სამოქალაქო პროტესტი ქუჩაში — 2019 წლის მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები
2019 წელი მსოფლიოსთვის აქტიური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხრივ ერთდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელიც იყო. ჩვენ ამოვარჩიეთ ათი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც ადამიანებსა და საერთაშორისო წესრიგზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი
აღნიშნული სია ვერ იქნებოდა იმ ისტორიული კენჭისყრის გარეშე, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 1998 წელს ბილ კლინტონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მეორე ასეთ შემთხვევას თავის ცხოვრებაში ვეღარ იხილავდა. თითქმის 20 წლის თავზე კი აშშ-ს პრეზიდენტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.
დემოკრატიული პარტია, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატის უმრავლესობა უჭირავს, დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინასა და მის ახლადარჩეულ პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა, რათა ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და არც საიმპიჩმენტო გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
ქვედა პალატის კენჭისყრის შემდეგ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სამართლიანობას სენატი აღადგენს, რომლის უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია იკავებს.
ბრექსიტის გარკვეული, მაგრამ მაინც გაურკვეველი მომავალი
2016 წლის რეფერენდუმმა თითქოს ყველაფერი განსაზღვრა — 2019 წლის მარტში ევროკავშირს ერთი წევრი გამოაკლდებოდა. მიმდინარე წელს ბრექსიტის თარიღის რამდენჯერმე გადაწევამ, ხელშეკრულებაზე უთანხმოებამ, პრემიერ-მინისტრის გადადგომამ, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა თუ რამხელა პოლიტიკური პრობლემის წინაშე დგას დიდი ბრიტანეთი.
ჩნდებოდა კითხვა, ამხელა გაურკვევლობის შემდეგ ბრიტანელებმა ხომ არ გადაიფიქრეს ევროკავშირიდან გამოსვლა. ამაზე 12 დეკემბრის ვადამდელმა არჩევნებმა გასცა პასუხი. მოსახლეობამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატიულ პარტიასა და მის ლიდერს, ბორის ჯონსონს, რომელიც ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივია.
ახლა ყველა ელოდება 31 იანვარს, როდესაც გაყრა ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. თუმცა იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ, მაინც დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, როგორ და როდის შედგება ბრექსიტი.
აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდება
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სავაჭრო ომი კარგია და მოსაგებად ადვილია, თუმცა 2019 წელმა საპირისპირო აჩვენა.
მსოფლიოს ორი უძლიერესი ეკონომიკა სასტიკ სავაჭრო ომშია ჩართული. 18-თვიანმა დაპირისპირებამ ის გამოიწვია, რომ აშშ-მ და ჩინეთმა ერთმანეთის ასობით მილიარდიან საქონელს ტარიფები დაუწესეს.
ტრამპი ჩინეთს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებს. ჩინეთში კი არსებობს მოსაზრება, რომ აშშ ცდილობს შეამციროს მისი ეკონომიკური ზრდა.
მოლაპარაკებები გრძელდება თუმცა ყველაფერი რთულადაა. დეკემბერში მხარეებმა წინასწარი შეთანხმების შესახებ განაცხადეს, თუმცა ზოგიერთი მწვავე საკითხი ისევ გადაუწყვეტელი რჩება.
სავაჭრო ომთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ კი ბიზნესს ზიანი მიაყენა და მსოფლიო ეკონომიკაზეც ჰპოვა ასახვა.
ვენესუელის კრიზისი
იანვრის დასაწყისში ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადურო გადააყენა.
ვენესუელა მსოფლიოში ნავთობით უმდიდრესი ქვეყანაა, თუმცა არასწორმა პოლიტიკამ, კორუფციამ და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებამ ქვეყანა უდიდეს კრიზისში ჩააგდო. ნაციონალური ვალუტა მილიონი პროცენტით გაუფასურებულია, მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს, პირველადი საჭიროების პროდუქტები ხელმიუწვდომელია და ამას ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფაც ემატება. ხუან გუაიდო უიმედოდ დარჩენილი მოქალაქეების ახალ შანსად იქცა. სწორედ ამიტომ მას კარაკასში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
თუმცა ნიკოლას მადური ძალაუფლების ადვილად დათმობას არ აპირებს. ის არც ქუჩის პროტესტს უშინდება. მის ხელში არმია და პოლიციაა. და როგორც ამბობს, საპრეზიდენტო ვადას სრულად მოიხდის.
