მსოფლიოში ერთადერთი Nintendo Playstation-ის პროტოტიპი აუქციონზე იყიდება
კონსოლებისა და ვიდეოთამაშების ბაზრის გიგანტების, Sony-სა და Nintendo-ს კოლაბორაციის შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს საერთოდ არაფერი სმენია, თუმცა ამ ორ გიგანტს შორის საერთო კონსოლის შექმნაზე 90-იან წლებში მოლაპარაკებები მართლაც მიდიოდა.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სახელი, ინტერნეტში კონსოლს Nintendo Playstation-ადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე.
საინტერესო ისაა, რომ დღეს ასეთი კონსოლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს და ისიც აუქციონზე იყიდება.
ადრეულ ოთხმოცდაათიან წლებში ნინტენდო სონისთან თანამშრომლობდა, რათა ერთობლივი ძალებით კომპაქტური დისკების წამკითხველი პერიფერიული მოწყობილობა შეექმნათ, რომელიც Super Nintendo Entertainment System-ისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
1991 წელს, ნინტენდომ უეცრად გადაწყვიტა, სონისთან კონტრაქტი გაეწყვიტა და მუშაობა ევროპულ Philips-თან გაეგრძელებინა, რომელიც იმ პერიოდში CD დისკებზე მუშაობდა.
თავის მხრივ, სონიმაც მიიღო გადაწყვეტილება და ნინტენდოსთან ურთიერთობა შეწყვიტა. მეტიც, ეს გახდა სტიმული იმისა, რომ სონის თავის კონსოლზე დაეწყო ფიქრი, რის შედეგადაც Sony Playstation მივიღეთ, რომელმაც თამაშების ინდუსტრია სრულად შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინტენდოსა და სონის კოლაბორაციულმა პროექტმა დღის სინათლე ვერ იხილა, სონიმ 200 პროტოტიპის აწყობა მაინც მოახერხა. ეს კონკრეტული კი, რომელიც აუქციონზე იყიდება, ერთადერთია, რომელიც კვლავ მუშაობს. 19 თებერვლის მონაცემებით მისი ფასი 280 000 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს რიცხვი კვლავ გაიზრდება, რადგან აუქციონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 17 დღეა დარჩენილი.
კონსოლის მფლობელის თქმით, მას უკვე სთავაზობდნენ $1,2 მილიონ დოლარს, თუმცა მან გაყიდვა აუქციონის გზით გადაწყვიტა.
კომენტარები