თავის ქალა, რომელიც მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე პატარა დინოზავრს ეკუთვნის. 14 მილიმეტრი სიგრძის ნამარხი ჩრდილოეთ მიანმარში, 99 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში იპოვეს.

ნამარხი დინოზავრთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებმაც თანამდროვე ჩიტების განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი. იგი დაახლოებით კოლიბრის, ყველაზე პატარა ჩიტის ზომის იყო, მეცნიერებმა ახალ სახეობას Oculudentavis khaungraae შეარქვეს.

ფოტო: HAN ZHIXIN

"იმ ცხოველებს, რომლებიც ძალიან პატარები არიან, სპეციფიური პრობლემების მოგვარება უწევთ. მაგალითად, როგორ მოათავსონ გრძნობის ორგანოები პაწაწინა თავში ან როგორ შეინარჩუნონ სხეულის ტემპერატურა", — განაცხადა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა ჯინგმეი ოკონორმა.

ჩიტის თვალის სტრუქტურა მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

თავის ქალას თვალის გვერდული და დიდი, კოვზის ფორმის ბუდეები აქვს, მსგავსი ფორმა კი მხოლოდ თანამედროვე ხვლიკებში გვხვდება. ასევე, მისი თვალის ჭრილი საკმაოდ ვიწროა, რაც თვალებში მოხვედრილი სინათლის რაოდენობას ზღუდავდა. აღნიშნული ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ჩიტები აქტიურები დღის სინათლეზე იყვნენ.

რაც შეეხება ყბებს, ისინი სავსეა ბასრი კბილებით, რაც ნიშნავს, რომ იგი მტაცებელი იყო და სავარაუდოდ, მწერებითა და სხვა პატარა უხერხემლოებით იკვებებოდა.

სხეულის სხვა ნაწილების გარეშე მეცნიერებს იმის დადგენა თუ როგორ უკავშირდება იგი სხვა ჩიტის მსგავს დინოზავრებს, უჭირთ. თუმცა ქარვაში თავის ქალასთან ერთად რბილი ქსოვილის — ენის ნარჩენიც შემოინახა, რაც, შესაძლოა, მეცნიერებს ჩიტის ბიოლოგიის შესწავლაში დაეხმაროს.

ამჟამად უცნობია შეეძლო თუ არა ჩიტს ფრენა. თუმცა, მკვლევარების აზრით სახეობა შედარებით პრიმიტიული ჩიტების გუნდს მიეკუთვნება. შესაძლოა, იგი Archaeopteryx-ისა და Jeholornis-ის მსგავსიც კი იყოს, რომლებიც 150 და 120 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.