რა აკავშირებს სტრესს დეპრესიასთან და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება
იმის ნევროლოგიურმა ახსნამ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში სტრესის დროს და როგორ შეიძლება, რომ ეს მდგომარეობა დეპრესიად გარდაიქმნას, ახალი ტიპის თერაპიათა შემუშავებას შეუწყო ხელი.
შუაკვირის წვიმიანი დღის მიუხედავად, კარდიფის სტრესთან გასამკლავებელ კურსზე 50-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის არიან თინეიჯერები, თეთრთმიანი მოხუცები ხელჯოხებით, ევროპული, აზიური თუ შუააღმოსავლეთური წარმოშობის ხალხი და წყვილი, რომელიც დედა-შვილს ჰგავს, თუმცა რთულია გარჩევა, რომელი რომლის საგულშემატკივროდაა მოსული.
კურსის ინსტრუქტორი ხაზგასმით ამბობს, რომ არ აპირებს, პირველივე შეხვედრაზე მოაყოლოს დამსწრეებს თავიანთი სტრესის შესახებ: "საჯაროდ ლაპარაკი თავისთავად სტრესულია". სანაცვლოდ, ის მათ წინა კურსის წევრთა ისტორიებს მოკლედ აცნობს. ჰყვება პოლიციელზე, რომელსაც ამოუხსნელი და მუდმივი შფოთვა ხელს უშლიდა ფუნქციონირებაში; ჰყვება 71 წლის პენსიონერ ქალზე, რომელსაც დაუძლეველი ქრონიკული დაღლილობა და სევდა სიცოცხლეს უშხამავდა; ჰყვება, როგორ ვერ შეძლო მარტოხელა დედამ შვილის კონცერტზე დასწრება იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე აცნობიერებდა, როგორ გაუტეხდა ამით მას გულს.
რა არის ამ ხალხის და იმ მრავალფეროვან ადამიანთა მთავარი დამაკავშირებელი, რომლებიც კარდიფის თერაპიულ კურსზე ერთად სხედან და ისტორიებს ისმენენ?
დიდი ხნის განმავლობაში სტრესი ერთგვარი ფრთიანი გამონათქვამი იყო — "როგორი დასტრესილი ვარ!" — მაგრამ ახლანდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეს მდგომარეობა საკვანძო ელემენტია ისეთი ფსიქიკური პრობლემების აღმოცენებაში, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობები.
შფოთვის მთავარი ხელშემწყობი, როგორც ჩანს, სწორედ თავის ტვინის ცენტრალური რეგიონების სტრესით გამოწვეული სტიმულაციაა. მეორე მხრივ, დეპრესიული დაავადებების ფუნდამენტს ტვინის რეგიონების მგრძნობელობისა და მოქნილობის დაკარგვა წარმოადგენს. რატომ უქვეითდებათ ამ რეგიონებს რეაქციები? შესაძლოა, იმიტომ, რომ სტრესის გავლენით ზედმეტი მუშაობა უწევთ, რაც ღლის მათ და დატვირთვას ვეღარ უძლებენ. ამ გარემოებას იმის ახსნა შეუძლია, თუ რატომ განიცდიან ხოლმე ადამიანები ასე ხშირად დეპრესიასა და შფოთვას თანადროულად.
მაინც, რა არის სტრესი? არსებითად, ესაა შეებრძოლე ან გაიქეცი მდგომარეობის პირველი ეტაპი — კლასიკური რეაქცია საფრთხეზე, თანდაყოლილი რეფლექსი, რომელიც გაიძულებს, ან პირდაპირ გაუმკლავდე საშიშ სიტუაციას, ან ყვირილით გაიქცე მისგან. თუმცა თანამედროვე ხედვის თანახმად, არსებობს მესამე არჩევანიც — ერთ ადგილზე გაყინვა, რომელიც ხსნის ძლიერი შიშისგან გამოწვეულ გახევებას.
შიშზე მსგავსი საპასუხო რეაქცია მარტივი საკონტროლებელი არაა — მას საკუთარ ნებაზე ვერ ჩართავ-გამორთავ. სანაცვლოდ, რთული ნევროლოგიური და ბიოქიმიური სისტემები ამზადებენ ჩვენს ტვინსა და სხეულს საფრთხესთან გასამკლავებლად. ეს ყოველივე რეგულირდება ტვინის კომპლექსური ქსელებისა და ჰორმონალური რეაქციებით. სტრესზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ამიგდალაა, რომელიც წყვეტს, რამდენად მართებულია სტრესის განცდა მოცემულ შემთხვევაში.
