ჰოლივუდში ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვარსკვლავები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ წითელ ხალიჩაზე ათეულობით ფოტოგრაფის წინ თავი მოიწონონ. ამისათვის წინასწარ ემზადებიან და ცნობილი ბრენდების ძვირად ღირებულ ტანსაცმელსა თუ სპეციალურად მათთვის შეკერილ სამოსს ირგებენ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი ოსკარების წითელი ხალიჩა ყოფილა, თუმცა წელს ახალი ტრენდიც შეინიშნებოდა: რამდენიმე ცნობილი ადამიანი არა ახალი, არამედ მანამდე უკვე გამოყენებული სამოსით წარსდგა წითელ ხალიჩაზე.

ამის მთავარი მიზეზი ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების ირგვლივ გაზრდილი ცნობიერებაა: მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. შესაბამისად, ვარსკვლავების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ე.წ. სწრაფ მოდაზე უარი თქვას და ამით ზედმეტი მოხმარება, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შეამციროს.

ფოტო: Variety

მაგალითად, ამერიკელი მწერალი, არიანა ჰაფინგტონი ოსკარის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე იმ კაბით გამოცხადდა, რომელიც მანამდე მას 2013 წელს ეცვა. ამასთან დაკავშირებით თავის ინსტაგრამზეც დაწერა:

"როცა შენი რომელიმე ტანსაცმელი გიყვარს, ჩაიცვი ის კიდევ და კიდევ. ასე დროს, ფულს და გარემოს რესურსებს დაზოგავ".

ფოტო: Variety

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ამერიკელი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსი 2020 წლის ყველა დაჯილდოებაზე ერთი და იგივე კოსტიუმით გამოცხადდებოდა. ცხოველების უფლებების ცნობილი დამცველი და გარემოს აქტივისტი მართლაც ოქროს გლობუსზე, ოსკარებზე თუ BAFTA-ს დაჯილდოებაზე სტელა მაკარტნის კოსტიუმით წარსდგა.

ფოტო: Variety

ოსკარების სცენაზე ნაცნობი კაბით გამოჩნდა ლეგენდარული მსახიობი ჯეინ ფონდაც: Elie Saab-ის წითელი კაბა მას უკვე 2014 წელს კანის კინოფესტივალზე ეცვა. 82 წლის ოსკაროსანი მსახიობი გარემოს ცნობილი დამცველია: ის უკვე თვეებია კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ ყოველკვირეულ აქციებს მართავს.

ფოტო: Variety

ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა, ელიზაბეტ ბენკსმა არც მეტი, არც ნაკლები 16 წლის წინანდელ კაბას შესძინა ახალი სიცოცხლე და წლევანდელი ოსკარების წვეულებაზე ისე მივიდა.

"ლამაზია და თან მიხდება... კვლავ რატომ არ უნდა ჩამეცვა? მოდასა და სამომხმარებლო კულტურაში ბუნებრივი რესურსების ჭარბად მოხმარების შეზღუდვა მნიშვნელოვნად აისახება კლიმატის ცვლილებაზე, წარმოებაზე, ოკეანეების დაბინძურებასა და ქალთა შრომაზე", — წერს თავის ინსტაგრამზე ელიზაბეტ ბენკსი.

სკეპტიკოსებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნაკლებად გულწრფელად ეჩვენოთ, თუმცა ცხადია, რომ საერთო კეთილდღეობისთვის ცვლილებების საჭიროებას უკვე მთელ მსოფლიოში გრძნობენ.