გუაიდოს დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, მაშინ როცა მადუროს რეჟიმის მხარდამჭერები რუსეთი, ჩინეთი, კუბა და სხვა მსგავსი ქვეყნები არიან. რუსეთს მადუროსთვის ფულადი და სამხედრო დახმარების გაწევაშიც ადანაშაულებენ, თუმცა ვლადიმერ პუტინი, როგორც ყოველთვის, ყველაფერს უარყოფს.
თითქმის ერთი წლის თავზეც მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
ქურთები, აშშ და თურქეთი
თურქეთის მკაცრი პოლიტიკა ქურთების მიმართ არახალია, თუმცა სირიის ჩრდილოეთი სამხედრო ინტერვენცია უკვე ახალი კონფლიქტის წამოწყებად იქცა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დიდი ხანი აცხადებდა, რომ სირიის ჩრდილოეთ საზღვრის ტერიტორია, რომელიც თურქეთს ესაზღვრება ქურთებისგან უნდა გაიწმინდოს და იქ ე.წ. უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ერდოღანმა გაეროს ტრიბუნიდანაც ისაუბრა.
ოქტომბრის დასაწყისში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ქურთების მხარდამჭერი ქვეყნის, აშშ-ს მიერ რეგიონიდან სამხედროების გაყვანა. ქურთულმა რაზმებმა პარტნიორის ნაბიჯი "ზურგში დანის ჩარტყმად" შეაფასეს. თურქეთის სამხედრო თავდასხმის მოგერიება მათ მარტო მოუწიათ.
სამხედრო ინტერვენციის პარალელურად აშშ-მ საგანგებო მოლაპარაკებები დაიწყო, აქვე ჩაერთო რუსეთიც. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდა, ქურთებმა კი სირიის ჩრდილოეთ საზღვრის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.
ტერაქტები და მოკლული ლიდერი
ტერორისტული აქტების გარეშე არ ჩაუვლია 2019 წელსაც. Esri-ს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 112 ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რამაც 2 400-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.
ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი შრი-ლანკაში მოხდა, სადაც სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროს დაესხნენ თავს. ტერაქტის შედეგად 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 500-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
მასშტაბური ტერაქტი მოხდა ახალ ზელანდიაშიც. ავსტრალიელი კაცი ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მან 51 ადამიანი მოკლა.
წელს აშშ-მ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა. ოპერაციის დროს აშშ ძალებმა ბაღდადის სახლს ჯერ საჰაერო დარტყმა მიაყენეს, შემდეგ კი მან თავი აიფეთქა. გარდა ამისა, დადასტურდა კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილის მკვლელობაც.
სახელწოდების ცვლილება კონფლიქტის მოგვარებისთვის
იშვიათია, როდესაც ქვეყანა 27-წლიანი კონფლიქტის შესაწყვეტად სახელწოდებას იცვლის. მაკედონია, ახლა უკვე ჩრდილოეთ მაკედონია ასე მოიქცა.
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ საბერძნეთი მუდამ ითხოვდა, რომ მაკედონიას მისი ისტორიული რეგიონის მსგავსი სახელწოდება არ ჰქონოდა, სხვა შემთხვევაში კი ევროკავშირსა და ნატოში შესვლის მის ყველა მცდელობას ბლოკავდა.
სახელწოდების ცვლილებაზე საბერძნეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ 2018-ის ივნისში მიაღწიეს, თუმცა ოფიციალურად ის ძალაში მხოლოდ 2019 წლის თებერვალში შევიდა.
ამის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიამ ნატოსთან გაწევრიანების პროტოკოლს მოაწერა ხელი და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვა. თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად საფრანგეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის სურვილი დაბლოკა.
ამაზონის ტყეების ხანძარი
2019 წელს კლიმატურ ცვლილებებზე ბევრი ისაუბრეს და იკამათეს. ამაზონის ტყეების ხანძარი კი ბევრი ეკოაქტივისტისთვისა და მეცნიერისთვის გლობალური დათბობის თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ამაზონის ტყეებში ხანძარი მუდმივად არის, თუმცა აგვისტოში ხანძრის კერების 84-პროცენტიანმა ზრდამ ქვეყნის პოლიტიკაზე პირდაპირ იმოქმედა.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ამაზონის ჯუნგლების დამანგრეველ ხანძარს. თავდაპირველად ის მის ჩაქრობაზეც უარს აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ ქვეყანას ამის რესურსი არ ჰქონდა. თუმცა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მან მოქმედება დაიწყო.
ბევრი აქტივისტი ამაზონის ტყეების განადგურებაში სწორედ ბოლსონარუს ადანაშაულებს. მათი თქმით, ბოლსონარუს ერთწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ამაზონში ხეების ჩეხვა გაზრდილია და ამის წამქეზებელი, პირველ რიგში, ქვეყნის ლიდერია.
