შეიძლება თუ არა პრევენციული ზომების ეფექტიანობის ობიექტურად განსაზღვრა
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, SARS-COV-2-ით განპირობებული დაავადების, COVID-19-ის გლობალური პანდემია გამოაცხადა, ქვეყნებს შექმნილ ვითარებასთან სწრაფი ადაპტაცია მოუწიათ.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ზომა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად გამოიყენება, იზოლაცია და კარანტინია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო კეთილდღეობისთვის მსგავსი შეზღუდვების შემოღება ოცდამეერთე საუკუნეში, მასშტაბების გათვალისწინებით, არნახულია.
კარანტინის და იზოლაციის პრაქტიკა ინფექციურ დაავადებებთან გასამკვლავებლად ძალიან დიდი ხანია გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი და იზოლაცია ხშირად სინონიმებად მოიხსენიება, ამ ორ ცნებას შორის განსხვავება არსებობს. თანამედროვე განმარტებით, კარანტინი "გადამდები დაავადების გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ჯანმრთელი ადამიანების აქტივობების, ინფექციის ინკუბაციის პერიოდის გათვალისწინებით შეზღუდვას" გულისხმობს.
იზოლაცია კი "ინფექციური აგენტის გავრცელების შემცირების მიზნით, ინფიცირებული ადამიანების აქტივობების შეზღუდვას" ეწოდება.
ეპიდემიასთან ბრძოლის აღნიშნული მეთოდები, დიდი ხნის მანძილზე "არქაულად" მოიაზრებოდა და 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს, მათი იმპლემენტაცია მწვავე დებატის საგანი გახდა.
SARS-ის გავრცელება თებერვალსა და მარტში დაიწყო, ინფიცირებულთა რიცხვი კი ექსპონენციურად გაიზარდა. აპრილში ინფიცირების 3 000, მაისში კი 7 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
WHO-ს მიხედვით, ივნისში ინფიცირების 8 500 შემთხვევა იყო, საიდანაც 800 ლეტალურად დამთავრდა.
ინფექციის გავრცელების სიჩქარიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ზოგ ადგილებში კარანტინი და სხვადასხვა პრევენციული ზომა იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ 80-იანების შიდსის პანდემიის შემდეგ მსგავსი რამ არნახული იყო.
SARS-ზე დიდი ხნის მანძილზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა, შესაბამისად იმ ადგილებში, სადაც ეპიდემია ყველაზე მწვავედ მიმდინარეობდა, საჯარო ჯანდაცვის წარმომადგენლება კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა, "პრევენციის ერთადერთ ეფექტიან ზომად" მიიჩნიეს.
სწორედ იმის გამო, რომ SARS-ზე ინფორმაცია მწირი იყო და იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგები ინფექციის შესახებ მკაცრად ემპირიულ ცნობებს ვერ იძლეოდნენ, სამედიცინო ეთიკის ბევრმა ექსპერტმა მიღებული ზომები არაეთიკურად, ზოგ შემთხვევაში კი არალეგალურად მიიჩნიეს.
ეპიდემია, როგორც საჯარო ჯანდაცვის ეთიკური პრობლემა
"საგანგებო მდგომარეობის" და კარანტინის გამოცხადება ძალიან სერიოზული ლეგალური და ეთიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ინდივიდების თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. შესაბამისად, თანამედროვე რესპუბლიკებში მსგავსი კოერსიული ზომების მიღება შექმნილ სიტუაციასთან გამკვლავების უკიდურესი ფორმაა.
საჯარო ჯანდაცვის ექსპერტი, ნენსი ე. კასი თავის სტატიაში აღნიშნუი პრევენციულ ზომებზე შემდეგს წერს:
"იძულებითი პროგრამები საჯარო კეთილდღეობისთვის შექმნილი აშკარა საფრთხის და ამ პროგრამების ეფექტიანობის დამადასტურებელი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული".
SARS-ის ეპიდემიის დროს სამედიცინო და ჯანდაცვის ექსპერტებს შორის მსგავსი სენტიმენტები ხშირად ჟღერდებოდა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი ცხადია, პრევენციული ზომების "ეფექტიანობის დამადასტურებელ მონაცამებს" ენიჭებოდა.
აღსანიშნავია, რომ კარანტინის, როგორც დაავადების გავრცელების პრევენციული ზომის ეფექტიანობა, მცირე მასშტაბებზე, დავის საგანი არ არის. ექსპერტების აზრი ფართომასშტაბიანი კარანტინის სარგებლიანობაზე კი, გაყოფილია.
2001 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯოზეფ ბარბერა და კოლეგები აშშ-ში ბიოლოგიური იარაღის პოტენციურად გამოყენების სცენარს განიხილავენ. მკვლევრები უშვებენ ჰიპოთეტურ გარემოებას, სადაც ქვეყანა ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლი გახდა და განიხილავენ ასეთ შემთხვევაში რა ზომები უნდა იქნას მიღებული.
