საიდან იღებს სათავეს დროში მოგზაურობის იდეა
ოცნება დროში მოგზაურობაზე ერთდროულად ძალიან ძველიცაა და უნივერსალურიც. მაგრამ მაინც როდის დაიწყო კაცობრიობამ ამ იდეით დაინტერესება და რატომ არის ის ასეთი მომხიბვლელი?
დროში მოგზაურობის კონცეფცია, — დროში ისევე გადაადგილება, როგორც სამგანზომილებიან სივრცეში ვმოძრაობთ, — შეიძლება, მჭიდრო კავშირში იყოს იმასთან, თუ როგორ აღვიქვამთ თავად დროს. ენათმეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ დროსთან ასოცირებულ მოვლენებზე საუბარი მათი სივრცით მოვლენებთან დაკავშირების გარეშე. "ენაში, ნებისმიერ ენაში, არ არსებობს ერთმანეთთან იმაზე უფრო მჭიდრო კავშირის მქონე ორი სფერო, ვიდრე დრო და სივრცეა", — წერს ებრაელი ენათმეცნიერი, გაი დოიჩერი 2005 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ენის გახსნა, — "მიუხედავად იმისა, რომ ამას ყოველთვის ვერ ვამჩნევთ, ჩვენ დროზე სივრიცითი ტერმინოლიგიის გამოყენებით ვსაუბროთ, რადგანაც ჩვენ დროზე ისევე ვფიქრობთ, როგორც სივრცეზე".
ქართული ენისთვისაც არაა ეს ფენომენი უცხო. ჩვენ ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა გავიდა დრო, წლებმა ჩაიქროლეს, ახალი წელი მოდის და ასე შემდეგ. ასევე, გვაქვს სივრცის აღმნიშვნელი ზმნისსართები წინ და უკან, რომელთაც დროში საორიენტაციოდაც ვიყენებთ. მართლაც, თუ დავუფიქრდებით, რეალურად დრო ვერც გრძელი იქნება და ვერც მოკლე; ის არც წინ მიიწევს და არც უკან; ამ ყველაფერს ჩვენ ენის გავლენით წარმოვიდგენთ.
შესაძლებელია, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენს ცნობიერებაში დრო და სივრცე ერთმანეთთან ასე მჭიდრო კავშირში არიან, დროში მოგზაურობის იდეას სათავე გასაოცრად ადრეულ წარსულში დაედო. სამეცნიერო ფანტანსტიკის მკვლევრის, ლიზა აიზეკის მიხედვით, დროში მოგზაურობის ერთ-ერთი პირველი მაგალითი გვხვდება მაჰაბჰარატაში, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 400 წელს სანსკრიტზე დაწერილ ეპიკურ პოემაში.
მაჰაბჰარატაში ვკითხულობთ ისტორიას მეფე კაკუდმიზე, რომელიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა და შესაფერის ქმარს ეძებდა თავისი მშვენიერი და განსწავლული შვილის, რევატისთვის. ისინი გაემგზავრებიან შემოქმედი ღმერთის ბრაჰმას სანახავად, რათა მას რჩევა ჰკითხონ. როდესაც ბრაჰმას სასუფეველს მიაღწევენ, მათ 20 წუთი მოცდა უწევთ, რათა ღმერთს სიმღერის მოსმენა აცადონ. ამის შემდეგ ბრაჰმა მათ უხსნის, რომ დრო სასუფეველში სხვანაირად გადის, ვიდრე — დედამიწაზე. აღმოჩნდება, რომ მამა-შვილის იქ ყოფნისას "27 ჩატურ-იუგა" ანუ 116 მილიონი წელი გავიდა, ამიტომ ყველა, ვისაც კაკუდმი და რევატი იცნობდნენ, ოჯახის წევრებისა და პოტენციური საქმროების ჩათვლით, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ ისტორია გარკვეულწილად ბედნიერ ნოტაზე სრულდება, რადგან რევატი ღვთაება კრიშნას ტყუპ ძმაზე, ბალარამაზე ინიშნება.
