ფეისბუქმა რეკლამების სამიზნე კატეგორიებიდან "ფსევდომეცნიერება" ამოიღო
Facebook-ს ინტერესის უამრავი კატეგორია აქვს, რომელთა არჩევითაც სხვადასხვა კომპანიას თავიანთი პროდუქტების მიზნობრივი მარკეტინგი შეუძლიათ. თუ ვინმეს ინტერესად მონიშნული აქვს მუსიკა, ალბათურია, რომ მას მუსიკალური ინსტრუმენტების რეკლამა შეხვდება და ა.შ.
ერთ-ერთი ასეთი კატეგორია "ფსევდომეცნიერება" იყო, რომელიც სოციალური მედიის გიგანტმა, Markup-ის კვლევის შემდეგ, ოთხშაბათს გააუქმა.
"ჩვენ ეს კატეგორია მიზნობრივი მარკეტინგის პოტენციური არაკეთილსინდისიერი გამოყენების გამო გავაუქმეთ", — ამბობს Facebook-ის წარმომადგენელი The Verge-თან ინტერვიუში.
უცნაურია საერთოდ რატომ ჰქონდა Facebook-ს ასეთი კატეგორია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ნაწილობრივ პანდემიით იყო განპირობებული. 16 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი COVID-19-თან დაკავშირებულ მილიონობით პოსტზე გაფრთხილებებს ათავსებს.
კორონავირუსის შესახებ უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, 5G შეთქმულების თეორიით დაწყებული, ყალბი სამკურნალო საშუალებებით დამთავრებული.
ცუკერებერგმა წინა კვირას ისიც განაცხადა, რომ Facebook-ს სპეციალური განყოფილება დაემატებოდა: "Get the Facts", სადაც მომხმარებლები COVID-19-ზე ინფორმაციას სანდო წყაროებიდან გაიგებდნენ.
Avaaz-ის კვლევამ გამოავლინა, რომ კორონავირუსზე ასამდე სხვადასხვა ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელში 1,7 მილიონჯერ გაზიარდა. ამის შედეგად, Facebook-მა გამოაცხადა, რომ მომხმარებლებს, რომლებმაც COVID-19-თან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია მოიწონა ან გაიზიარა, შეტყობინება მიუვათ, რომელსაც WHO-ს ბმული ექნება დართული.
კომენტარები