ეხუთე კლასში ყოფნისას ჰეილი მეგი სრულ სასოწარკვეთაში, ატირებული გაიქცა სახლისკენ, როცა გაიგო, რომ პირველივე შეფასებულ დავალებაში უმაღლესი ქულა მინუსით მიეღო. მას პატარაობიდანვე ჰქონდა გააზრებული, რომ თუ ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისგან დაფასებისა და სიყვარულის მოპოვება სურდა, წარმატებული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც A მინუსით მისთვის მარცხს ნიშნავდა.

"ნამსხვრევებად ვიქეცი", — იხსენებს მეგი, — "იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემი, როგორც ადამიანის, ღირებულება იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე A ან A პლუსის მიღების შემთხვევაში იქნებოდა".

მეგის მიერ სასურველი ნიშნის ვერმიღების არასრულფასოვნების შეგრძნებასთან დაკავშირება ბოლო წლებში მზარდად ფესვგადგმული პერფექციონისტული ქცევის სახელმძღვანელო მაგალითია. კლინიკური ფსიქოლოგი და ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ ჰიუიტი, რომელიც ამ ფენომენს შეისწავლის, მასთან მისულ კოლეჯის სტუდენტს იხსენებს; ის ასევე იყო შეპყრობილი უმაღლესი ქულის მიღების იდეით იმ ტიპის წარმოუდგენლად რთულ კურსში, რომელსაც სწავლისადმი გულგრილად განწყობილი ხალხის ფაკულტეტიდან გასარიცხად ქმნიან ხოლმე. სემესტრის ბოლოსკენ სტუდენტმა ჰიუიტს უთხრა, რომ სუიციდური ფიქრები ჰქონდა: "უმაღლესი ქულა მივიღე, თუმცა ისიც გავაცნობიერე, საკმარისად ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, ამდენი შრომა არ მომიწევდა".

პერფექციონიზმი თვითგაუმჯობესებაზე ზრუნვას არ ნიშნავს, რადგან მისი მიზანი მიუღწეველი შედეგის მიღწევაა.

ფოტო: AP Photo / Mark Lennihan

ჰიუიტი, რომელიც წიგნის, პერფექციონიზმი: შეფარდებითი მიდგომა კონცეპტუალიზაციის, შეფასებისა და მკურნალობისადმი, თანაავტორია, ამბობს, რომ პერფექციონიზმი ხასიათის ზოგადი შტრიხია და საკუთარი თავისადმი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულებით განისაზღვრება. მაღალი სტანდარტების დაწესება და მათი მიღწევის მიზნად დასახვა, შესაძლოა, კარგ თვისებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ პერფექციონიზმი დისფუნქციურია, რადგან მას საფუძვლად იმის მუდმივი შეგრძნება უდევს, რომ ნაკლოვანნი ან არასრულფასოვანნი ვართ. "ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთ გზად კი ადამიანებს სრულყოფილების მიღწევა წარმოუდგებათ", — ამბობს ჰიუიტი.

კვლევები აჩვენებს, რომ თუკი ადრე ეს პრობლემა ერთეულებს აწუხებდა, პერფექციონიზმი ახლა მზარდი კულტურული ფენომენია, რომელიც იკვებება აღზრდის თანამედროვე წესებით, სოციალური მედიითა და კონკურენტული ეკონომიკით. მის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება TED-ის არაერთი გამოსვლა, ინსტაგრამის მიმი, ოპრას დისკუსია თუ წიგნი. ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან დემი ლოვატო, ზენდაია და ნატაშა ლიონი, ღიად საუბრობენ პერფექციონიზმთან გამკლავების საკუთარ გამოცდილებაზე.