მკვლევრები ასკვნიან, რომ "ფართომასშტაბიანი კარანტინი" ან მეორენაირად, "საყოველთაო კარანტინი" მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, დიდი სარგებელის მომტანი ვერ იქნებოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ კარანტინის ნაცვლად, "უფრო მეტად მეცნიერული" ზომები უნდა იქნას მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბარბერის ზემოხსენებული სტატია საყოველთაო კარანტინს "არაეფექტიანად" მოიაზრებს, აღსანიშნავია, რომ მისი კვლევა ისეთ პოტენციურ დაავადებას ეხება, რომელიც ახალ კორონავირუსთან შედარებით ნაკლებად "ინფექციურია".
ბარბერის და კასის გაჟღერებული მოსაზრებების მიუხედავად, 2003 წლის SARS-ის ეპიდემიამ განსხვავებული რეალობა გამოააშკარავა, რისთვისაც ბევრი მზად არ ყოფილა. საჯარო ჯანდაცვის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნება ხშირად შეუძლებელია.
შესაბამისად, ნებისმიერი ზომის ეფექტიანობა შეუძლებელია მხოლოდ მეცნიერების კონტექსტში იქნას განხილული. როცა საქმე საჯარო ჯანდაცვას ეხება, დამატებითი გარემოებები ჩნდება:
საჯარო კეთილდღეობისთვის შექმნილი ზოგი საფრთხე ხშირად ზუსტ აღწერას არ ექვემდებარება. SARS-ის და COVID-19-ის ეპიდემიები ამის ნათელი ილუსტრაციაა. წინასწარ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება იმიტომ, რომ გარდა მისი ინფექციურობის მაჩვენებლისა, დამატებითი სოციალური და გეოგრაფიული ფაქტორებია გასათვალისწინებელი.
ზოგან ადამიანებს შორის კომუნიკაცია უფრო ხშირია, ზოგი დასახლება უფრო მჭიდროა და ასე შემდეგ. ბევრ ქვეყანაში, მსგავსი დამატებითი ფაქტორების მხედველობაში მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად არარსებულია.
ეფექტიანობის უნივერსალური თეორიის ნაკლოვანებები
პრევენციული ზომების ეფექტიანობის აბსტრაქტული განხილვის მთავარი ნაკლოვანება მისი სოციალური გარემოებებისგან განყენებაა. ეპიდემიური პროცესების აღწერა, რაც არ უნდა ფაქტობრივი იყოს ის, საბოლოო ჯამში კონკრეტული საზოგადოებების კონტექსტში მიმდინარეობს.
ეს შეგვიძლია რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განვიხილოთ.
2020 წლის 30 მარტს, კურაციოს საერთაშორისო ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით "COVID-19-ის ეპიდემია საქართველოში, პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები", სადაც ვირუსის გავრცელების სხვადასხვა სცენარია წარმოდგენილი"
კვლევა მიჰყვება WHO-ს განმარტებებს და ასკვნის, რომ "საქართველო ამჟამად ეპიდემიის გავრცელების "კლასტერულ" ფაზაში იმყოფება. შემდეგი სცენარი და ეპიდემიის მომდევნო საფეხური კი, "მასრობრივი გავრცელებაა", რომლის დროსაც გადაცემის ჯაჭვის იდენტიფიკაცია შეუძლებელი ხდება".
პანდემიის დაწყებიდან, ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი შეკითხვის წინაშე დადგა: "რამდენად მოახერხებს სახელმწიფო ეპიდემიასთან გამკვლავებას?"
უტრირებულ მაგალითზე დაყრდნობით, ზედმეტი ანალიზის გარეშეც აშკარაა, რომ 2 მილიონი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას საერთოდ ვერ გაუმკლავდება.
კურაციოს ფონდი Penn Medicine Predictive Healthcare Team-ის და აშშ-ის დაავადებათ კონტროლის ცენტრის პანდემიური გრიპის პროგნოზებს ეყრდნობა.
"პროგნოზირების საფუძველზე მიღებული ძირითადი დასკვნების მიხედვით, სოციალური დისტანცირება უმნიშვნელოვანესია ეპიდემიის შესაკავებლად. სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5 950 იქნება, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებს."
"20%-ით კონტაქტების რაოდენობის შემცირებით ეპიდემია პიკს მიაღწევს მე-17 კვირას, და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 2 656-მდე შემცირდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე. 30%-ით კონტაქტების რაოდენობის შემცირებით ეპიდემიის პიკის მიღწევა შესაძლებელია 22-ე კვირას და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 1 418-მდე“.