დრო წარმავალია
იაზეკი თვლის, რომ პოემაში დროის დილატაციის აშკარა მაგალითს ვაწყდებით, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა დამკვირვებელი დროს თავისი სუბიექტური საზომის მიხედვით ზომავს. ეს კი, თავის მხრივ, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი გახლავთ.
სხვადასხვა დროითი განზომილების შემცველი მსგავსი მონათხრობები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ურთავს იაზეკი და მაგალითად მოჰყავს ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის შუააღმოსავლური ამბავი ებრაელ სასწაულმოქმედზე, რომელსაც ახალდარგული კერატის ხის ქვეშ დაეძინება და 70 წლის შემდეგ, იმ დროს გაეღვიძება, როდესაც ხე პირველ მოსავალს მოისხამს (კერატის ხეები განთქმულნი არიან იმით, რომ პირველი ნაყოფის გამოღებას ძალიან დიდ დროს ანდომებენ). სხვა მსგავსი მაგალითი შეიძლება ვიპოვოთ მერვე საუკუნის იაპონურ იგავში მეთევზე ურაშიმა ტაროზე, რომელიც მოგზაურობს ზღვისქვეშა სასახლისაკენ და უყვარდება პრინცესა. სახლში დაბრუნებული ტარო აღმოაჩენს, რომ მისი მოგზაურობის დაწყებიდან ასი წელი გავიდა.
იაზეკის მიხედვით, მოდერნისტული პერიოდის დასაწყისისას, 1700-1800-იან წლებში, ძილის დროს დროში მოგზაურობის შესახებ ისტორიები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მაგალითები მოიცავენ როგორც კლასიკურ ისტორიას რიპ ვან ვინკლზე, ასევე ედუარდ ბელამის 1888 წლის უტოპისტურ რომანს, მზერა უკან, რომელშიც პროტაგონისტი 2000 წელს იღვიძებს. ასევე აღსანიშნავია ჰერბერტ უელსის 1899 წლის რომანი, მძინარე იღვიძებს, რომელშიც გმირი საუკუნეების განმავლობაში თვლემს და საბოლოოდ აბსოლუტურად სახეცვლილ ლონდონში ეღვიძება.
ამ პერიოდის სხვა ისტორიებში ადამიანები იმის უნარსაც იძენენ, რომ წარსულში გაემგზავრონ. მარკ ტვენის 1889 წლის სატირაში, კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე, თავის დაზიანების შემდეგ გმირი ლეგენდარული ბრიტანელი მონარქის მმართველობის პერიოდში აღმოჩნდება. ნელ-ნელა ჩნდებიან ნივთებიც, რომელთაც შესწევთ უნარი, პერსონაჟები დროში ამოგზაურონ; ამის მაგალითებია ედუარდ პეიჯ მიტჩელის 1881 წლის წიგნი, საათი, რომელმაც უკუსვლა დაიწყო, და ლუის კეროლის 1889 წლის საბავშვო ფანტასტიკა, სილვია და ბრუნო, სადაც ბავშვებს აქვთ საათი, რომელიც დროის მანქანის მსგავსია.
ამ პერიოდში მსგავსი ისტორიების ბუმი შეიძლება იყოს გამოწვეული იმით, რომ ადამიანებმა "დაიწყეს დროის სტანდარტიზება და უფრო ხშირად იყენებდნენ საათებს დროში ორიენტირებისათვის", — ამბობ იაზეკი.
დროდადრო
უელსმა თავის 1895 წლის ნაწარმოებში, დროის მანქანა, დროში მოგზაურობის იმგვარ სიუჟეტურ გადაწყვეტას მიმართა, რომელიც დღემდე ხშირად გამოიყენება. წიგნში აღწერილია ტექნოლოგიური სიახლე, ერთგვარი დანადგარი, რომელსაც დროში წინ და უკან გადაადგილება შეუძლია. "ეს ის პერიოდია, როდესაც შეიქმნა ორთქლის ძრავა, მატარებელი და პირველი მანქანები", — ამბობს იაზეკი, — "ამიტომ არაა გასაკვირი, რომ უელსმა გაიფიქრა: ჰეი, ხომ შეიძლება, რომ ჩვენ მანაქანები დროში სამოგზაუროდაც გამოვიყენოთო".
