10 ფილმი იზოლაციის შესახებ
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლო დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში, უკიდურეს შემთხვევაში კი მკაცრ კარანტინში ცხოვრობს.
ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანის ყოველდღიური რუტინა შეცვალა, რის გამოც ყველას გვაინტერესებს, თუ როგორია ასე ცხოვრება, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ვიმუშაოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ა.შ.
თანამედროვე კაცობრიობისთვის მასობრივი იზოლაცია, შესაძლოა, სიახლეა, თუმცა ეს არ არის უცხო თემა კინოსთვის: აქამდე არაერთი ფილმი შექმნილა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი გამორჩეული ფილმის შესახებ გიამბობთ, რომელთა უმეტესობაც თვითიზოლაციაში დროის მოკვლასთან ერთად შეიძლება იმის გაცნობიერებაშიც დაგეხმაროთ, რომ ამჟამინდელი ვითარება გაცილებით დამაიმედებელია, ვიდრე ამ კინოსურათებში მოთხრობილი ამბები.
1. Buried — რეჟისორი როდრიგო კორტესი
სანამ რაიან რეინოლდსს მაყურებლების უმეტესობა ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ სუპერგმირთან, დედპულთან გააიგივებდა, მანამდე მან ნამდვილ კლაუსტროფობიულ კოშმარში ამოჰყო თავი: 2010 წელს გამოსული ფილმი Buried ერაყში მომუშავე ამერიკელი მოქალაქის შესახებაა, რომელიც ერთ დღესაც კუბოში გაიღვიძებს.
წარმოდგენაც კი გზარავთ? ესპანელმა რეჟისორმა, როდიგო კორტესმა სწორედ ამ შემზარავი ისტორიის შესახებ წარმოუდგენლად დამაჯერებლად მოგვითხრო: როგორ ცდილობს საათ-ნახევრის განმავლობაში რაიან რეინოლდსის გმირი იმის გარკვევას, თუ რატომ აღმოჩნდა მიწიდან დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში დასაფლავებული და მხოლოდ სანთებელისა და ტელეფონის საშუალებით როგორ დააღწიოს თავი იქიდან.
2. Climax — რეჟისორი გასპარ ნოე
ეს ფილმი ისეთი ატმოსფეროთი, ახალგაზრდული განწყობითა და სილაღით იწყება, რომ მაყურებელი თავიდან ვერც კი წარმოიდგენს, როგორი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდება. დიახ, გასპარ ნოეს Climax ბოლო წლების ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომლის სიუჟეტიც მაყურებელს სუნთქვასაც კი უძნელებს.
ფილმის სიუჟეტი მოცეკვავეების გუნდის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ერთ მიყრუებულ, ცარიელ შენობაში რეპეტიციას გადის, თუმცა მათი ეს სრულიად უვნებელი წამოწყება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცევა მას შემდეგ, რაც ვიღაც სასმელში ნარკოტიკს ჩაყრის და ზამთრის ცივ ღამეს ერთ შენობაში გამოკეტილი ფერადი, ხალასი და გულღია ადამიანები თავიანთ რაციონალურ თავებზე კონტროლს დაკარგავენ.
3. The Shining — რეჟისორი სტენლი კუბრიკი
ალბათ, ერთხელ მაინც ყველას უნატრია, რომ რომელიმე შენობა, იქნება ეს ცნობილი სასახლე, ძვირად ღირებული სასტუმრო თუ სხვა, მთლიანად მის განკარგულებაში ყოფილიყო. ზუსტად მსგავს საოცნებო პირობებში აღმოჩნდებიან ფილმ ნათების გმირები — ჯეკ ტორანსი და მისი ცოლ-შვილი, რომლებსაც უბრალოდ ევალებათ, რომ ცნობილ სასტუმროში, რომელიც ამერიკის კლდოვან მთებში დიდთოვლობის გამო სრულიად ცარიელდება და ცივილიზაციისგან მოწყვეტილია, ზამთრის რამდენიმე თვე გაატარონ.
იზოლაციისას ბევრ თავისუფალ დროს ხშირად შემოქმედებითი საქმიანობისთვის ზედგამოჭრილ პირობად მიიჩნევენ, თუმცა სტივენ კინგმა, რომლის ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი წიგნის მიხედვით გადაიღო შემდეგ ეს ეკრანიზაცია სტენლი კუბრიკმა, ამ გარემოების საზარელი მხარეებიც გვაჩვენა.
4. Room — რეჟისორი ლენი აბრაჰამსონი
როგორია ცხოვრება, როცა რამდენიმე დღე, კვირა და თვე კი არა, წლების განმავლობაში გიწევს ოთხ კედელში ცხოვრება? ლენი აბრაჰამსონი თავისი საოცრად ემოციური ფილმით ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას: დედა-შვილი ერთ პატარა ოთახშია გამომწყვდეული და გარესამყაროსთან მხოლოდ პატარა სარკმელი აკავშირებთ, თანაც ისე, რომ 5 წლის ბავშვი ამ ოთახის კედლებს მიღმა სამყაროს არც კი იცნობს.
ამ ფილმის ყველაზე შემზარავი დეტალი ის ფაქტია, რომ ის ემა დონაჰიუს ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც სწორედ მსგავსი რეალური ისტორიის შთაგონებით დაიწერა.
