ძალადობა ყველას თვალწინ — რატომ კლავენ კაცები ქალებს
2020 წელი ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა ქალებზე ძალადობის შემზარავი ამბები უკვე რამდენჯერმე მოვისმინეთ. 3 თვეში 8 ქალი მოკლეს. სახლში, გარეუბანში, ქალაქის ცენტრში, თუ საჯარო დაწესებულებებში ჩადენილი ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები ერთმანეთს ენაცვლება.
იანვარში თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ყოფილმა ქმარმა ქალი დაჭრა. მომხდარიდან სამ დღეში ფოთში ისევ ყოფილმა ქმარმა დაჭრა ქალი. მომდევნო თვეში ცოლი, რომელიც მოძალადისგან თავის დაღწევას სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების გზით ცდილობდა, ადგილზე მოკლეს. მარტში ჭიათურაში, ხალხმრავალ ადგილას, ბავშვთან ერთად თავშეფარებულ ქალს ქმარი თავს დაესხა და სცემა. მეორე დღეს ხაშურში, ასევე, ხალხმრავალ ადგილზე ქალი ყოფილმა ქმარმა მუცლის არეში დანით დაჭრა.
რატომ ძალადობენ კაცები ცოლებზე, ყოფილ ცოლებზე, ოჯახის წევრებზე? ან რატომ ესხმიან თავს მათ ზოგჯერ სხვების თვალწინ?
"ეს მხოლოდ "შელახული" ღირსების, პატივმოყვარეობის დემონსტრირება და მისი გამყარებაა", — განმარტავს ფსიქოლოგი და ამბობს, რომ ასეთ კაცს არ შეუძლია სხვის მდგომარეობაში შესვლა.
როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მოძალადეები ფლობენ მნიშვნელოვან იარაღს — ისინი "მანიპულაციის დიდოსტატები" არიან, პოლიციელი კი, თუ ის კაცია, ხშირად შინაგან სოლიდარობას უცხადებს დამნაშავეს, რასაც მოძალადეც გრძნობს:
"ასეთ კაცს გარემო და საზოგადოება არ კიცხავს მენტალობის გამო, რის გამოც ის თავისუფლად მიჰყვება საკუთარ ინსტინქტებს და ჩანაფიქრს ახორციელებს... მან იცის, როგორ მოიქცეს გარეთ, სხვების დასანახად, მის პირსისხლიან სახეს კი ხედავს მხოლოდ ერთი ადამიანი — ქალი, რომელსაც შერყეული აქვს ჯანმრთელობა, აქვს ნერვული აშლილობა და არც ისე დამაჯერებელია მისი მონაყოლი".
რუსუდან ფხაკაძის თქმით, პრობლემის ძირითადი საფუძველი მენტალობაა და ძალადობის თემის განხილვისას მხოლოდ სამართალდამცავ სისტემაზე საუბარი დიდი შეცდომაა:
"ძალაუფლებასა და კონტროლს აღწევენ კაცები, რადგან მათ ხელში ბევრი ბერკეტია და აღიჭურვებიან ამ მოთხოვნილებით. ანუ მენტალიტეტი მათ მხარეზეა, ჩვენი ანდაზები, ჩვენი გამოთქმები: "კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს, "კარგი ქალი ოჯახის ნაგავს გარეთ არ გაიტანს," "თუ ქალს სცემენ, მან ეს დაიმსახურა", უამრავი ასეთი ფრაზა გვაქვს მენტალობის ნაწილად ქცეული
ყველაზე მძიმე თემაა კერძო საკუთრება. თუ ოჯახში ერთი კაცი მაინც არის, ისაა ქონების მესაკუთრე. ის თავის პრივილეგიებს დასჯის, სახლიდან გაძევებისა და ბავშვებზე მანიპულირების მიზნით იყენებს.
მსხვერპლისა და მოძალადის ურთიერთობა სისტემურია, სადაც ერთის სიცოცხლეს მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე მეორის. კაცს თავისი განტევების ვაცი თავის ტერიტორიაზე ჰყავს. ფსიქოპატები არიან მოძალადეები".
"ძალადობას ახასიათებს ისეთი სივრცე, სადაც ეს დანაშაული დაიმალება", — ამბობს სოციოლოგი და გენდერის მკვლევარი ლელა გაფრინდაშვილი. მისი ცნობით, ის, რომ კაცები ქალის მიმართ ძალადობის ადგილად საჯარო სივრცეს ირჩევენ, განზრახ არ ხდება.
