ახალი ელემენტებით სმარტფონებს, შესაძლოა, დატენვა 5 დღე არ დასჭირდეთ
ლითიუმ-გოგირდის ელემენტებს უკვე დიდი ხანია იკვლევენ, თუმცა ახალმა მიგნებამ, შესაძლოა, შემდეგი თაობის ელემენტები რეალობად აქციოს.
მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარების მიხედვით, მათ შექმნეს ყველაზე ეფექტიანი ლითიუმ-გოგირდის ელემენტი. მკვლევარების მტკიცებით ამ ტიპის ელემენტის მქონე სმარტფონი დატენვის გარეშე 5 დღის განმავლობაში გაძლებს. ლითიუმ-გოგირდის ეს ელემენტები, წარმოების მხრივ, საკმაოდ იაფიც ჯდება და ამჟამად ფართო გამოყენებაში მყოფ ბატარეებზე ეკოლოგიურად სუფთაა.
ახალი ელემენტების შექმნისთვის საჭირო იყო გოგირდის კათოდებში ნაწილაკთა ბმების ისე შეცვლა, რომ მათ უფრო მეტი დატვირთვის გაეძლოთ.
ამჟამად მეცნიერებისთვის მთავარი მიზანია, რომ ახალი ელემენტების ფართო წარმოება შეძლონ. ალტერნატიული ელემენტები აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ წარმოების, ფასის ან მოუხერხებელი ტექნოლოგიის გამო მათი მასშტაბური წარმოება ვერავინ შეძლო.
მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი ლითიუმ-გოგირდის ელემენტი წინამორბედების ბედს არ გაიზიარებს. გერმანიის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა უკვე დაიწყო ამ ელემენტების საცდელი წარმოება და 2020 წელს მათ ავსტრალიაში, მზის ელემენტებში და მანქანებში გამოცდიან.
თუ ეს ტექნოლოგია წარმატებული აღმოჩნდა, ის ჩვენი მოწყობილობების ელემენტების ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
კომენტარები