ახალმა პეპტიდმა, შესაძლოა, კორონავირუსის უჯრედში შეღწევის უნარი დაბლოკოს
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიკოსებმა შექმნეს პეპტიდი — ცილის ფრაგმენტი, რომელსაც ვირუსის უჯრედში შეღწევის უნარის ბლოკირება შეუძლია.
COVID-19-ის შესაძლო სამკურნალო საშუალება ადამიანის უჯრედების გარსზე არსებული ცილის იმიტაციას ახდენს.
მკვლევარების თქმით, ახალ პეპტიდს ვირუსის ცილასთან დაკავშირება შეუძლია, რომელსაც კორონავირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს. ამგვარად პეპტიდი ვირუსის გაუვნებელყოფას ახერხებს.
"ჩვენ გვაქვს პეპტიდი, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ, რადგან იგი ვირუსის ცილასთან მიმართებაში ფაქტობრივად ისე იქცევა, როგორც ამას ვვარაუდობდით. Ამ გზით ჩვენ ვირუსის მასპინძელ უჯრედში შეღწევის შეჩერების შანსი გვაქვს", — აცხადებს MIT-ის ქიმიის ფაკულტეტის დოცენტი და მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ბრედ პენტელუტე.
MIT-მ საკუთარი კვლევის პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა რეცენზირებამდელ სერვერ bioRxiv-ზე. პენტელუტეს ლაბორატორიამ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მარტის დასაწყიში მას შემდეგ დაიწყო, რაც მკვლევართა ჯგუფმა ჩინეთიდან ახალი კორონავირუსის ცილის სტრუქტურა და ადამიანის უჯრედების იმ რეცეპტორების სტრუქტურა გამოქვეყნა, რომელსაც ვირუსი ეკვრის.
SARS-CoV-2-ის კვლევამ აჩვენა, რომ მისი ცილის სპეციფიკური მონაკვეთი ეკვრის ადამიანის უჯრედის რეცეპტორს, სახელად ACE2-ს. აღნიშნული რეცეპტორი უხვად გვხვდება ადამიანის უჯრედების გარსზე, მათ შორის ფილტვებში. უჯრედში შესაღწევად ACE2 რეცეპტორს იყენებდა კორონავირუსი SARS-იც, რომელმაც 2002-2003 წლებში ატიპური პნევმონიის ეპიდაფეთქება გამოიწვია.
MIT-ის მკვლევართა ჯგუფმა პეპტიდების სინთეზის ის ტექნოლოგია გამოიყენა, რომელსაც პენტელუტეს ლაბორატორია წარსულში 23 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდის გენერირებისთვის იყენებდა, რომელსაც იგივე თანმიმდევრობა ქონდა, რაც ACE2-ის ალფა სპირალს.
მათ უფრო მოკლე, 12 ამინომჟავისგან შემდგარი ვარიანტიც შექმნეს და შემდეგ, ორივე ვარიანტი ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ გრძელი პეპტიდი უკეთ ბოჭავდა COVID-19-ის ცილის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის უჯრედის რეცეპტორს ეკვრის.
23 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდის ნიმუში უკვე გაგზავნილია მაუნთ სინაის იკანის სამედიცინო სკოლაში, სადაც მას COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანური და შესაძლოა ცხოველური უჯრედების მოდელებზე გამოსცდიან.
"რთულია წარმოვიდგინო, რა დროს წაიღებს პაციენტების შემოწმება, თუმცა ჩემი მიზანია, მივიღო გარკვეული შედეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, შესაძლოა ამან თვეებიც წაიღოს", — აცხადებს პენტელუტე.
კომენტარები