კვლევა: კორონავირუსს კატების ინფიცირება შეუძლია, ხოლო ძაღლების — ნაკლებად
ჩინელი მკვლევრების მიხედვით, კატები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირდნენ და ვირუსი სხვა კატებსაც გადადონ, თუმცა ძაღლებზე იმავეს ვერ ვიტყვით. ჩინეთში მდებარე ჰარბინის ვეტერინარული კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ქათმები, იხვები და ღორები, სავარაუდოდ, ვირუსით არ ინფიცირდებიან.
კვლევა ნამდვილად საინტერესოა, თუმცა მეცნიერთა თქმით, აღელვება ჯერ ნაადრევია. შედეგები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული, რომლის ფარგლებშიც ცხოველთა მცირე რაოდენობას ვირუსის დიდი დოზით შეგნებულად აინფიცირებდნენ. კვლევა ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს შორის რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე ურთიერთობებს არ ასახავს. ასევე, არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ინფიცირებულ კატას დაავადების ადამიანზე გადატანა შეუძლია.
კორონავირუსთა ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად იზრდება და ბუნებრივია ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ მისი გავრცელების წყარო შინაური ცხოველები გახდნენ. ამჟამად, ცხოველის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული: ერთი კატა ბელგიაში და ორი ძაღლი ჰონგ-კონგში.
"კატები და ძაღლები ადამიანებთან ახლო კონტაქტში არიან და მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მოწყვლადები არიან თუ არა ისინი ვირუსის მიმართ", — განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
გუნდმა, რომელსაც ვირუსოლოგი ბუ ჟინდაო ხელმძღვანელობდა, ვირუსით ხუთი შინაური კატა დააინფიცირა. ხოლო ექვსი დღის შემდეგ, ორი მათგანის გაკვეთის შედეგად მკვლევრებმა ვირუსული რნმ და სასუნთქ გზებში ვირუსის ნაწილაკები იპოვეს.
დარჩენილი სამი ინფიცირებული კატა სამ ჯანმრთელ კატასთან ერთად გალიაში მოათავსეს. დაკვირვების შემდეგ კი ვირუსი არაინფიცირებულ კატის ორგანიზმშიც იპოვეს, რის შედეგადაც ივარაუდეს, რომ იგი კატებში ვრცელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ოთხივე ინფიცირებულმა კატამ SARS-CoV-2-ის მიმართ ანტისხეულები გამოიმუშავა.
თუმცა, საინტერესოა, რომ ინფიცირებული კატებიდან სიმპტომები არცერთს არ აღენიშნებოდა, ხოლო ჯანმრთელი კატებიდან იგი მხოლოდ ერთს გადაედო, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ ვირუსი კატებში ნაკლებად გადამდებია.
შედეგების თანახმად, COVID-19-ის კონტროლისთვის კატებზე დაკვირვება საჭიროა, თუმცა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეს, რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი არ არის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, უმჯობესია თუ COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს საკუთარ ცხოველებთან ნაკლები კონტაქტი ექნებათ, რაც მოფერებისა და საკვების გაზიარების შეზღუდვებს ითვალისწინებს.
მკვლევარების თქმით, კატისებრთა ოჯახის ცხოველები SARS-CoV-2-ის მიმართ საკმაოდ მოწყვლადები არიან, სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ისინი პოტენციური ვაქცინის ტესტირებისთვის შესაფერის მოდელს წარმოადგენდნენ.
რაც შეეხება ძაღლებს, ისინი ვირუსის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეები აღმოჩნდნენ. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 5 ძაღლი დააინფიცირეს, შემდეგ კორონავირუსის კვალი ორი მათგანის განავალში იპოვეს, თუმცა ვირულენტური ვირუსის პოვნა ვერ მოხერხდა.
კომენტარები