვანე ტრანსპორტია:

  1. ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე სკუტერებია დაყენებული;
  2. აპლიკაციის საშუალებით მათ ადგილმდებარეობას პირდაპირ რეჟიმში ხედავ და ნახულობ, რომელია შენთან ყველაზე ახლოს;
  3. მიდიხარ ნებისმიერ მათგანთან, აპლიკაციას კამერით სკუტერზე მიკრულ QR კოდს დაანახებ, შემდეგ დააჭერ Unlock-ს და სკუტერი აქტიურია;
  4. როდესაც დანიშნულების ადგილას მიხვალ, სკუტერიდან გადმოხვალ, აპლიკაციაში მგზავრობის დასრულებას მიუთითებ და ცხოვრებას გააგრძელებ (კი, სკუტერი შეგიძლია დატოვო და დაივიწყო, თუმცა აუცილებელია, რომ გაჩერების წესები დაიცვა).

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

სქროლის დაფარვის ზონა ქვემოთ მოცემულ რუკაზე იასამნისფრად ჩანს, თუ ამ ზონას დავტოვებთ, სკუტერი ხმოვანი შეტყობინებით გაგვაფრთხილებს და რამდენიმე წუთს მოგვცემს, რომ საოპერაციო ზონაში დავბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძრავი გაჩერდება და მას ვეღარ გამოიყენებთ.

როგორც ხედავთ, დაფარვა საკმაოდ შთამბეჭდავია. დანიელის თქმით, ზონა მომავალში აუცილებლად გაფართოვდება. პირველ ეტაპზე ჯამში ხელმისაწვდომი 1 000 სკუტერი იქნება.

რუკაზე თუ აიკონს დააჭერთ, შეგიძლიათ ისიც შეამოწმოთ, რა დონეზეა ელემენტი. სკუტერი ერთი დამუხტვით დაახლოებით 30 კილომეტრს გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 20 კილომეტრია.

პირადი გამოცდილება

როდესაც სქროლის გამოცდა გადავწყვიტე არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა, რადგან აქამდე სკუტერზე არასდროს ვმდგარვარ. პირველ რიგში აპლიკაცია გადმოვწერე, დავრეგისტრირდი და მას ბარათი მივაბი. შემდეგ კი გარშემო სკუტერების ძიება დავიწყე. ყველაზე ახლო სკუტერი დოლიძის კუთხეში დამხვდა, რაც ჩემი სახლიდან ფეხით 5 წუთის სავალზეა.

აპლიკაციაში კამერა ჩავრთე, QR კოდი დავასკანერე, Unlock-ს დავაჭირე და სკუტერმაც დაიწრიპინა. მასზე დადგომის შემდეგ საჭიროა სკუტერი ფეხით ოდნავ გააგოროთ, შემდეგ კი აჩქარებას დააჭიროთ და მგზავრობა დაიწყოთ.

აჩქარება მარჯვნივ მოთავსებული "თითის პედლით" ხდება, მარცხნივ სიგნალია (ზარი), საჭის ორივე მხარეს კი მუხრუჭებია მოთავსებული.

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

მგზავრობის პირველ წამებში საკმაოდ დაძაბული ვიყავი, თუმცა 2-3 წუთის შემდეგ სკუტერს უკვე თავისუფლად ვმართავდი, 10 წუთის შემდეგ კი მაქსიმალური სიჩქრითაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადავაადგილდებოდი.

15 წუთის შემდეგ კი თავს ერთი ხელით ამ ვიდეოს გადაღების უფლებაც მივეცი.

ფასი

სკუტერის გააქტიურება ღირს 1 ლარი, ყოველი წუთი კი 35 თეთრი. ფასი მოჭრილი ან დინამიკური არ არის, ის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დროის განმავლობაში იმგზავრებ.

პატარა ექსპერიმენტიც ჩავატარე და პეკინის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა ვცადე, რაც 2 ლარი და 75 თეთრი დამიჯდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სკუტერით საცობში არ მოხვდები, ეს მეთოდი გადაადგილების საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი გზაა.

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

პეკინის გავლა 2,75 დამიჯდა, თუმცა სკუტერის ტარება ძალიან სახალისო აღმოჩნდა და ჯამში 15 ლარამდე დავხარჯე.

დაზღვევა

ყველას აინტერესებს რა მოხდება, თუ სკუტერის მართვისას შემთხვევით სხვისი ქონება დავაზიანეთ?