იაზეკისვე თქმით, რადგანაც დროში სამოგზაურო მანაქანა შეიძლება მრავალფეროვანი ვიზუალის მქონე იყოს, უელსის შემდეგ დაწერილ ჩვენთვის საყვარელ მრავალ ისტორიაში განსაკუთრებული ფორმის დროის მანქანები ხშირად ჩნდებოდნენ. მას მაგალითად მოჰყავს პოლიციის ლურჯი სატელეფონო კიოსკი — ტარდისი — BBC-ის სერიალიდან დოქტორი ვინ, და ძვირადღირებული ვერცხლისფერი სპორტული მანქანა დელორიანი, ფილმიდან უკან მომავალში.
იაზეკის თქმით, უახლესი წარსულიდან მოყოლებული, დროში მოგზაურობის ამბებს ადმიანების ისტორიასთან ურთიერთობის გამოსაკვლევად იყენებენ. ეს განსაკუთრებით ქალებისა და ფერადკანიანთა მიერ დაწერილ ნაწარმოებებს ეხება. ოქტავია ბატლერის 1979 წლის რომანი, მონათესავე, გვიყვება თანამედროვე ქალზე, რომელიც სამოქალაქო ომამდე მცხოვრებ თავის წინაპრებს ეწვევა. "ეს არის შესანიშნავი ისტორია, რომელიც გვაიძულებს, კრიტიკული თვალით გადავხედოთ თეთრკანიანთა და შავკანიანთა ურთიერთობების ისტორიას", — ამბობს მკვლევარი. ხოლო თანამედროვე ონლაინ სერიალში, გამგზავნე, ვხვდებით აფროამერიკელ მედიუმს, რომელიც ადამიანებს სამოქალაქოომამდელ ამერიკაში უწევს მეგზურობას, რათა მათ მონობის პერიოდი იხილონ. "მე აღმაფრთოვანებს მსგავსი ისტორიები", — ამბობს იაზეკი, — "ისინი გვეხმარებიან, ახალი კუთხით დავინახოთ ჩვენი წარსული".
დროში მოგზაურობამ მედიასა და ხელოვნების მრავალ ჟანრში შეძლო თავის დამკვიდრება; მაგალითად, ისეთ კომედიებში, როგორებიცაა ზაზუნას დღე და ბილისა და ტედის იდეალური თავგადასავალი, ან ისეთ ვიდეოთამაშებში, როგორებიცაა ნინტენდოს ზელდას ლეგენდა და ინდი თამაში ბრეიდი.
იაზეკის აზრით, დროში მოგზაურობის შესახებ ისტორიების პოპულარობა და ცვალებადი ბუნება განპიროებებულია ამ ტროპის უნარით, მოგვწყვიტოს ჩვენთვის ჩვეულ რეალობას. "ეს ამბები გვაძლევენ უფლებას, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, დროის სწორხაზოვან ბუნებას თავი დავაღწიოთ", — ამბობს ის, — "ისინი საშუალებას გვაძლევენ, ახალი პერსპექტივდან დავინახოთ როგორც ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილება, ასევე, ზოგადად, მთელი კაცობრიობისა, რაც ჩვენში გამორჩეულად შთამბეჭდავი გრძნობის გამომწვევია. ამასთან, თანამედროვე ადამიანს ალბათ იმიტომ იზიდავს ისტორიები დროის მანქანებზე, რომ ჩვენ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ".
თუმცაღა, დროში მოგზაურობის მიმზიდველობას ბევრად ღრმა ფესვები აქვს, რომლებიც ჩვენს სასაუბრო ენასთანაა გადახლართული და მსგავსი ფანტაზია ადამიანის ძალიან ადრეულ წარმოსახვებშიც გვხვდება.
"ვფიქრობ, ეს არის საშუალება, უკეთ გავიგოთ სხვა მხრივ ხელშეუხებელი და ამოუხსნელი ფენომენი, დრო", — ამბობს იაზეკი, — "ადამიანის უკანასკნელი გადასალახი ზღვარი დროის ზღვარია, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს სიცოცხლესა და სიკვდილს. ჩვენ ყველანი მივდივართ წინ, ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ დროში".
კომენტარები