Windows-ისთვის ბაგები უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა Windows 7-ის "სიკვდილის" შემდეგ მილიონობით მომხმარებელს მოუწია Windows 10-ზე გადასვლა (ერთი კარგი აბავი ისაა, რომ ეს უფასოდ შეგიძლიათ). შესაბამისად, როგორც ძველ, ასევე ახალ მომხმარებლებსაც მოუწევთ ყურადღება მიაქციონ ბოლო, იანვრის უსაფრთხოების განახლებას.

პრობლემის შესახებ პირველად Windows Latest-მა დაწერა. Windows 10-ის ახალი უსაფრთხოების განახლება (KB4528760) მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს.

თუ კი ეტაპობრივად მივყვებით, KB4528760-ის დაყენება თავიდანვდე პრობლემებით იწყება და ინსტალაციის დროსვე რამდენიმე შეცდომას შევხვდებით. ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ არსად ჩანს თუ რა იწვევს ამ პრობლემებს. ამ ყველაფრის შემდეგ ჯაჭვური პროცესი იწყება და გადატვირთვის შემდეგ კომპიუტერი საერთოდ აღარ ირთვება.

"ახალი KB4528760 განახლება ზოგ კომპიუტერზე გარკვეულ პრობლემებს ქმნის და მათ ჩართვაში ხელს უშლის. შეცდომის კოდია 0xc000000e, პრობლემა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეხება" — განმარტა ერთ-ერთმა მომხმარებელმა Microsoft-ის ფორუმზე.

Windows Latest-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაიკროსოფტი ჯერ კიდევ არ ადასტურებს, თუმცა ინტერნეტში ამ პრობლემის შესახებ სულ უფრო მეტი მომხმარებელი წერს და, როგორც ჩანს, განცხადების გაკეთება Microsoft-საც მალე მოუწევს.

Windows 7-ის მილიონობით მომხმარებლისთვის ეს ახალი ამბავი იქნება და სიფრთხილე მართებთ, მათ კი, ვინც ვინდოუს 10-ს უკვე დიდი ხანია მოიხმარს, ასეთ პროგრამულ ხარვეზებს მიჩვეულია.