რატომ გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი შედარებით მარტივად
არსებული მონაცემებით, COVID-19-ის ინფექცია ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს და სრულწლოვნებთან შედარებით, აქ ლეტალური შედეგის ალბათობა ძალიან მცირეა. ახალი კვლევის მიხედვით, ინფექციის 44 672 შესწავლილი შემთხვევიდან 10 წლამდე ბავშვებზე მხოლოდ 1% მოდის, ხოლო ამ ჯგუფში სიკვდილის 1023 შემთხვევიდან ბავშვი არცერთი ყოფილა.
"კორონავირუსი გრიპისგან განსხვავებულია", — ამბობის იელის უნივერსიტეტის მკვლევარი აკიკო ივასაკი. გრიპის ვირუსი ძირითადად ბავშვებს და მოხუცებულებს აინფიცირებს.
რითია COVID-19 გრიპისგან ასე განსხვავებული? ივასაკის თქმით, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს.
მიიჩნეოდა, რომ ბავშვები ინფექციისადმი უფრო მეტად რეზისტენტულები არიან. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვების და ზრდასრული ადამიანების ვირუსით ინფიცირება თანაბრად ალბათურია.
როგორც არ უნდა იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ინფექცია ბავშვებშიც ვრცელდება, სიკვდილიანობის ალბათობა, SARS-ის და MERS-ის ინფექციების მსგავსად, ბევრად დაბალია.
სავარაუდოდ, ბავშვების იმუნიტეტის უნიკალური თვისებები მათ კორონავირუსისგან კარვად იცავს. ზრდასრულებში, სასუნთქ სისტემებში ჭარბი იმუნური პასუხი, COVID-19-ის ყველაზე ხშირი გართულებაა, რაც ფილტვებს მნიშვნელოვნად აზიანებს.
სასუნთქი გზების დაზიანების შედეგად სითხეების და იმუნური უჯრედების ფილტვებში ჩადინება პრობლემებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იმუნური პასუხი ადამიანის დაცვას ცდილობს, საბოლოო შედეგი ისაა, რომ ფილტვები ჟანგბადის სათანადოდ ათვისებას ვეღარ ახერხებენ.
ბოლო კვლევების მიხედვით, რადგან ბავშვების იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის, ის ნაკლებ ციტოკინებს გამოყოფს.
ციტოკინი ის ორგანული ნივთიერებაა, რომელსაც იმუნური უჯრედები აწარმოებენ და რის შედეგადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
თუმცა, ციტოკინები გრიპით ინფიცირების შემთხვევაშიც იგივე რაოდენობით გამოიყოფა. ივასაკი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი განსხვავებული ტიპის ციტოკინების სეკრეციას განაპირობებს, რაც ბავშვებში მეტად მწვავე იმუნურ პასუხს არ იწვევს.
შესაძლოა, რომ ბავშვებში კორონავირუსის სპეციფიკური ანტისხეულები არ იწარმოება. ანტისხეულებს ჰუმორული იმუნური სისტემა გამოყოფს. უფროსებში ჰუმორული იმუნური სისტემა პათოგენს "იმახსოვრებს", შემდეგ კი იგივე პათოგენს მარტივად ამოიცნობს. ამიტომ, ერთიდაიგივე დაავადებით ინფიცირების შანსი ხშირად უფრო დაბალია.
სავარაუდოდ, ზრდასრულებს კორონავირუსის ოჯახის სხვა ინფექცია ცხოვრების მანძილზე სხვა დროსაც შეხვედრიათ. შესაბამისად, COVID-19-ით ინფიცირებისას ისინი დიდი რაოდენობით ანტისხეულებს გამოყოფენ.
ეს ანტისხეულები კი სხვა კორონავირუსის საპასუხოდ განვითარდნენ, შესაბამისად COVID-19-ისთვის კარგად მორგებულები არ არიან.
"შეუფერებელი ანტისხეულების გამოყოფა ხშირად საზიანოა", — ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი ვენდი ბარკლი.
იმის გაგება თუ რატომ ინდობს კორონავირუსი ბავშვებს, უბრალო ცნობისმოყვარეობის საგანი არაა.
"თუ წამლების და სამკურნალო საშუალებებით რამენაირად ბავშვის იმუნური სისტემის მიმიკა მოვახერხეთ, შესაძლოა კორონავირუსი ზრდასრულებისთვისაც მსუბუქ ინფექციად ვაქციოთ", — ამბობს ივასაკი.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად აზიანებს. ინფექციის შემთხვევაში ისინი შესაძლოა ისეთივე გადამტანები იყვნენ, როგორც ზრდასრულები. ამიტომ მაინც სიფრთხილე გვმართებს.
შესაბამისად, "სკოლების დახურვა კარგი პრევენციული ზომაა", — ამბობს ივასაკი.
კომენტარები