ამაზონის ტყეების ხანძარმა იმხელა პოლიტიკური მასშტაბი შეიძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა და დიდი შვიდეულის სამიტზე ცალკე საკითხად განიხილა. რა თქმა უნდა, ბოლსონარუ ამით უკმაყოფილოც იყო და მაკრონი ქვეყნის საქმეების ჩარევაში დაადანაშაულა. თუმცა საერთაშორისო ზეწოლისა და გამოყოფილი დახმარებების შემდეგ ხანძრების ჩაქრობა დაიწყეს.
16 წლის ეკოაქტივისტი შვედეთიდან
კლიმატურ ცვლილებებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრეტა თუნბერგი იყო. 16 წლის შვედი გოგო პოლიტიკოსი არაა და არც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიმღები პირია, თუმცა მისმა აქტივისტობამ მსოფლიო აალაპარაკა.
გრეტა თუნბერგი უდავოდ ყველაზე ცნობადი მოზარდია, რომლის აქციებმა, გამოსვლებმა და მოწოდებებმა ყურადღება მიიქცია. ის ხვდება პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქვს ემოციური საჯარო გამოსვლები.
რამდენადაც დიდი მხარდაჭერა აქვს თუნბერგს, იმდენად აკრიტიკებენ მას. სოციალურ ქსელებში ბევრი აკრიტიკებს მას და არაკომპეტენტურობასა და პოპულიზმში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, მას აკრიტიკებს დონალდ ტრამპიც, რომელსაც გლობალური დათბობის არ სჯერა.
თითქმის ერთ წელში გრეტა თუნბერგი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად იქცა. ის ნობელის პრემიის ლაურეატობის მთავარ კანდიდატადაც განიხილებოდა. 2019 წლის მიწურულს Time-მა შვედი გოგო წლის ადამიანად დაასახელა.
ქუჩის აქციების წელი
2019 წელი ქუჩის აქციების მხრივ საკმაოდ დატვირთული იყო. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს განსხვავებული პრობლემები აწუხებთ, მაგრამ ყველას მიზანი ერთიანია — საკუთარი ხმა ხელისუფლებას გააგონონ.
ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ჰონგ-კონგის აქციებია. დეპორატაციის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრებად იქცა. შვიდ თვეზე მეტია დემოკრატიული იდეების გამო ჰონგ-კონგელ სტუდენტებს პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და იარაღს უშვერს.
სამოქალაქო პროტესტი გააქტიურებული იყო რუსეთშიც. ზაფხულის აქციების დრო ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ. მათ წინააღმდეგ სასტიკად მოქმედებდნენ სამართალდამცავები. ოპოზიციონერებს აქციის დაწყებამდე აკავებდნენ, მათ წინააღმდეგ ხელკეტებსა და ფიზიკურ ძალას იყენებდნენ. ხშირად კი მშვიდობიან მომიტინგეებს ძალადობაში უსაფუძვლოდაც ადანაშაულებდნენ.
მსოფლიო აქციების ნაწილად იქცა საქართველოს საპროტესტო გამოსვლები. მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტივისტები რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლას აპროტესტებდნენ. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ დაპირების შემდეგ, ახლა მათ დაპირების შესრულებისთვის უწევთ ბრძოლა.
მიმდინარე წლის თებერვალში ალჟირელების საპროტესტო აქციების შედეგად 20-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა გადადგა. აპრილში სუდანში აქციებისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად 26-წლიან პრეზიდენტობას ჩამოაშორეს ომარ ალ-ბაშირი. ოქტომბერში მეტროს მგზავრობაზე გაზრდილი ტარიფის გამო ქუჩაში გავიდნენ ჩილეს მოქალაქეები მაშინ, როცა WhatsApp-ზე დაწესებული ტარიფის გამო საპროტესტო აქციები მოაწყვეს ლიბანში. პროტესტმა მოიცვა ბოლივია, ინდოეთი ნიკარაგუა და ირანი. საფრანგეთში კი ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციები ისევ გრძელდება.
კიდევ ცხრა ამბავი, რომელიც 2019 წლის მსოფლიოში მოხდა
- რუსეთი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს;
- პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი, რამაც კულტურული ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა;
- ავსტრიას პირველი ქალი კანცლერი ჰყავს;
- ევროკომისიას ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს;
- დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი;
- პაპი ფრანცისკე პირველი პონთიფიკია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყანაში ჩავიდა;
- ეკვადორსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გეი ქორწინება ლეგალური გახდა;
- ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩზე დასწრების უფლება მისცეს;
- კაცობრიობამ შავი ხვრელის პირველი ფოტო იხილა.
კომენტარები