სურთ თუ არა კაცებს საჯაროდ ღირსების აღდგენა? — მკვლევარი განმარტავს, რომ ამისათვის დანაშაულის შემსწრე ადამიანები აუცილებლად უნდა იცნობდნენ მოძალადეს ან მსხვერპლს:
"მაგალითად, ნატვრის ხეში "მარიტას დასჯა", რა თქმა უნდა, საჯარო დემონსტრირება და ღირსების საჯარო აღდგენაა. ეს კომპონენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი განზოგადება, კონკრეტულად, ჩვენს დროში, მე არ მაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას. რატომ აირჩევს ის ისეთ საჯარო სივრცეს, სადაც ამ ქალის ნაცნობები, მისი ნათესავები ამ დემონსტრირებას ვერ შეესწრებიან? მოძალადე უნდა იცნონ ამ ადამიანებმა, უნდა თქვან, "აი, როგორ აღიდგინა მან ღირსებაო. მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ღირსების აღდგენის აქტი და არა აფექტი, ან წინასწარ განზრახული დანაშაული".
ლელა გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ძალადობს ის ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანზე აღმატებულად გრძნობს თავს, ამას კი კულტურა და აღზრდის მთელი სისტემა განაპირობებს:
"კაცები ხშირად საზოგადოებისგან სწავლობენ, რომ შეუძლიათ, იძალადონ ცოლზე. წარსული ტრავმები, რა თქმა უნდა, ამასთან კავშირშია. ყველაფერი განაპირობებს, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ უმუშევრობა, ან ალკოჰოლიზმი, ან ნარკომანია იწვევს ძალადობას. მკაცრი კავშირი არ არსებობს. ყველაზე მკაცრი კავშირი არის დომინანტობასთან".
ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ბაია პატარაია ძალადობის აქტების სერიულობას მიმბაძველობით ხსნის და ამბობს, რომ ერთმა შემთხვევამ შეიძლება სხვების პროვოცირებაც მოახდინოს მომხდარის ამსახველი კადრების გაშუქებით. მისი თქმით, კაცებს სურთ, გახდნენ დღის მთავარი გმირები, თუნდაც ნეგატიური და თუნდაც, ერთი დღით და ამისთვის წირავენ სხვა ადამიანის სიცოცხლეს:
"ამ შემთხვევაში ადამიანი პერფორმანსს დგამს, რომელსაც ეყოლება დიდი აუდიტორია. ისინი არიან კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვერ არიან კარგი კაცები, რომ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ საკუთარი კაცობა და ასე სრულიად ტოქსიკურად გამოხატავენ და იცავენ აბსოლუტურად არასწორ ღირებულებებს. ამას ჩადიან იმიტომ, რომ ეს უნახავთ და იმეორებენ იგივეს".
გლობალურად, ქალებისთვის ყველა საშიში ადგილი საკუთარი სახლია. ეს გაეროს მიერ მომზადებულ ჰომიციდის გლობალური კვლევის მონაცემებში ჩანს.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 2017 წელს 87 ათასი ქალი მოკლეს, მათი ნახევარზე მეტი, 50 ათასი კი პარტნიორმა ან ოჯახის წევრმა მოკლა. კვლევის თანახმად, ეს მონაცემი ნიშნავს, რომ მსოფლიოში 137 ქალს კლავს ოჯახის წევრი ყოველდღიურად.
"ფემიციდის მსხვერპლთა უმრავლესობა მოქმედმა ან ყოფილმა პარტნიორმა მოკლა, მაგრამ ისინი ასევე მოკლულები არიან მამების, ძმების, დედების, დების ან ოჯახის სხვა წევრების მიერ, მათი, როგორც ქალის როლისა და სტატუსის გამო... იმისათვის რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, კაცები უნდა ჩაერთონ ამ დანაშაულთან ბრძოლაში და შეცვალონ კულტურული ნორმები იმით, რაც ჩაანაცვლებს ძალადობრივ მასკულინურობასა და გენდერულ სტერეოტიპებს", — წერია გაეროს კვლევაში.
2018 წელს გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად იქცა. შსს-ში ამბობენ, რომ ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე მიმართვიანობა გაზრდილია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველივე თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის 481 ფაქტია რეგისტრირებული. გასულ 2019 წელს ამავე კატეგორიის დანაშაულს 7 ქალი ემსხვერპლა.
2020 წლის 8 მარტს თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ისევ შეიკრიბებიან. ამჯერად, მათი მესიჯი თითოეულ მოქალაქეს მიემართება:
"ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს".
კომენტარები