ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ჯორჯ მარტინმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ 30 ნოემბერს აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში საკუთარი წიგნის მაღაზია გახსნა.

ამ სახელგანთქმულ მწერალს მთელს მსოფლიოში იცნობენ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სახელწოდების მქონე წიგნების სერიით, რომლის მიხედვითაც HBO-მ საკულტო სერიალი Game Of Thrones გადაიღო.

სანამ წიგნის მაღაზიას გახსნიდა, ჯორჯ მარტინმა რამდენიმე წლით ადრე, 2013 წელს ჯერ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს სახელობის კინოთეატრი გახსნა, სადაც ფილმის ჩვენებებთან ერთად ცნობილ ავტორებთან შეხვედრები და წიგნის პრეზენტაციები იმართება.

როგორც თავად მარტინი აცხადებს, მსგავსი შეხვედრების დამსახურებით სხვადასხვა ცნობილი მწერლის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნი დაუგროვდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ წიგნის მაღაზია გაეხსნა, სადაც ყველა ამ წიგნს ერთად მოუყრიდა თავს.

BEASTLY BOOKS — ასე ჰქვია წიგნის მაღაზიას, რომელშიც ცნობილი მწერლების ხელმოწერილ ნაწარმოებებთან ერთად თავად ჯორჯ მარტინის წიგნების შეძენაც შეგეძლებათ.

ფოტო: georgerrmartin.com

მართალია, მწერლის ერთგულ მკითხველებს ეს სიახლე განსაკუთრებულად გაახარებთ, რადგან ამერიკაში მოგზაურობის შემთხვევაში კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულების ადგილი ექნებათ მოსანიშნი, სადაც სტუმრობის შემთხვევაში ამ საკულტო მწერალთან შეხვედრის შანსიც არსებობს, თუმცა, ალბათ, ყველას ერთად ის ფაქტი უფრო გაგვახარებდა, რომ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის დაპირებული წიგნის, The Winds of Winter-ის წერა დაესრულებინა, მაგრამ რას გავაწყობთ.