ერთ-ერთი კვლევით, რემდესივირმა ეფექტიანობა არ აჩვენა — WHO-მ შედეგები შემთხვევით გამოაქვეყნა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე შემთხვევით გამოქვეყნებული ნაადრევი შედეგები აჩვენებს, რომ მედიკამენტი ეფექტიანი არ არის.
კორონავირუსის საცდელ მედიკამენტებს შორის მეცნიერები რემდესივირზე ყველაზე დიდ იმედს ამყარებენ.
თუმცა გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ წამალი პაციენტების მდგომარეობას და სისხლში ვირუსის შემცველობის მაჩვენებელს ვერ აუმჯობესებდა.
მედიკამენტის მწარმოებელმა Gilead Sciences-მა განაცხადა, რომ დოკუმენტი კვლევას არასწორად ახასიათებდა.
რა ვიცით კვლევის შესახებ?
წარუმატებლობის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც კვლევის დეტალები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კლინიკური ცდების მონაცემთა ბაზაში შემთხვევით გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა. WHO-ს განცხადებით, მონაცემები შემთხვევით აიტვირთა.
კვლევაში განხილული იყო 237 პაციენტი, რომელთაგანაც 158-ს რემდესივირი მისცეს, 79-ს კი პლაცებო.
ერთი თვის შემდეგ იმ პაციენტთაგან, რომლებიც რემდესივირს იღებდნენ, 13,9% დაიღუპა, ხოლო პლაცებოს ჯგუფიდან 12,8%. კვლევა კი გვერდითი ეფექტების გამო ნაადრევად შეჩერდა.
"რემდესივირის მიღება კლინიკური ან ვიროლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არ დაკავშირდა", — ნათქვამია შეჯამებაში.
რას ამბობს კომპანია?
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ გამოქვეყნებული მონაცემები კვლევის არასწორ აღწერას შეიცავდა, — განაცხადა Gilead-ის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ კვლევა მონაწილეების სიმცირის გამო შეჩერდა, რის გამოც ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
"კვლევის შედეგები სადავოა, თუმცა მონაცემებში არსებული ტენდენციები რემდესივირის შესაძლო ეფექტიანობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც რემდესივირი დავადების დაწყებისთანავე მისცეს", — ამბობს ის.
ამჟამად მედიკამენტის რამდენიმე კლინიკური ცდა მიმდინარეობს, მათი შედეგები კი უფრო ნათლად დაგვანახებს, ეფექტიანია თუ არა რემდესივირი კორონავირუსის მიმართ.
კომენტარები