"ჩვენ იმდენად ვართ ეკრანებზე მიჯაჭვული და ჩვენი ცხოვრება იმდენად ზედმიწევნითაა იქ დანახულით მართული, რომ როცა სხვების სრულყოფილ ცხოვრებას უყურებ, ხვდები, რამდენად არაა შენი ასეთი", — ამბობს ნეტფლიქსის ვარსკვლავი, ლანა კონდორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შექმნილ ვიდეოთა სერიის, გამარჯობა, შფოთვავ, ერთ-ერთ ეპიზოდში, — "და თუკი ხალხი გაიგებს, რამდენად არასრულფასოვანია შენი ცხოვრება, შიშობ, რომ ამის გამო განგსჯიან".

"მიმოიხედეთ, პერფექციონიზმს ახლა ყველგან შეხვდებით", — ამბობს ბათის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, თომას ქერენი, — "მეგობრებში, კოლეგებში და სტუდენტებში, რომელთაც ვასწავლი — ყველაში ვხედავ ამას". სოციალური მედიის საშუალებით პერფექციონიზმი კიდევ უფრო მძლავრდება, რადგან გაცილებით მარტივია, საკუთარი ცხოვრება სხვისას შევადაროთ.

ქერენმა და მისმა კოლეგამ, ენდრიუ ჰილმა, 40 ათასზე მეტი სტუდენტის მიერ 1989 წლიდან 2016 წლამდე შევსებული პერფექციონიზმის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები შეაგროვეს. 1989 წელს სოციალური წნეხისგან გამოწვეული პერფექციონიზმის ქონის ნიშნები გამოკითხულთა ცხრა პროცენტმა გამოავლინა. ეს მაჩვენებელი კვლევის ბოლოს გაორმაგდა და 18 პროცენტი შეადგინა. "ყველაზე მეტად გაძლიერდა რწმენა იმისა, რომ ხალხი შენგან სრულყოფილებას ელის. შესაბამისად, ახალგაზრდები ახლა უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პერფექციონიზმისკენ".

პასადინას უნივერსიტეტის სტუდენტები გამოსაშვებ ცერემონიაზე. 2019 წლის 14 ივნისი, პასადინა, კალიფორნია.

ფოტო: Robyn Beck / AFP / Getty Images

პერფექციონიზმის ზრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იმიტომაა, რომ ის პირდაპირკავშირშია სხვა მენტალურ პრობლემებთან. 284 კვლევის მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ ამ მდგომარეობის შემთხვევათა მატება კორელაციაშია დეპრესიასთან, შფოთვით აშლილობასთან, კვებასთან დაკავშირებულ დარღვევებთან, თვითდაზიანებასა და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასთან. სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა ასევე იწვევს სტრესს, დაღლილობას, ინსომნიასა და მტანჯველ თავის ტკივილებს.

წიგნის, არჩიე გაოცება განცდას, ავტორი, ემბერ რეი 20 წელს ახლადგადაბიჯებული იყო, როცა სილიკონ ველის ერთ-ერთ კომპანიაში თავდაუზოგავად მუშაობდა. უმოწყალოდ მომთხოვნი მოლოდინების გასამართლებლად მან სტიმულანტის, ადერალის მიღებაც კი დაიწყო. "ორივე მხრიდან ვწვავდი სანთელს", — ასე აღწერს ის თავის იმჟამინდელ მდგომარეობას, — "საერთოდ არ მეძინა". ერთ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულს გული წაუვიდა და გამოფხიზლებისას ვერც კი მიხვდა, რამდენ ხანს იყო უგონოდ. როდესაც ექიმთან მივიდა, მიზეზად ორგანიზმის გამოფიტვა დაუსახელეს. "ეს სიტყვები გამოსაღვიძებელი ზარივით ჩამესმა", — ამბობს რეი.

აქამდე მას ერთხელაც ვერ გაეცნობიერებინა, რამდენად ვნებდა საკუთარ თავს იმის დაჯერებით, რომ საკუთარი უსაფრთხოება და სხვების მხრიდან სიყვარული მჭიდროდ უკავშირდებოდა იმას, თუ რამდენად სრულყოფილი იქნებოდა. "მთელი ცხოვრების განმავლობაში ამის გამეორებით ჩემს თავსა და მუშაობის შემოქმედებით პროცესს ხალისს ვართმევდი", — ამბობს ახლა უკვე 34 წლის რეი, — "რაღაც უნდა შეცვლილიყო".

