თუ ამ საკმაოდ მძიმე ვითარებაში გინდათ რეალობას ცოტა ხნით მაინც მოსწყდეთ და ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლოთ, ამის შესაძლებლობას ყოველთვის გაძლევთ Studio Ghibli. ერთხელ მაინც თუ გინახავთ ამ იაპონური ანიმაციური კინოსტუდიის შექმნილი ანიმე, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ როგორ იქმნება ეს საოცარი დეტალებით აგებული სამყარო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე ნაწილობრივ მაინც შეგიძლიათ.

Studio Ghibli-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰაიაო მიაძაკია, რომელიც ამავდროულად ისეთი ცნობილი ანიმეების რეჟისორია, როგორებიცაა My Neighbor Totoro, Spirited Away და Princess Mononoke.

იაპონურმა სამაუწყებლო კომპანია NHK-მა კი სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გამორჩეული იაპონელი ხელოვანის შესახებ გადაღებული ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი 10 Years With Hayao Miyazaki (10 წელი ჰაიაო მიაძაკისთან ერთად) ინტერნეტში განათავსა და მისი ნახვა სრულიად უფასოდ ამ ლინკზე შეგიძლიათ.

ამ დოკუმენტურ ქრონიკაში ასახულია, როგორც ამ ხელოვანის შემოქმედებითი პროცესი, ისე პირადი ცხოვრება და მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ წლის თებერვლიდან Studio Ghibli-ს 21 ცნობილი ანიმაციის ხილვა უკვე ნეტფლიქსის პლატფორმაზეა შესაძლებელი, მალე კი მიაძაკის ცნობილი ანიმეები HBO-ს ახალ სტრიმინგ სერვისზე, HBO MAX-ზეც გამოჩნდება.

ჰაიაო მიაძაკი

ფოტო: Matt Sayles / Shutterstock

Studio Ghibli-ს პროდიუსერის, ტოშიო სუზუკის განცხადებით, მიაძაკი ანიმეების სხვადასხვა სტრიმინგ სერვისზე განთავსებას იმიტომ დათანმხდა, რომ მან სინამდვილეში არც კი იცის, თუ რა არის სტრიმინგ სერვისი:

"ჰაიაო მიაძაკიმ არაფერი იცის სტრიმინგ სერვისების შესახებ. ის არც კომპიუტერებს და არც სმარტფონებს იყენებს", — განაცხადა სუზუკიმ გასულ თვეს.

როგორც ვიცით, მიაძაკი ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობს და ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იქნება 2013 წელს გამოქვეყნებული The Wind Rises-ის შემდეგ.