ამ თამაშის მეშვეობით შეგიძლია NASA-ს ოკეანეების გადარჩენაში დაეხმარო
NASA-ს ახალ თამაშში, NeMO-NET-ში მომხმარებლები iPhone-ის, iPad-ისა და კომპიუტერის მეშვეობით ოკეანის სიღრმეებში ვირტუალურად მოგზაურობას შეძლებენ. NeMO-NET-ის მეშვეობით მეცნიერებს მარჯნების უკეთესი რუკის შედგენას შეძლებენ, რაც თავის მხრივ კონსერვაციული აქტივობების განხორციელებაში დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ფოტოები ნამდვილი ექსპედიციების დროსაა გადაღებული.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერები NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრიდან, ოკეანეებს ახალი ტექნიკით აკვირდებოდნენ, რომელიც ოპტიკურ დეფორმაციას ასწორებს და შედეგად ოკეანის სიღრმეებიდან სუფთა, დეტალურ გამოსახულებას ვიღებთ. ახალი ინსტრუმენტის დრონებსა და საფრენ აპარატებზე დამონტაჟებით მეცნიერებმა ექსპედიციების დროს მარჯნებისა და წყალმცენარეების 3D გამოსახულებების შექმნა შეძლეს. მაგრამ ახლა მოპოვებული მონაცემების დახარისხებაა საჭირო, რაც სწორედ აღნიშნული თამაშის მეშვეობით მოხდება.
NeMO-Net-ში აღნიშნული ექსპედიციების ჩანაწერების გამოკვლევაა შესაძლებელი, რაც მარჯნების განსხვავებული ტიპების გარჩევასა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში გეხმარებათ. თამაშის დროს მოპოვებული მონაცემები კი NASA-ს სუპერკომპიუტერს მარჯნების დამოუკიდებლად ამოცნობაში დაეხმარება.
ოკეანეები უამრავი ცხოველისა და მცენარის სახლს წარმოადგენს, ისინი ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებლები არიან, რადგან ოკეანეები მნიშვნელოვან საკვებ წყაროს წარმოადგენენ და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ატმოსფეროში ნახშირბადის დონის რეგულირებაში იღებენ მონაწილეობას.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაბინძურების, გადაჭარბებული თევზჭერისა და ტემპერატურის მატების გამო, ოკეანეები, განსაკუთრებით კი მარჯნის რიფები საფრთხის წინაშე დგანან — ახლახან, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი ბარიერული რიფი უპრეცედენტო სისწრაფით უფერულდება.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რა საფრთხეში იმყოფებიან ოკეანეები, ჩვენ მათი დეტალური რუკები არ გვაქვს. NASA-ს მიერ განხორციელებული პროექტი კი, შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, ოკეანიის რომელ ნაწილებს სჭირდებათ ყველაზე მეტად ზრუნვა და ასე, როგორც ბიომრავალფეროვნებას, ასევე სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობას დავეხმარებით.
კომენტარები