კვლევრები პერფექციონიზმის სამ სახეს გამოყოფენ. ესენია: შენგან წარმოებული — როდესაც საკუთარ თავს თვითონ სთხოვ სრულყოფილებას; სხვებისგან წარმოებული — როდესაც ახლობლები (მეუღლე, მეგობრები, თანამშრომლები) ითხოვენ შენგან სრულყოფილებას; და საზოგადოებისგან წამოსული, რომლის დროსაც ადამიანი სოციუმში გაბატონებული ნორმებიდან გამომდინარე გარე ზეწოლას გრძნობს.

"უკანასკნელი ტიპის პერფექციონიზმი ყველაზე დამღუპველია, რადგან ხშირად უკავშირდება ჯანმრთელობასა და ემოციურ პრობლემებს", — ამბობს კანადის იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, გორდონ ფლეტი. მისი თანაავტორობით შემქნილ კვლევაში, სადაც ის იმგვარი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე საუბრობს, როგორებიცაა ფიბრომიალია და გულის პრობლემები, ნაჩვენებია, რომ ოთხი გამოკითხულიდან ერთს მაინც აქვს საზოგადოების მხრიდან წამოსული მოლოდინებით გამოწვეული პერფექციონიზმის ნიშნები.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა იმგვარი ჯანსაღი ქმედებებისგან საგრძნობლად განსხვავდება, როგორებიცაა კონკურენციის გაწევა და თვითგაუმჯობესებაზე ზრუნვა. პერფექციონიზმის ტოქსიკურობას შენი თავისთვის ისეთი მაღალი სტანდარტების დაწესება განაპირობებს, რისი მიღწევაც შეუძლებელია და, შესაბამისად, ცდა მარცხისთვისაა განწირული.

1975 წელს გადაღებულ ფილმში, "სტეპფორდის ცოლები", რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, ქალებისადმი საზოგადოებისგან დაწესებული შეუსრულებელი ნორმებია გაკრიტიკებული.

ფოტო: Columbia Pictures

რეი იხსენებს, მცირე ნაკლის აღმოჩენისას, როგორ ანადგურებდა საშუალო სკოლის ხელოვნებათმცოდნეობის საგანში დავალებულ პროექტებს. "ჩემი გემოვნება და შესაძლებლობები ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, რაც არასრულფასოვნების შეგრძნებას მიტოვებდა. ვგრძნობდი, თითქოს მქონდა პოტენციალი, რომელსაც ვერ ვიყენებდი", — ამბობს ის. რეიმ თავი დააჯერა, რომ მხოლოდ სრულყოფილების მიღწევით დაიმსახურებდა სიყვარულს: "თუ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებდი და შესახედაობითაც უნაკლო ვიქნებოდი, ხალხი ჩემ შეყვარებასა და მიღებას შეძლებდა და მეც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი".

"რთულია, როცა ადამიანი გრძნობს, როგორ ეჭიდება შეუსრულებელ სტანდარტებს. და როცა მსგავსი ხალხი წარმატებას აღწევს, მხოლოდ იმის შიში იტანს, რომ ამის მერე მისდამი მოლოდინები კიდევ უფრო მოიმატებს", — ამბობს ფლეტი, — "ასეთ მომენტებში გაძლიერებულ ზეწოლას გრძნობ".

მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, კარინა ლიმბური აღნიშნავს, რომ პერფექციონიზმი ხშირად ვლინდება კვებითი აშლილობების გზით. სწორედ ლიმბურია იმ მეტა-ანალიზის თანაავტორი, რომელმაც 284 კვლევაზე დაყრდნობით პერფექციონიზმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს დაუკავშირა. ის იხსენებს ნევროზული ანორექსიით დაავადებულ ქალს, რომელსაც კვების საოცრად მკაცრი წესები ჰქონდა გამომუშავებული.