სტრესულ რეაქციას ჩვენზე მრავალმხირი და ძლიერი ზეგავლენა აქვს. ასეთ დროს უფრო მეტად ფიქრობ ნეგატიურ მოვლენებზე, — მათ შორის თავად სტრესის გამომწვევ მიზეზებზეც, — რადგან, როდესაც პრობლემასთან გამკლავებას ცდილობ, მეორეხარისხოვან საკითხებზე დროის ხარჯვის ფუფუნება არ გაქვს. ამავდროულად, საფრთხეებისა და რისკების მიმართ ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც უფრო მგრძნობიარე ხდები, რაც შენს ტვინსა და სხეულს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს მექანიზმი საფრთხეებისგან შენს დაცვას კი ემსახურება, თუმცა ისევ და ისევ ყოფის უსიამოვნო ასპექტებზე გამახვილებინეს ყურადღებას და ცხოვრების დადებითი მხარეების შემჩნევას გიძნელებს.
სტრესი ჩვენს სხეულში მრავალ აქტივობას იწვევს. მაგალითად, ის რამდენიმე ძლიერმოქმედ ნივთიერებას ათავისუფლებს სისხლძარღვებში. ასეთ ნივთიერებათაგანია კორტიზოლი, რომელიც ჭიმავს კუნთებს და ზრდის პულსს, გლუკოზის რაოდენობასა და იმუნური სისტემის მოქმედებასაც კი.
სტრესული რეაქციის გამომწვევი სიგნალი მოდის ტვინიდან, რომლის დროსაც საკვანძო ელემენტია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური (HPA) ღერძი; ესაა კომპლექსური ურთიერთქმედება ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზსა და თირკმელზედა ჯირკვალს შორის. როცა საქმე სტრესს ეხება, HPA ღერძი, არსებითად, ტვინისა და სხეულის მაკავშირებელია. როგორც კი ჩვენი ტვინი წყვეტს, რომ სტრესი საჭიროა, სიგნალები იგზავნება HPA-ისკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოჰყოფს ნივთიერებათა კომპლექსურ ნაერთს. ამის შედეგად ადამიანის სისხლში სტრესის ისეთი ჰორმონები გამოიყოფა, როგორებიცაა კორტიზოლი და გლუკოკორტიკოიდები.
პრობლემის სათავე სწორედ აქაა. ზოგი ადამიანის ორგანიზმში HPA ღერძის უნარი, დაადგინოს, როდისაა საჭირო სტრესის გამომწვევ ნივთიერებათა გამოყოფა და როდის უნდა შეწყვიტოს ეს პროცესი, დარღვეულია. მან, შეიძლება, ფიზიკურ სტრესთან ბრძოლა სწორ დროს დაიწყოს, მაგრამ ვერ მიხვდეს, როდის უნდა დაასრულოს ის.
სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ამ თითქოსდა მსუბუქად შემაწუხებელ დარღვევას ჯანმრთელობის მრავალი ისეთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, რომელთაგან ყველაზე ყურადსაღები დეპრესიაა. სწორედ ქრონიკული დეპრესიის მქონე ადამიანების და, ასევე, სუიციდის მსხვერპლთა ქსოვილებსა და სისხლში აღინიშნება დიდი რაოდენობით კორტიზოლი, გლუკოკორტიკოიდები და სტრესისთვის დამახასიათებელი სხვა ნივთიერებები.
დეპრესიის მრავალი ფიზიკური სიმპტომი, პოტენციურად, სწორედ სტრესის ჰორმონთა მუდმივი თავდასხმის შედეგს წარმოადგენს. წონის მატება, ჰიპერტენზია, იმუნური სისტემის დაქვეითება და გულის პრობლემები — ყოველივე ეს სხეულში სტრესის ნივთიერებების უწყვეტი მოქმედების შედეგი შეიძლება იყოს. მაგალითად, ეს ნივთიერებები და ჰორმონები, როგორც ჩანს, ძლიერად მოქმედებენ ნეირონებზე, რაც აისახებ ტვინის ფუნქციონირებაზე. კონკრეტულად კი ისინი, სავარაუდოდ, ჰიპოკამპუსსა და შუბლისწინა ქერქს მეხსიერების, ფიქრისა და ფოკუსირების გასაააქტიურებლად ასტიმულირებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სტრესულ სიტუაციაში გჭირდება ჭკუის მოკრება და მომხდარის დამახსოვრება, რათა მისი განმეორების შემთხვევაში უკეთ მომზადებული იყო.