სკუტერის დაჯახების შედეგად პოტენციურად მიყენებული ზიანი მესამე პირის ან ქონებისადმი, დაზღვეულია სქროლის მიერ. დაზღვევის ოდენობა 1 მილიონი დოლარია.

წესები, პარკირება და სამუშაო საათები

როგორც კომპანიაში განმარტეს, სქროლის სკუტერები ველოსიპედთან გათანაბრებული ტრანსპორტია, რაც ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რაც ველოსიპედზე. საქართველოს კანონმდებლობაში სკუტერებზე რაიმე სპეციფიკური განმარტება გაკეთებული არ არის.

  • "გასასქროლად" 18+ წლის უნდა იყო;
  • სკუტერი უნდა მართო მარტომ;
  • უნდა დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი. მათ შორის, უნდა დაემორჩილო ქუჩის და გაჩერების ნიშნებს;
  • განსაკუთრებით ყურადღებით იყავი ქუჩის კვეთებზე.

სკუტერით ჩვეულებრივ შეიძლება მოძრაობა ველოსიპედის ზოლში, ასევე ტროტუარზე, თუ ქვეითებს საფრთხეს არ ვუქმნით. გზაზე კი უკიდურეს ზოლში უნდა ვიმოძრაოთ და დავემორჩილოთ ყველა საგზაო წესს, იქნება ეს STOP ნიშანი, შუქნიშანი, თუ ნებისმიერი სხვა რამ.

რუკაზე ასევე შენიშნავთ, რომ პარკები და სხვა საჯარო სივრცეები წითლადაა მონიშნული. ამჟამად ამ ზონებში სკუტერის გაჩერება, ანუ მგზავრობის დასრულება არ შეიძლება.

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

“ჩვენი მთავარი ფასეულობაა, რომ პატივი ვცეთ მოძრაობის ყველა მონაწილეს. დავიცვათ აბსოლუტურად ყველა წესი და გადავაადგილდეთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ”, — ამბობს დანიელი.

მგზავრობისას რეკომენდებულია ჩაფხუტის ტარება, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

სკუტერების გაჩერების წესები სქროლის ვებგვერდზეა მოცემული და ქვემოთ მათ უცვლელად გთავაზობთ:

სად გავაჩერო

  • სქროლი ისე გააჩერე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს: არ დაბლოკო ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, შშმ პირების გასასვლელები და სახანძრო ჰიდრანტები.
  • გააჩერე ველოსიპედისთვის ან სკუტერისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხეებთან, ქუჩის ნიშნებთან ან ტროტუარის კიდეზე, საჭით ქუჩისკენ მიმართული.
  • დარწმუნდი, რომ საყრდენი “ფეხი” უსაფრთხოდ არის გამოწეული და სკუტერი სწორ პოზიციაში დგას.
  • თავი აარიდე უსწორმასწორო ზედაპირებს, როგორებიცაა: ბალახი, მიწა, ქვები და ქვაფენილი.

პანდემიის გამო ამჟამად სკუტერების გამოყენება დილის 7-დან საღამოს 9 საათამდეა დაშვებული.

სად მიდიან დამჯდარი სკუტერები?

სპეციალურ ჯგუფს დღის ბოლოს დამჯდარი სკუტერები სერვის ცენტრში მიჰყავს, სადაც ისინი ყოველდღიურად მოწმდება, იტენება, შემდეგ კი ქალაქში ბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში უკუკავშირის გაგზავნის შესაძლებლობაც არის, თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ დაზიანებული ან პრობლემური სკუტერის შესახებ. ასევე, შეგიძლიათ სქროლს წესების დარღვევით გაჩერებული სკუტერის შესახებაც მიაწოდოთ ინფორმაცია.

კორონავირუსის გამო სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კომპანია Bird-ის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის დაცვით.


გადმოწერა და პრომო კოდი

ფოტო: დავით კეკენაძე / On.ge

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდ მოწყობილობებისთვის Play Store-დან შეგიძლიათ, აიფონის შემთხვევაში კი მას App Store-ზე იპოვით.

დაყენების შემდეგ კი შეგიძლიათ პრომო კოდი გამოიყენოთ — SCROLL, რაც პირველ ჯერზე 10 წუთი უფასოდ მგზავრობის საშუალებას მოგცე