"აკრძალული ხილის ჭამა მისთვის თვითდაწესებული სტანდარტების ვერდაკმაყოფილების ტოლფასი იყო", — ამბობს ლიმბური. ჯანმრთელი ადამიანი იტყოდა: არაუშავს, რომ ამ მიზანს ვერ მივაღწიე, მაგრამ ამ პაციენტის შემთხვევაში, თითოეული მარცხი მის თვითშეფასებას ძირს უთხრიდა. "მისი, როგორც ადამიანის, ფასი განისაზღვრებოდა იმით, თუ რამდენად შეძლებდა სასურველი წონის მიღწევას და ამ არარეალისტური სტანდარტის გამო მარცხისთვის იყო განწირული".

შესაძლებელია, პერფექციონიზმს რაიმე გენეტიკური კომპონენტიც განსაზღვრავდეს, თუმცა რა პროცენტითაა ის თანდაყოლილი და რა პროცენტით შეძენილი ან სხვებისგან პროვოცირებული, ჯერ დაზუსტებით არაა ცნობილი. ფლეტის მიხედვით, "თუ პერფექციონისტი ხარ, დიდი ალბათობით, მშობლებიც ასეთივე გეყოლება. მაგრამ ეს მიზეზშედეგობრიობა იმდენადვე შეიძლება იყოს გენეტიკური, რამდენადაც — გარემოებით-მიმბაძველობითი".

მოზარდობის ასაკში მეგი მიიჩნევდა, რომ წარმატება ერთადერთი გზა იყო მამასთან ემოციური კავშირის დასამყარებლად. მისი თქმით, მამამისი მხოლოდ მაშინ აქცევდა ყურადღებას, როცა გოლს გაიტანდა ან კარგ ნიშანს მიიღებდა. "ბავშვობიდანვე ვიცოდი, იმისთვის, რომ ვინმეს შევემჩნიე ან დავეფასებინე, წარმატებისთვის უნდა მიმეღწია", — ამბობს ის.

პერფექციონისტისთვის მიზნისკენ მიმავალ გზაზე ფეხის ერთი დაცდენაც კატასტროფის ტოლფასია.

ფოტო: Shout / Dutch Uncle

მეგის მიერ განცდილი წარმატებაზე ორიენტირებული აღზრდის მეთოდი სულ უფრო გავრცელებული ხდება. დალჰაუსის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, საიმონ შერი ამბობს, რომ ბავშვებს სჭირდებათ ისეთი სიყვარულის გრძნობა, რომელიც მათემატიკაში მიღებულ მაღალ ქულებთან და ფეხბურთში გატანილ გოლებთან არ იქნება კავშირში. ამის მიუხედავად, მშობელთა უმრავლესობა დღეს ცდილობს, შვილს შეჯიბრობითობის განცდა გამოუმუშაოს, რათა ამის შედეგად მან ელიტურ სკოლაში კარგი ქულები მიიღოს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხოს. მაგრამ როდესაც ბავშვი მხოლოდ წარმატების მიღწევის შემთხვევაშია დაფასებული, ის ავტომატურად იაზრებს, რომ მის არსებობას ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, როცა სრულყოფილი გახდება. "მშობლებმა უნდა ისწავლონ, უპირობოდ როგორ უყვარდეთ საკუთარი შვილები", — აღნიშნავს შერი.

ინსტაგრამი, ფეისბუქი და სოციალური მედიის სხვა პლატფორმები ხელს უწყობს არაჯანსაღი შედარებების აღმოცენებას. "სოციალურ მედიაში გაზიარებული სურათები იმის ერთგვარ ნიმუშებად იქცევა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. პერფექციონისტები კი სანიმუშოდ ყველაზე მიუღწეველი შედეგების მაჩვენებელ მაგალითებს იყენებენ", — ამბობს შერი. და დღეს, როცა ასე მარტივია, ვირტუალურ რეალობაში შენი ცხოვრება იდეალურ ფერებში გამოსახო, ამ ფანტაზიის რეალურ მიზნად ქცევა ერთობ საშიში ხდება.