5. The Platform — რეჟისორი გალდერ გასტელუ-ურუტი
იზოლაციის ხსენებისას პირველი რაც უნდა გაგვახსენდეს, ეს, ალბათ, ციხეა: დამნაშავედ ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა დროით, ზოგჯერ კი განუსაზღვრელი ვადითაც უწევთ ერთ სივრცეში ცხოვრება.
ნეტფლიქსის ახალი ფილმი სწორედ მსგავს გარემოზე მოგვითხრობს, ოღონდ ამ ესპანურ კინოსურათში სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტების საშუალებით ციხის სრულიად ახლებური კონცეფციაა შემოთავაზებული და თანამედროვე სოციალური თუ ეკონომიკური სისტემის კრიტიკა საშინელებათა ჟანრის საშუალებითაა ასახული: ერთ სივრცეში, სხვადასხვა პრივილეგირებულ დონეებზე გადანაწილებულ ადამიანებს გადარჩენისთვის ყველაფრის გაკეთება უწევთ, მათ შორის — ერთმანეთის შეჭმაც.
6. The Martian — რეჟისორი რიდლი სკოტი
ერთია, როცა იზოლირებული შენს სახლში ან იძულებით დამწყვდეული ხარ რომელიმე სივრცეში, მაგრამ რა გრძნობაა, როცა მოწყვეტილი ხარ არა მხოლოდ საყვარელ ადამიანებს, არამედ მთლიანად კაცობრიობისგან და მშობლიური პლანეტისგან, დედამიწისგანაც კი შორს ხარ?
ამის შესახებ ყველაზე კარგად, ალბათ, რიდლი სკოტის 2015 წელს გამოსული ფილმი მოგვითხრობს, რომლის მთავარი გმირიც, ასტრონავტი მარკ უოტნი მარსზე გადარჩენას დამოუკიდებლად ცდილობს.
7. The Lighthouse — რეჟისორი რობერტ ეგერსი
სტენლი კუბრიკის მსგავსად, როგორც ჩანს, რობერტ ეგერსსაც სჯერა, რომ ცივილიზაციას მოწყვეტილი, ერთ სივრცეში გამომწყვდეული ადამიანები საკუთარ ცნობიერებაზე კონტროლს კარგავენ და რეალობასა და გამოგონილს შორის ზღვარი იშლება.
The Lighthouse შავ-თეთრი, ერთგვარი ვინტაჟური სტილით გადაღებული ფილმია, რომელიც რობერტ პატინსონისა და უილემ დეფოს ნამდვილად კარგი სამსახიობო შესრულების დამსახურებით მაყურებლებს უჩვეულო სიზმრებში ამოგზაურებს.
8. Panic Room — რეჟისორი დევიდ ფინჩერი
თვითიზოლაცია რომ ხანდახან ნამდვილად გადარჩენის ერთ-ერთი გზაა, ამაში ეს ფილმიც დაგარწმუნებთ: ჯოდი ფოსტერის და კრისტენ სტიუარტის პერსონაჟები დაუნდობელ მძარცველებთან გამკლავებას სწორედ ამ გზით ცდილობენ.
დევიდ ფინჩერს ყოველთვის ეხერხება, მაყურებლის ყურადღება არ მოადუნოს და ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სიუჟეტის მქონე ფილმსაც საოცრად დაძაბულ და ემოციურ სანახაობად აქცევს.
9. The Breakfast Club — რეჟისორი ჯონ ჰიუზი
ვიღაცას თუ იზოლაციაზე ციხის ინსტიტუტი გაახსენდება პირველი, ადამიანების არც ისე მცირე ნაწილი დაასახელებს ასევე სკოლას: მერე რა, რომ სკოლაში სულაც არ ხარ მარტო ან ცივილიზაციისგან შორს, წლების განმავლობაში ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში მათი ნებისგან დამოუკიდებლად ერთ სივრცეში უწევთ დროის დიდი ნაწილის გატარება.
ჯონ ჰიუზი თავის ამ საკულტო ფილმში სკოლის, როგორც ციხის ტოლფასი ინსტიტუტის შესახებ არ გვიყვება, თუმცა გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოზარდების ცხოვრება, თუ ისინი ერთ სივრცეში იძულებით რამდენიმე საათს გაატარებენ.
10. Misery — რეჟისორი რობ რაინერი
რატომ შეიძლება წაგართვან თავისუფლება სიყვარულის სახელით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ყველაზე კარგად იმ ქალებს შეეძლებათ, რომლებსაც მოძალადე ქმრები, პარტნიორები თუ ოჯახის სხვა წევრები სხვადასხვა მიზეზით დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას არ აძლევენ.
თუმცა, ამ კითხვაზე ასევე საინტერესო პასუხს გვთავაზობს საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი, სტივენ კინგი თავის ცნობილ წიგნში მიზერი, რომლის მიხედვითაც 1990 წელს გახმაურებული ეკრანიზაციაც გადაიღეს: მწერლისა და მისი შემოქმედების არაჯანსაღმა სიყვარულმაც კი შეიძლება გაიძულოს, საყვარელი შემოქმედი დაატყვევო და შენთვის სასურველი წიგნის დაწერა არაადამიანურ პირობებში აიძულო.
კომენტარები