ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა, კომპანიაში გავრცელებულ მოხსენებით ბარათში კოლეგებთან აცხადებს, რომ პლატფორმამ (ფეისბუქმა), შესაძლოა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევაც განაპირობოს.

გავრცელებულ ბარათში ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ბოსვორთი წერს, რომ 2016 წელს ტრამპის გაპრეზიდენტებაზე პასუხისმგებლობა ფეისბუქზე გავრცელებულ რეკლამებს ეკისრება და ამატებს, რომ წელს, შესაძლოა, იგივე განმეორდეს.

"როგორ ლიბერალმა, მე მინდა ყველაფერი ვცადო, რომ იგივე შედეგი თავიდან ავირიდო", — ამბობს ის, თუმცა ამატებს, რომ ამ პროცესში ხელოვნურად ჩარევა მისთვის მიუღებელია, — "რაოდენ მაცდურიც არ უნდა იყოს ამ შედეგის თავიდან ასარიდებლად ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენების სურვილი, მე ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ეს არასდროს არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ შემთხვევაში გავხდებით ის, რისიც თავად გვეშინია".

ფოტო: REUTERS / ALBERT GEA

აღნიშნული წერილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად The New York Times-მა, სამშაბათს გაავრცელა. მალევე, ბოსვორთმა ეს წერილი ფეისბუქზე სრულად გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ის საჯაროდ გავრცელებისთვის გამიზნული არ იყო.

ცუკერბერგის სანდო კოლეგამ, ბოსვორთმა, რომელიც ფეისბუქში უკვე დიდი ხანია ერთ-ერთ აღმასრულებელ პოზიციას იკავებს, გამოქვეყნებულ პოსტში ანალოგიად ნიკოტინი და შაქარი მოიყვანა და განაცხადა, რომ ფეისბუქი უფრო მეტად ამ უკანასკნელს ჰგავს.

"ადამიანები სოციალურ ქსელს ნიკოტინს ადარებენ ხოლმე", — წერს ბოსვორთი პოსტში — "თუმცა ჩემი აზრით, ფეისბუქი უფრო მეტად შაქარს ჰგავს, ვიდრე ნიკოტინს. შაქარი გემრიელია და უმეტესობა ჩვენგანის ცხოვრებაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ, როგორც ყველაფერ სხვასთან, მასთან მიმართებაშიც ზომიერება გვმართებს".

ენდრიუ ბოსვორთი და მარკ ცუკერბერგი.

ენდრიუ ბოსვორთი და მარკ ცუკერბერგი.

ფოტო: Facebook

"იყო თუ არა ფეისბუქი პასუხისმგებელი ტრამპის გაპრეზიდენტებაში? ჩემი აზრით ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. თუმცა, ამის მიზეზი ის არაა, რაც ყველას ჰგონია. ის რუსეთის გავლენის შედეგად არ აურჩევიათ, კავშირში არც კემბრიჯ ანალიტიკაა და არც გამიზნული დეზინფორმაცია. ის აირჩიეს იმიტომ, რომ მან საუკეთესო ციფრული კამპანია აწარმოა, რომელიც ოდესმე მინახავს", — აგრძელებს ის.

ბოსვორთის თქმით, ტრამპმა და მისმა ციფრულმა დირექტორმა (რომელიც ტრამპის 2020 წლის ციფრულ პიარ კამპანიასაც ხელმძღვანელობს) საარჩევნო კამპანიას თავი წარმოუდგენლად კარგად გაართვეს.

"ისინი დეზინფორმაციას არ ავრცელებდნენ. ისინი სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა მესიჯებს არ ავრცელებდნენ. ისინი უბრალოდ საუკეთესოდ იყენებდნენ იმ ხელსაწყოებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს და თითოეულ ადამიანს შესაბამის, სწორ შეტყობინებას აწვდიდნენ."

ბოსვორთი აღიარებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია რეალური პრობლემაა, რომელსაც კომპანია სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ამის პარალელურად, ის აცხადებს, რომ ფეისბუქის ალგორითმები ზუსტად მუშაობენ და თითოეულ მომხმარებელს იმას აწვდიან, რაც მათ სურთ.

ფოტო: Getty Images

"მე ვფიქრობ ხალხი მიხვდება, რომ ეს ალგორითმები თავად კაცობრიობის სურვილების ანარეკლია, კარგია ეს, თუ ცუდი", — ამბობს ის.

ის ასევე ეჭვობს, რომ საპირისპირო აზრის შემცველი კონტენტის ნახვა, შესაძლოა, ადამიანის შეხედულებებზე გავლენას საერთოდაც ვერ ახდენდეს. უფრო მეტიც, ეს, შესაძლოა, საკუთარ შეხედულებებში ადამიანს კიდევ უფრო არწმუნებდეს.

ბოსვორთმა კოლეგებს ასევე ურჩია, რომ კრიტიკას ყოველთვის ყურადღებით მოუსმინონ, განსაკუთრებით თუ ის მედია საშუალებებიდან მოდის.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიმართ გამომჟღავნებული კრიტიკის უმეტესი ნაწილი საფუძვლიანია და ისინი წარმოადგენენ იმ მიმართულებებს, რომლებშიც შეგვიძლია, რომ საზოგადოებას უკეთ ვემსახუროთ. მე არ მსიამოვნებს, როდესაც ჩვენს სუსტ მხარეებზე საუბრობენ, თუმცა ჩვენი უარყოფითი მხარეების არცოდნა კიდევ უფრო უარესი მგონი", — წერს ის.