კურაციოს გათვლები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პრევენციულ ზომებს დიდი ხანია რაც იღებს, დავუშვათ, რომ კარანტინის და კომედანტის საათის გამოცხადების გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. დავუშვათ, რომ 5 950 ადამიანი ინფიცირდა.
1%-იანი (ყველაზე ოპტიმისტური) სიკვდილიანობის შემთხვევაში, 60-მდე ადამიანი მოკვდებოდა. რაც სხვა ქვეყანასთან შედარებით დაბალი რიცხვია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი დაბალი სიკვდილიანობა სავარაუდოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ კორონავირუსის ყველა შემთხვევა დაფიქსირდებოდა და თუ ყველა ინფიცირებული პაციენტი სათანადო მკურნალობას მიიღებდა.
27 მარტის მონაცემების მიხედვით, მაგალითად, იტალიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობამ 10%-ს მიაღწია, რაც ასეთ განვითარებული ქვეყნისთვის უზარმაზარი რიცხვია. საქართველოში მსგავსი მაჩვენებელი 595 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს, თუმცა პრევენციული ზომების სრული არარსებობის შემთხვევაში, ეს რიცხვი ბევრად მაღალი იქნებოდა.
ცხადია, რომ კარანტინი ბევრ ადამიანს უმუშევარს დატოვებს, ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რაც ადამიანთა ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერიოდში აისახება. ეთიკური დილემა აქ ყველაზე კარგად ჩანს:
ზემოაღნიშნული ჰიპოთეტური სცენარის გათვალისწინებით, რამდენად ღირს 595 ადამიანის და ათასობით ინფიცირებულის გადარჩენა თუ ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი საბოლოო ჯამში უფრო მეტი ადამიანი სიცოცხლის ხარისხს გააუარესებს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებასთან იქნება ასოცირებული?
საერთოდ შესაძლებელია თუ არა ამის "ობიექტური" დაანგარიშება? — არა. ის თუ როგორ მოხდება ამ ზღვარის გავლება, ადგილობრივ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ეპიდემიოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საჯარო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ერთ ტენდენციას მისდევს — გარდაუვალი საფრთხის პრევენცია პოტენციურ გრძელვადიან მიმდინარე საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანია.
გარდაუვალი საფრთხის, ამ შემთხვევაში კორონავირუსის პოტენციური ზიანი პრევენციული ზომების არმიღების შემთხვევაში, მეტნაკლებად დათვლადია. იმავეს ვერ ვიტყვით პრევენციული ზომების შედეგად განპირობებულ გრძელვადიან ეკონომიკურ და კეთილდღეობისთვის მიყენებულ ზიანზე.
ერთი და იგივე პრობლემა, განსხვავებული პასუხები
კორონავირუსის პანდემიას ქვეყნები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან. 25 მარტს მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "აუცილებელია სამსახურებს დავუბრუნდეთ" და არსებული ვითარების გავრცელების შემთხვევაში, სადაც ეკონომიკა შეფერხებულია, "უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება".
ტეხასის შტატის მთავრობის წარმომადგენელი და რადიოწამყვანი დენ პატრიკი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ვინც 70 წელს გადაცილებული ვართ, ჩვენ თავებს მივხედავთ... არ გავწიროთ ქვეყანა".
10 თებერვალს, ტრამპმა კორონავირუსის გავრცელებაზე შემდეგი კომენტარები გააკეთა:
"ეს ვირუსი დათბობასთან ერთად, აპრილში გაქრება. ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ, ინფიცირების მხოლოდ 12 შემთხვევაა..." 27 თებერვალს კი განაცხადა, რომ ვირუსი სასწაულებრივად გაქრება.
აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსის პოტენციური საფრთხის უგულებელყოფისთვის ბევრმა გააკრიტიკა. ქვეყნის ბევრი შტატი პანდემიისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
იტალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც ქვეყნის საზღვრების დროებით ჩაკეტვას და გადაადგილების მაქსიმალურ შეზღუდვას ნიშნავს.
რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის სამხრეთ კორეა პანდემიას განსხვავებულად მიუდგა. სამხრეთ კორეის მაგალითი ბევრისთვის იმის საბუთია, რომ სრული კარანტინის გამოცხადება და/ან გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვა ერთადერთი გამოსავალი არ არის.
მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა გამორჩეულად მდიდარი ქვეყანაა, რომელმაც მარტში, კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიარდამდე დოლარი გამოყო. ეროვნული ვალი კი მშპ-ის 41.2 პროცენტამდე გაიზრდება. ამის შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას არ აქვს.
პანდემიასთან გასამკლავებლად ერთი სწორი გზა არ არსებობს. თუ რა პრევენციული ზომები იქნება მიღებული, ადგილობრივ მთავრობებზე და მიღებულ ეთიკურ ნორმებზეა დამოკიდებული.
კომენტარები