სამწუხაროდ, ეს მექანიზმი პრობლემატურია; ნეირონებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სიგნალებთან გამკლავება შეუძლიათ, დიდი რაოდენობა კი იწვევს ექსაიტოტოქსიზმს — ფენომენს, რომლის დროსაც გადაჭარბებული აქტივობა ასუსტებს და აზიანებს ნეირონს. კომპლექსური ბიოქიმიური პროცესები ნეირონებისგან მძლავრ ჩართულობას მოითხოვს. თუ მათ ძლიერი დატვირთვის მერე განტვირთვისთვის დროს მივცემთ, არაფერი დაუშავდებათ, მაგრამ თუ მათზე ზეწოლას განვაგრძობთ, მაშინ ზიანიც გარდაუვალია.
როდესაც HPA ღერძი სტრესის ნივთიერებებს დიდი რაოდენობით და სწრაფად გამოყოფს, ტვინის უბანთა სტიმულაციაც ძლიერდება, რაც ნეირონებს ღლის და აზიანებს. შედეგად ისინი მოქნილობას კარგავენ. მეცნიერთა ნაწილის აზრით კი, ნეიროპლასტიურობის დაკარგვა დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ჩვენ გვსტრესავს მოლოდინების ვერ გამართლების შიში; ისეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რომელთან გამკლავებაც ჩვენს ძალებს აღემატება; სოციალური სტატუსის, ეკონომიკური სტაბილურობის, დაცულობის, ვიღაცის ან რაღაც მნიშვნელოვნის დაკარგავა. მაგრამ ჩვენი ყველა მოლოდინი, სტანდარტი, უნარი, გაგება და ნორმები დაშენებულია გონებრივ მოდელზე, რომელიც გვკარნახობს, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო. ამ მოდელს ქმნის ჩვენი ტვინი და ის ჩვენივე მოგონებებს, გამოცდილებებსა და რწმენებს ეფუძნება.
სტრესი სუბიექტურია. ის ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც ნეგატიური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაზე დრამატულად ზემოქმედებენ. ასეთ დროს ის, რომ ჩვენი ცხოვრება მეტწილად დადებითი მოვლენებისგან შედგება ან რომ სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, არარელევანტურად გვეჩვენება. ამიტომაც კითხვა — "შენ რა გაქვს დასასტრესი?" — აზრს მოკლებულია. ჩვენი ტვინის მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე, თუკი რამე არ მოგვწონს ან არ გვინდა, რომ რაღაც მოხდეს, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ სტრესს.
სუნთქვით ვარჯიშებს ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დახმარება. ახალ და დღეისთვის უკვე ფართოდ გამოყენებულ თერაპიას, რომელიც მნიშვნელოვნად ჰგავს სუნთქვით სავარჯიშოებს, ბიოფიდბექი, ზოგ შემთხვევაში კი ნეიროფიდბექი ეწოდება. თერაპიის დროს დასტრესილი ადამიანი მიერთებულია მონიტორებს, რომლებზეც გამოსახულია პაციენტის ისეთი ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, როგორებიცაა გულისცემა, კუნთების დაჭიმულობა, კანის გამტარობა და ნეიროფიდბექის დროს ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო-იმპულსები. ეს ფსიქოლოგიური მოქმედებები ჩნდება ქვეცნობიერის დონეზე და ჩვენ მათ არსებობას ვერ ვიაზრებთ. ბიო/ნეიროფიდფექები კი შესაძლებლობას გვაძლევს, მათზე ვფოკუსირდეთ და გაცნობიერებული ძალისხმევით ვცადოთ მათი კონტროლი.
ეს მეთოდი, სავარაუდოდ, იმიტომ მუშაობს, რომ გაურკვევლობას ამცირებს. იმის არცოდნა, თუ რა ხდება ან რა მოხდება, ჩვენ ხშირად უფრო მეტად გვსტრესავს, ვიდრე იმის დანამდვილებით ცოდნა, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი; ის უკეთესად რეაგირებს ცოდნაზე, ვიდრე — არცოდნაზე. იმის გაცნობიერება კი, თუ როგორ ვსუნთაქვთ ან როგორ სცემს ჩვენი გული, ჩვენი სხეულის მუშაობაზე ისეთი ცოდნით გვამარაგებს, რომელიც აქამდე არ გვქონია.