მარტინ სმიტი, ბრიტანეთის იორკის წმინდა იოანეს უნივერსიტეტის მკვლევარი ამბობს, რომ პერფექციონიზმი ავტომატურად არ ქრება; პირიქით, ასაკის მატებასთან ერთად ეს მდგომარეობა უარესდება. მისმა გუნდმა პერფექციონიზმისა და სხვა პიროვნული თვისებების ურთიერთმიმართების მეტა-ანალიზი ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მათში, ვინც პერფექციონიზმის დასადგენ ტესტში მაღალი ქულები მიიღო, წლების სვლასთან ერთად იმატა ისეთმა ნეგატიურმა ემოციებმა, როგორიცაა ბრაზი, გაღიზიანება და შფოთვა; ისინი, ამასთან, ნაკლებად გულისხმიერებიც გახდნენ.

სმიტის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ რაც დრო გადის, პერფექციონისტი მით ხშირად ვერ აღწევს დასახულ მიზნებს, რის შედეგადაც, იმედგაცრუებული უყურებს საკუთარ წარსულს და ყოველ გამოცდილებას წარუმატებლობად აფასებს — გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა თვითდაწესებული მოლოდინები გაამართლა.

სრულყოფილებისკენ სწრაფვას რიგი ფსიქიკური პრობლემების გამოწვევა ან გამწვავება შეუძლია.

ფოტო: Alamy

სკოლაში ან სპორტულ აქტივობებში ქულებისა და სხვადასხვა სტატისტიკის მეშვეობით შენი მიღწევების სხვებთან შედარება მარტივია. მაგრამ სამსახურში კოლეგებთან შეჯიბრება სუბიექტურია და პერფექციონისტისთვის, რომელიც მუდმივად სრულყოფილებას ესწრაფვის, ეს გარემოება დიდ თავსატეხს აჩენს. "იშვიათია შემთხვევა, როცა იმის თქმა შეგიძლია, რომ მუშაობისას რაიმე დავალების შესრულებაში 95-პროცენტიანი შედეგი გაქვს", — ამბობს სმიტი, — "სინამდვილეში, მიღწევის შეფასება გაცილებით ბუნდოვანი კრიტერიუმებით ხდება".

ერფექციონიზმზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მისი კავშირი სუიციდურ ფიქრებსა და ქმედებებთან. "მსგავსი იმპულსები იმაზე ხშირად ვლინდება პერფექციონისტებში, ვიდრე უმრავლესობას წარმოუდგენია", — ამბობს შერი. საგანგაშო ნიშანთა შორისაა სასოწარკვეთის დასაფარად გაწეული ძალისხმევა და საკუთარი ცხოვრების იმგვარ სრულყოფილ ფერებში წარმოჩენა, როგორიც რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი ფასადია ხოლმე და მსგავსი ქცევის ამოცნობა მხოლოდ იმ ადამიანებს ძალუძთ, რომლებსაც პერფექციონისტთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

რეიმ გაიაზრა, რომ თუ დესტრუქციული ჩვევებისგან გათავისუფლება სურდა, ხელოვნურად შექმნილი სრულყოფილი ადამიანის იდენტობა უნდა გაენადგურებინა. იმისათვის, რომ ამოეცნო, როდის უბრუნდებოდა ძველ მავნე ჩვევებს, მასში არსებულ პერფექციონისტს გრეისი დაარქვა. ამ მდგომარეობისთვის სახელის მინიჭება მას დაეხმარა, განესაზღვრა, როდის იწყებდა ძველებურად ფიქრს: "ასეთ დროს შემეძლო მეთქვა, აჰ, ეს ხომ გრეისია. და გაკიცხვის ნაცვლად ვცდილობდი, თანაგრძნობა გამომეჩინა". ის საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა სურდა გრეისს. პასუხი კი ეხმარებოდა გაეგო, რა მიზნის დასახვას იწყებდა მისი პერფექციონისტი მე.

