მყარდება იმედი, რომ რემდესივირი, შესაძლოა, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოდგეს
Covid-19-ის გამოჩენის შემდეგ მკურნალობის შესაძლო მეთოდების გამოსავლენად 300-ზე მეტი კლინიკური ცდა გაეშვა. რემდისივირი კი, რომელიც ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ყველაზე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.
Gilead Sciences-ს მიხედვით, ანტივირუსული პრეპარატის რემდესივირის Covid-19-ის წინააღმდეგ ტესტირების პირველი შედეგები ხელმისაწვდომი აპრილში გახდება. მარაგის რაოდენობის გაზრდის მიზნით კი კომპანიამ მედიკამენტის წარმოება უკვე გაზარდა.
აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში ექიმები რემდისივირს კორონავირუსის სამკურნალოდ იშვიათ შემთხვევებში, პაციენტების მცირე რაოდენობაზე უკვე იყენებენ, თუმცა ხშირად მედიკამენტი ხელმისაწვდომი არ არის.
აშშ-ის პირველი პაციენტი, 35 წლის მამაკაცი ვაშინგტონიდან, პრეპარატის წყალობით გამოჯანმრთელდა. მაგრამ იმის დასადგენად, თუ რამდენად ამცირებს მედიკამენტი სიმპტომებს და, რაც მთავარია, სიკვდილიანობის დონეს, ტესტირება უნდა გაგრძელდეს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დევიდ ჰო ეთანხმება მოსაზრებას, რომ რემდისივირი ყველაზე სანდო კანდიდატია.
"ნიუ-იორკში, ჩვენს ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გვყავს და ვცდილობთ, რომ მისთვის მედიკამენტი მოვიპოვოთ", — განაცხადა დევიდმა.
ექიმების გუნდს Gilead-მა რემდისივირის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა მედიკამენტის მარაგი ლიმიტირებულია.
პირველად რემდესივირის Covid-19-თან მიმართებაში ტესტირება თებერვლის დასაწყისში, ჩინეთში დაიწყეს, შემდეგ კი აშშ-ში.
მიმდინარე თვეში ასევე დაიწყება კიდევ ორი კლინიკური ცდა აზიაში და ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში. ექიმები მედიკამენტის სხვადასხვა დოზას გამოცდიან, ამ კვლევების შედეგები მაისში გვეცოდინება.
რემდისივირი ვირუსის სხეულში გამრავლების უნარს ბლოკავს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ რემდესივირი SARS და MERS კორონავირუსების მიმართ ეფექტიანია. მან დამაიმედებელი შედეგები კორონავირუსის სხვა ტიპებზე გამოცდის დროსაც გვიჩვენა. კორონავირუსებს გამრავლების ერთნაირი მექანიზმი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუკი იგი ერთ მათგანს მაინც დაამარცხებს, დანარჩენებსაც მოერევა.
რემდისივირის გარდა მიმდინარეობს სხვა ნაერთების, მათ შორის, მალარიისა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოცდაც. ერთ-ერთი ასეთია კალეტრა, რომელიც შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების მიმართ ექიმები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
კომენტარები