კარდიფის სტრესთან გასამკლავებელ კურსზე მცირე ნაბიჯებსა და მუდმივ პროგრესს ექცევა ყურადღება. მსგავსი მიდგომა გვეხმარება სტრესის იმგვარი ჩაკეტილი წრის გარღვევაში, რომელიც ამ მდგომარეობას ქრონიკულსა და გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებელს ხდის. მაგალითად ავიღოთ რომანტიკული ურთიერთობების დასრულება: ეს იწვევს სტრესს, რომლის დროსაც ცუდ ხასიათზე ხარ და მოტივაცია გიქრება. ეს მდგომარეობა, თავის მხრივ, იზრდება სოციალიზაციის ნაკლებობაში, შორდები მეგობრებს და უფრო მეტად უბედური და დასტრესილი ხდები. ამის გამო შენ მეტს სვამ, რათა თავი ცოტა ხნით მაინც იგრძნო უკეთესად. შედეგად თავს არაჯანსაღად და ინერტულად გრძნობ, ეს ყოველივე კი აისახება შენს სამსახურზე. კარიერა საფრთხეშია, ჯანმრთელობა დასუსტებული. ამის გამო სტრესი გიძლიერდება. სვამ უფრო ბევრს. და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ამ მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. მაგრამ სესიის დასაწყისში კურსის მონაწილეებს ურიგებენ ინსტრუქციას ბაზისური და ზედმიწევნითი მითითებებით, რომელთა კეთილსინდისიერად შესრულება მათ სტრესთან გამკლავებაში დაეხმარებათ. მასში მხოლოდ 10 სიტყვა წერია: "პირისპირ შეხვდი შენს შიშებს. იყავი აქტიური. ყურადღება მიაქციე, რას სვამ". თითქოს ზედმეტად მარტივი ფრაზებია, თუმცა ეს რჩევები სტრესისა და ფსიქიკური პრობლემების შესახებ დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას ემყარება.
შიშებთან პირისპირ შეხვედრა სათქმელად კი მარტივია, მაგრამ გასაკეთებლად — არც ისე. ამის მიუხედავად, ეს ეფექტიანი მიდგომაა. როდესაც ვუპირისპირდებით იმას, რაც გვაშინებს, ეს, შეიძლება, უსიამოვნო კი იყოს, მაგრამ ამ დროს ჩვენ შიშს ხელშესახებს ვხდით. ჩვენი ტვინის ფუნქციონირებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, შიშებისთვის თვალის გასწორება პირდაპირპროპორციულად იწვევს სტრესის შემცირებას.
ფიზიკური აქტივობაც მრავალმხრივ ხელშემწყობი შეიძლება იყოს. ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარდა, ის კონტროლის შეგრძნების შენარჩუნებაშიც გვიწყობს ხელს. ზოგ ადამიანს სტრესთან გამკლავებაში ძაღლის აყვანა ეხმარება, რადგან მას ყოველთვის გასეირნება სჭირდება და პატრონიც ძალაუნებურად აქტიურიცაა და სარგებლის მომტანიც.
ბოლო რჩევა კი, — "ყურადღება მიაქციე, რას სვამ", — ეხება არამარტო ალკოჰოლს, რომელიც მცირეხნიანი ეიფორიის ეფექტის მომხდენია, არამედ იმ სასმელებსაც, რომლებიც გრძელვადიანი დეპრესიისა და შფოთვის გამომწვევები არიან. ამ მხრივ კოფეინიც საფრთხილო პროდუქტია, რადგან ის ტვინის ისედაც გააქტიურებულ რეგიონებს მეტად ასტიმულირებს და რევს ძილის რეჟიმს, რასაც, თავის მხრივ, სტრესის გამწვავება-გახანგრძლივება შეუძლია.
ათი სიტყვა; სამი მარტივი ინსტრუქცია — მაგრამ მათ თუ საკმარისი დროის განმავლობაში მიჰყვები, აუცილებლად შეამჩნევ ცვლილებებს.
კომენტარები