ჰიუიტი ამბობს, რომ პერფექციონიზმის მკურნალობა იმ ბავშვთან მუშაობას ჰგავს, საწოლის ქვეშ წარმოსახვითი მონსტრის რომ ეშინია. ის იხსენებს პაციენტს, რომელიც თვითიდენტიფიცირდებოდა პერფექციონისტად და მათ პირველ შეხვედრაზე სასხვათაშორისოდ აღნიშნა, რომ ხუთი წლისას მისმა მშობლებმა ნათესავებთან საცხოვრებლად გაგზავნეს, სანამ თავად საზღვარგარეთ გადასვლის საქმეებს აგვარებდნენ. მან გაიხსენა, დიდხნიანი განშორების შემდეგ პირველად შეხვედრისას როგორ მოინუსხა დედამისი მისი სილამაზით. ამის შემდეგ მან მიზნად დაისახა, ყოფილიყო საუკეთესო შვილი, რადგან ქვეცნობიერად სჯეროდა, ამას თუ შეძლებდა, აღარასდროს მოუწევდა დედამისისგან შორს ყოფნა. ჰიუიტის ახსნით, პერფექციონიზმის გამომწვევი პირადი ურთიერთობების თავისებურებები ხშირად არის ხოლმე.

სოციალური მედია სავსეა იდეალური ცხოვრების წარმომჩენი მაგალითებით, რაც მიუღწეველი მიზნების დასახვისკენ გვიბიძგებს.

ფოტო: Katharina Clasen

ირონიულია, რომ სრულყოფილებას გამოდევნებულ ადამიანებს ჰგონიათ, მიზნის მიღწევის შემდეგ მეტად აღიარებულნი და დაფასებულნი იქნებიან. სინამდვილეში, ამ თვისების ქონის გამო ისინი მტრულ და შებოჭილ პიროვნებებად აღიქმებიან. "პარადოქსია, მაგრამ ქცევა, რომლის საფუძველიც სხვებისგან სიყვარულის და აღიარების მოპოვების სურვილია, პირიქით, ადამიანების ჩამოშორებას იწვევს", — ამბობს ჰიუიტი.

ურთიერთობებში მეგი ყოველთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, რაც მეგობრების გაჩენაში ხელს უშლიდა. ის ყოველთვის აღიარებასა და მოწონებას ეძებდა, რის გამოც უჭირდა ადამიანური კავშირების დამყარება. "ჩემი ურთიერთობები, საბოლოოდ, პერფორმატიული უფრო იყო ხოლმე, ვიდრე გულწრფელი", — ამბობს ის.

26 წლის მეგიმ, რომელიც ახლა სიეტლში ურთიერთდამოკიდებულებისგან გათავისუფლების მწვრთნელად მუშაობს, ისწავლა, რომ ცხოვრებას უფრო მსუბუქად უნდა შეხედოს და საკუთარი ნაკლების არ რცხვენოდეს. "დამჭირდა, მესწავლა, რომ შემიძლია ვთქვა, დღეს კი აფორიაქებული ვარ, თუმცა საღამოს მაინც გნახავ". ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მან გაითავისა, რომ მაშინაც დააფასებდნენ, თუ სისუსტეს გამოავლენდა. ახლა მას ორი თუ სამი ისეთი ახლო მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც შეუძლია, საკუთარი თავი იყოს. მსგავსი მეგობრობა დაეხმარა მას დაენახა, რომ "ყველაფერი კარგადაა; მაშინაც კი, როცა სრულყოფილად არ ვგრძნობ თავს".