საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან ოთხ მმართველ ქალაქში ახალი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური გაორმაგდა. კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში ახალი მომხმარებლები გაზის შეყვანისთვის 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდიან.

სემეკის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ისეთ ობიექტებზე, რომელიც არ მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით. ძირითადად ასეთ ობიექტებია ახლადაშენებული ან მშენებარე ობიექტები.

"სამშენებლო სამუშაოების წარმოება ქალაქის ტიპის მჭიდრო დასახლებებში დაკავშირებულია მეტ სირთულესა და ხარჯთან. ასეთი არეალები ხასიათდება მჭიდრო საკომუნიკაციო არხებით, რაც მოითხოვს რთული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ხშირ შემთხვევაში ქსელის მიწის ქვეშ განთავსებას გვირაბული მეთოდის გამოყენებით. ამასთან, მიერთების სამუშაოებით გამოწვეული დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება დამატებითი ხარჯები. აღნიშნული გარემოებების არსებობამ გამოიწვია მიერთების საფასურის გაზრდა თვითმმართველ ქალაქებში", — აცხადებენ სემეკში.

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილება 2019 წლის 26 დეკემბერს შეიტანეს.