Windows 7-ის დასასრული — მაიკროსოფტმა სისტემის მხარდაჭერა შეწყვიტა
14 იანვრიდან მაიკროსოფტმა ერთ დროს ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის, Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მის მიმართ ტექნიკურ დახმარებას წყვეტს. ასევე აღარ გამოვა უსაფრთხოების განახლებებიც.
Windows 7 ჯერ კიდევ 2009 წელს გამოვიდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს ის მილიონობით კომპიუტერზე კვლავ აყენია. თუმცა, თუ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, უმჯობესია, რომ სისტემა განაახლოთ და Windows 10-ზე გადახვიდეთ, რომელიც უფრო სწრაფი, მოქნილი და ბევრად უსაფრთხოა. ეს რჩევა განსაკუთრებით საყურადღებო მათთვის უნდა იყოს, ვინც კომპიუტერში მნიშვნელოვან კონფიდენციალურ ინფორმაციას ინახავს, რადგან უსაფრთხოების ახალი განახლებების გარეშე თქვენი კომპიუტერი ვირუსებისა და მავნე პროგრამების მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადი იქნება.
დღეიდან მაიკროსოფტი Windows 7-ის მქონე კომპიუტერებზე შეტყობინებების გაგზავნასაც იწყებს, რომელშიც ისინი მომხმარებლებს სისტემის განახლებისკენ მოუწოდებენ. თანაც, ამ შეტყობინებების გათიშვა შეუძლებელია და სხვა თუ არაფერი, სისტემის განახლება მხოლოდ ამის თავიდან ასარიდებლადაც ღირს.
კომენტარები